ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ

AutoSharing Option
ტაშკენტში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის 16 წარმომადგენელი ჩაება, მათ შორის - თბილისელი სოფიო შაფათავა.

ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა (რეიტინგით 206-ე) სტარტზე რებეკა სრამკოვას (სლოვაკეთი, 127-ე) აჯობა - 6:1, 7:6, მაგრამ მეორე წრეში ჩეხ ტერეზა მარტინცოვას (172-ე) ვერ გაუმკლავდა - 4:6, 5:7.

მარცხის მიუხედავად, შაფათავა მაინც მოხვდა ძირითად ბადეში იღბლიანი წაგებულის სტატუსით. საქმე ის არის, რომ რეიტინგით 45-ე ადგილზე მყოფმა იუჰანა ლარსონმა (შვედეთი), რომელიც ტაშკენტის ტურნირის რეიტინგფავორიტი იყო, ავადმყოფობის გამო შეჯიბრებაში
მონაწილეობაზე უარი თქვა. მის ადგილას თურქმა ჩაგლა ბუიუკაკჩაიმ (69-ე) გადაინაცვლა. გამოთავისუფლებული ადგილი კი შაფათავას ერგო და დღეს სტარტზე სწორედ თურქთან გაარკვევს ურთიერთობას.

* * *
ჩინური ვუჰანის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2.589.000 დოლარი) წყვილთა პაექრობაში ჩაებმება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელმავ წყვილთა რეიტინგში 49-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ესპანელ ლარა არუაბარენასთან (ესპანეთი, 61-ე) ერთად იგი სტარტზე შვეიცარიელ ტიმეა ბაჩინსკისა (ურეიტინგო) და სვეტლანა კუზნეცოვას (რუსეთი, 58-ე) შეხვდება.

წარმატების შემთხვევაში, რაც არ უნდა გაუჭირდეს, მეორე წრეში მე-6 ნომრად განთესილ ტიმეა ბაბოშისა (უნგრეთი, მე-13) და იაროსლავა შვედოვას (ყაზახეთი, მე-10) დუეტს გაუწევს მეტოქეობას. ბაბოშმა და შვედოვამ გუშინ მარია ირიგოენსა (არგენტინა, 48-ე) და ტატიანა მარიას (გერმანია, 62-ე) მოუგეს - 7:5, 6:3.

* * *
ჩინეთში იმყოფება საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი. დღეს იგი შენჟენის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 704.140 დოლარი) ჩაებმება.

რეიტინგში 103-ე ადგილზე მყოფი ჩვენებური გზიდან 27 წლის ფრანგი ბენუა პერის (38-ე) ჩამოშორებას შეეცდება.

* * *
გიორგი ცივაძე ჩიმკენტის (ყაზახეთი) 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს. ერთეულებში სტარტზევე დამარცხდა ბელარუს მაქსიმ ტუბართან - 4:6, 3:6, ხოლო წყვილებში დიმიტარ კუზმანოვთან (ბულგარეთი) ერთად რუსების - ვიქტორ ბალუდას და ალექსანდრ პავლიუჩენკოვის დუეტთან წააგო - 6:3, 5:7, 7:10 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *
წარუმატებლად ითამაშა კიევის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გიორგი ჯავახიშვილმა: მასპინძელ რომან ბოიჩუკისთან პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორეს 2:4-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

აქვე ქალთა და ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციების მიერ განახლებულ რეიტინგებში ქართველთა მაჩვენებლებს გაგაცნობთ:

ქალები
ერთეულები. 206 (235). სოფიო შაფათავა (255), 271 (261). ეკატერინე გორგოძე (175), 465 (464). მარიამ ბოლქვაძე (68), 482 (496). სოფიო ქვაცაბაია (64), 779 (1084). ოქსანა კალაშნიკოვა (19), 1071 (1040). ანა შანიძე (7).

წყვილები.
49 (50). კალაშნიკოვა (1550), 161 (159). შაფათავა (434), 229 (226). გორგოძე (270), 363 (360). ქვაცაბაია (141), 586 (580). ბოლქვაძე (62), 708 (713). თათია მიქაძე (37), 1119 (1081). შანიძე (10), 1257 (1261). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები. 103 (106). ნიკოლოზ ბასილაშვილი (590), 337 (306). ალექსანდრე მეტრეველი (139), 852 (857). გიორგი ცივაძე (20), 1753 (1748). ალექსანდრე ბაკში (1), 1753 (1748). შოთა მეფარიძე (1), 2051 (1633). გიორგი ჯავახიშვილი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული