მსოფლიოს ჩემპიონატი: ამერიკა ყველაზე კარგად ცურავს

AutoSharing Option
ყაზანში დასრულდა ცურვაში მსოფლიოს მე-16 ჩემპიონატი. ბოლო დღეს მედლების რვა კომპლექტი თამაშდებოდა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო 50 მეტრზე ბრასში შვედი იენი იოჰანსონის გამარჯვება.

სანამ ამ ფინალის ფავორიტები - რუსი იულია ეფიმოვა და რუტა მელიუტიტე ერთმანეთს აკონტროლებდნენ, სკანდინავიელი შესანიშნავი საფინიშო სპურტით პირველი მივიდა ფინიშთან და მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი მედალი მოიპოვა. რუსმა და ლიტველმა ვერც ვერცხლი აიღეს, რადგან იამაიკელი ალია ატკინსონიც გამოეპარათ.

* * *
1500 მეტრზე კაცებს შორის ფავორიტი ჩინელი სუნ იანი იყო, მაგრამ ის ფინალში არ გამოვიდა. მიზეზად ტრავმა დასახელდა,
თუმცა საფინალო გაცურვას წინ უძღოდა სკანდალი:

იანს კონფლიქტი მოუვიდა ერთ-ერთ ბრაზილიელ ქალ მოცურავესთან და თურმე, ჩინელმა მისი ცემაც კი განიზრახა. ასეა თუ ისე, ფავორიტი ფინალში ვერ ვიხილეთ და ოქროსთვის ბრძოლა იტალიელ გრეგორიო პალტრინიერისა და ამერიკელ კონორ ჯაგერს შორის გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფინიშამდე 300 მეტრით ადრე, ჯაგერი ლიდერობდა, ფინიში უკეთ იტალიელს გამოუვიდა. 20 წლის პალტრინიერიმ ევროპის ახალი რეკორდით გაიმარჯვა - 14.39,67. სხვათა შორის, აპენინელმა ასევე ევროპის რეკორდი დაამყარა 800 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში, მაგრამ ჩამორჩა სუნ იანს.

* * *
ქალებს შორის 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში, 26 წლის კატინკა ჰოშუმ მეორე ოქრო მოიგო ამ ჩემპიონატზე, სულ კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი გახდა. ჰოშუმ ყაზანში 200 მეტრზე კომპლექსურში მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა, აგრეთვე 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში დაისაკუთრა ბრინჯაო. და კიდევ, უნგრელი პირველი ქალი მოცურავეა ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ ჩემპიონატზე მოიგო ორ-ორი ოქრო 200 და 400 მეტრზე კომპლექსურში.

* * *
სამი ოქროთი ტოვებს რუსეთს ავსტრალიელი ბრონტე კემპბელი. ადრე მან მოიგო 4x100 მეტრზე თავისუფალი სტილით ესტაფეტა და 100 მეტრი თავისუფალი სტილი. ბოლო დღეს კი 50 მეტრზე თავისუფალში აჯობა ყველას. კემპბელი მეხუთე ქალია ისტორიაში, ვინც ერთ ჩემპიონატზე 50 და 100 მეტრი დისტანციები მოიგო. მანამდე ეს შეძლეს: ლე იინმა (ჩინეთი, 1994), ინგე დე ბრუინმა (ჰოლანდია, (2001), ლისბი ტრიკეტმა (ავსტრალია, 2007) და ბრიტა შტეფენმა (გერმანია, 2009).

* * *
ჩემპიონატის საუკეთესო მოცურავეებად აღიარეს ჩინელი სუნ იანი და ამერიკელი კეტი ლედეცკი. აზიელმა ყაზანში ორი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა, ლედეცკის ანგარიშზე კი ხუთი ოქრო და მსოფლიოს ორი რეკორდი მოდის.

მედლების საერთო ჩათვლაში ამერიკის ნაკრებმა გაიმარჯვა - 8 ოქრო, 10 ვერცხლი და 5 ბრინჯაო. სხვათა შორის, ჯამში 23 მედალი მეორე ყველაზე უარესი შედეგია ამ გუნდისთვის 1998 წლის შემდეგ. აშშ-ის ნაკრებს უფრო ნაკლები მედალი (22) 2009 წელს რომში ჰქონდა.

კაცები
50 მ. გულაღმა. 1. კამილ ლაკური (საფ) - 24,23; 2. მეტ გრევერსი (აშშ) - 24,61; 3. ბენ ტრეფერსი (ავსტრა) - 24,69...
400 მ. კომპლექსური. 1. დაია სეტო (იაპ) - 4:08,50; 2. დავიდ ვერაჟტო (უნგ) - 4:09,90; 3. ჩეიზ კალიჩი (აშშ) - 4:10,05...
1500 მ. თავისუფალი. 1. გრეგორიო პალტრინიერი (იტა) - 14:39,67; 2. კონორ ჯაგერი (აშშ) - 14:41,20; 3. რაიან კოჰრეინი (კან) - 14:51,08...
4x100 მ. კომბინირებული. 1. აშშ - 3:29,93; 2. ავსტრალია - 3:30,08; 3. საფრანგეთი - 3:30,50...

ქალები
50 მ. თავისუფალი. 1. ბრონტე კემპბელი (ავსტრა) - 24,12; 2. რანომი კრომოვიჯოჯო (ჰოლ) - 24,22; 3. სარა სიოსტრიომი (შვედ) - 24,31...
50 მ. ბრასი. 1. იენი იოჰანსონი (შვედ) - 30,05; 2. ალია ატკინსონი (იამ) - 30,11; 3. იულია ეფიმოვა (რუს) - 30,13...
400 მ. კომპლექსური. 1. კატინკა ჰოსუ (უნგ) - 4:30,39; 2. მაია დი რადო (აშშ) - 4:31,71; 3. ემილი ოვერჰოლტი (კან) - 4:31,52...
4x100 მ. კომბინირებული. 1. ჩინეთი - 3:54,41; 2. შვედეთი - 3:55,24; 3. ავსტრალია - 3:55,56...

მედლების ჩათვლა
ო ვ ბ ს
1. აშშ 8 10 5 23
2. ავსტრალია 7 3 6 16
3. ჩინეთი 5 1 7 13
4. ბრიტანეთი 5 1 3 9
5. საფრანგეთი 4 1 1 6
6. უნგრეთი 3 2 4 9
7. შვედეთი 3 2 1 6
8. იაპონია 3 1 0 4
9. იტალია 1 3 1 5
10. ს. აფრიკა 1 3 0 4

მსოფლიოს რეკორდები
სარა სოსტრიომი (შვედ) - ქალები. 100 მ. ბატერფლაი - 55.64
კეტი ლედეცკი (აშშ) - ქალები. 1500 მ. თავისუფალი - 15:25.48
კეტი ლედეცკი (აშშ) - ქალები. 800 მ. თავისუფალი - 8:07.39
კატინკა ჰოშუ (უნგ) - ქალები. 200 მ. კომპლექსური - 2:06.12
ადამ პიტი (ბრიტ) - კაცები. 50 მ. ბრასი - 26.42
აშშ - შერეული 4x100 მ. თავისუფალი - 3:23.05
ბრიტანეთი - შერეული 4x100 მ. კომპლექსური - 3:41.71

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული