ქართული კვარტეტი ანტალიაში

AutoSharing Option
თურქულ ანტალიაში 9 აპრილს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ავთანდილ გახოკიძისა და ალეკო ნოზაძის ხელმძღვანელობით ოთხი ქართველი სპორტსმენიც მოსინჯავს ძალებს.

ფიცარნაგზე გამოვლენ დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი, 77 კგ), რაულ ცირეკიძე (ქუთაისი, 85), ალუდა მანაგაძე (ქუთაისი, 105) და ირაკლი თურმანიძე (აჭარა, +105).

ისინი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით ნაკრებთან ერთად ემზადებოდნენ ამ შეჯიბრებისთვის. ხარატაშვილი კონტინენტის პირველობის დებიუტანტია, საკონტროლო შეჯიბრებებზე ორჭიდში 316 კილოგრამი (141+175) აქვს
დაძლეული.

ანტალიაში მისი გამეორება პირველ ათეულში მოხვედრის შანსს ნაკლებად იძლევა. სამაგიეროდ, ცირეკიძე და თურმანიძე არიან კარგად მომზადებულნი და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაც შეუძლიათ. ცირეკიძის პირადი რეკორდია ორჭიდში 370 კილო, ხოლო თურმანიძემ საკუთარი მაჩვენებელი 425 კილომდე გაზარდა.

რაც შეეხება მანაგაძეს, ბოლო ტურნირზე მან 390 კილო დაძლია. ეს კი, შესაძლოა, პირველი ათეულის შედეგი აღმოჩნდეს. ხარატაშვილი ფიცარნაგზე 12 აპრილს გავა; ცამეტ-თხუთმეტში კი, შესაბამისად, ცირეკიძე, მანაგაძე და თურმანიძე მოსინჯავენ ძალებს.

ანტალიაში 8 აპრილს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესი დაიწყება. მის მუშაობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული