როჯერ ფედერერის პირველი მოგება ივლისის შემდეგ

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა აღიარა, რომ კიდევ ორი-სამი წელი აპირებს თამაშს.

"როცა ჟურნალისტები მეკითხებიან, მხოლოდ მაშინ ვიწყებ ამ თემაზე ფიქრს. არ მგონია, რომ ეს იყოს ჩემი ბოლო მგზავრობა ავსტრალიაში. რამდენიმე თვე გამოვტოვე, ივლისის შემდეგ კორტზე არ გავსულვარ და ახლა, დაგეგმილი მაქვს კიდევ ორი-სამი წელი თამაში. ვფიქრობ შორეულ პერსპექტივაზე", - განაცხადა ფედერერმა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ფედერერმა გუშინ ჩაატარა პირველი შეხვედრა. ლეგენდა ჰოპმანის თასზე თამაშობს შვეიცარიის ნაკრების რიგებში. ეს გუნდი პირველ ტურში ბრიტანეთს შეხვდა და ფედერერმა ორ სეტში მოუგო
დანიელ ევანსს - 6:3, 6:4. როჯერმა თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა, მის მეტოქეს კი მხოლოდ პირველ სეტში ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

შვეიცარიამ მთლიანად მატჩი 3:0 მოიგო: ბელინდა ბენჩიჩმა სამ სეტში სძლია ჰიზერ უოტსონს - 7:5, 3:6, 6:2, ხოლო წყვილების შეხვედრაში ფედერერმა და ბენჩიჩმა 4:0, 4:1 მოუგო ევანსისა და უოტსონის დუეტს.

ნოვაკისთვის 1:5 პრობლემა არ არის
ასევე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა გუშინ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. ის დოჰას ტურნირში ჩაება და პირველი ბარიერი საკმაოდ რთულად გაიარა.

ნოვაკის მეტოქე იყო გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი, რომელსაც, თითქოს, ვერ უნდა გაეწია დიდი წინააღმდეგობა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანისთვის, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჯოკოვიჩი ისევ არ არის მზად 100 პროცენტით.

სერბისთვის შტრუფთან შეხვედრა კატასტროფულად დაიწყო - გერმანელმა პირველ და მესამე გეიმებში ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა და 4:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ჩოგბურთელებმა გეიმები გაცვალეს და ანგარიში 5:1 გახდა. შტრუფს ორჯერ ჰქონდა სეტზე ჩაწოდების საშუალება, მაგრამ ერთ სეტბოლამდეც ვერ მივიდა, ზედიზედ ხუთი გეიმი წააგო და მხოლოდ ის მოახერხა, რომ პარტია ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, თუმცა, იქ ჯოკოვიჩი 5:0 დაწინაურდა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტში ჯოკოვიჩმა თავიდანვე შეასრულა ბრეიკი, რის შემდეგაც, საკუთარ გეიმში სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და ამის შემდეგ, პრობლემა აღარ შექმნია. სერბმა მეცხრე გეიმში მეორე ბრეიკიც აიღო და ზუსტად საათნახევარში მოიგო - 7:6(1), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული