U20. ძალოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დღე ურეკორდოდ

AutoSharing Option
თბილისის ტანვარჯიშის სასახლეში, ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქომაგები ყოველდღიურ რეკორდებს მიეჩვივნენ, 29 ივნისს გამართულმა ორთაბრძოლებმა კი მათ იმედები გაუცრუა.

არადა, 63 კილოგრამ წონითი კატეგორიის გოგონათა პაექრობაში ახლოს იყო მიზანთან 20 წლის კორეელი უნ სიმ რი. იგი თავიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა. აკვრა მან 130 კილოგრამით დაიწყო. ეს წონა დაიმორჩილა თუ არა, ჩემპიონობაც გაინაღდა.

გულშემატკივრებს ეგონათ, რომ იგი მსოფლიოს რეკორდს (136 კგ) შეუტევდა, მაგრამ რი მხოლოდ 135 კილოგრამით დაკმაყოფილდა. მანამდე 105 კილოგრამი აიტაცა და ორჭიდში 240 კილოთი პირველი ადგილი დაიკავა, თან ვერცხლისმედალოსან ანა
ლილია დურან აიონს 24 კილოგრამით აჯობა.

ამ წონაში ჩვენი ძალოსანი მარიამ სარიევი 117 (52+65) კილოთი მე-15 ადგილს დასჯერდა.

ვაჟებში ჩემპიონობისთვის ჩინელი ლიუ და იტალიელი პიძოლატო იბრძოდნენ. აზიელმა აპენინელს ატაცში საგრძნობლად აჯობა. მართალია, იტალიელმა ლიუზე კილოგრამით მეტი (201) აკრა და ამ მოძრაობაში ოქროს მედალი დაიმსახურა, მაგრამ ორჭიდში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურს ვერ უწია.

ქართველი რევაზ დავითაძე 335 კილოთი მე-6 ადგილს დასჯერდა.

კვარცხლბეკი
ვაჟები (85)
1. იავენ ლიუ (ჩინეთი) 365 (165+200)
2. ანტონიო პიძოლატო (იტალია) 360 (159+201)
3. იბრაჰიმ ფარეს ელბახი (ყატარი) 346 (150+196)
6. რევაზ დავითაძე (საქართველო) 335 (151+184)

გოგონები (63 კგ)
1. უნ სიმ რი (ჩრდ. კორეა) 240 (105+135)
2. ანა ლილია დურან აიონი (მექსიკა) 216 (94+122)
3. კიანა როუზ ელიოტი (ავსტრალია) 204 (95+109)
15. მარიამ სარიევი (საქართველო) 117 (52+65)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული