ახალგაზრდა ძალოსნები ჩაქვში საწვრთნელო შეკრებას გადიან

AutoSharing Option
წლეულს, 5-13 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ამ შეჯიბრებისთვის ქართველი ათლეტები მთავარი მწვრთნელის ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით კარგა ხანია, მონდომებით ემზადებიან.

ამჟამად ჩაქვში გადიან საწვრთნელ შეკრებას. ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად იმაღლებენ ოსტატობას ახალგაზრდებიც, რომლებიც 10 სექტემბრიდან ბუქარესტში 20 და 23-წლამდელთა ევროპის პირველობებში მოსინჯავენ ძალებს.

გუშინ ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ გვაცნობა, რომ 20-წლამდელთა შეჯიბრებაში ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს ცნობილი საჩხერელი ვეტერანი ძალოსნის კობა ტალახაძის ვაჟი ლაშა ტალახაძე. ამ ნიჭიერმა ყმაწვილმა შარშან ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე ოქროს სამი
მედალი მოიპოვა (ატაცში, აკვრასა და ორჭიდში). იგი ახალგაზრდებში, როგორც აღვნიშნეთ პირველობის რეალური ფავორიტია.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კვირიდან კვირამდე აუმჯობესებს საკუთარ მიღწევებს. ორი თვის წინათ საქართველოს ლიგის პირველობაზე 180 კილოგრამი აიტაცა და 215 კილოგრამი აკრა. თუმცა, ამ მცირე დროის განმავლობაში ცოტათი კიდევ წინ წაიწია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება. არ არის გამორიცხული, მწვრთნელებმა იგი მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანონ საფრანგეთში.

რუმინეთის დედაქალაქში 20-წლიანთა პირველობაზე მოსინჯავს ძალებს ჭაბუკებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონი გიორგი ლომთაძე (ქუთაისი, 69 კგ), რომელმაც შარშან იუნიორებში მცირე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ატაცში.

საქართველოს ლიგაზე გიორგიმ ორჭიდში 304 კილოგრამი (136+168) მოაგროვა. ამ შედეგით იგი ევროპის პირველობაზე პრიზიორთა შორის მოიაზრება. ძირითად კონკურენტებად ალბანელი და რუმინელი ძალოსნები ეყოლება. ალბათ, ათეულში მოსახვედრად იბრძოლებს ქუთაისელი ზურიკო თავაძე (77 კგ). ორჭიდში მისი საუკეთესო შედეგია 300 კგ (135+165).

23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ქართველებს ერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ზუგდიდელი დავით გოგია (105 კგ). შარშან ოცწლიანთა კონტინენტის პირველობაზე 163 კილოგრამი აიტაცა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, აკვრაში 205-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში IV ადგილი დაიკავა - პოლონელ სპორტსმენთან დიდი ბრინჯაო მხოლოდ პირადი წონით დათმო.

საქართველოს ლიგის პირველობით თუ ვიმსჯელებთ, ატაცში მისი პირადი რეკორდი 173 კილოგრამი, აკვრაში - 207 კილოგრამი. როგორც რამაზ გურგენიძემ გვითხრა, გოგია რუმინეთში საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს, საპრიზო სამეულში მოხვედრის რეალური შანსი ექნება. რუმინეთში ქართველ ძალოსნებს ალეკო ნოზაძე და მალხაზ ლომთაძე დამოძღვრავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული