სერენა უილიამსი კინაღამ ჩამოაგდეს

AutoSharing Option
ოლიმპიადა დასრულებული არ იყო, რომ ჩოგბურთელები თავიანთ ყოველდღიურ სამუშაოს დაუბრუნდნენ. მათ ცინცინატიში ელოდათ "მასტერსი" (კაცებს) და "პრემიერ-5" (ქალებს).

თუმცა ურთულესი ოლიმპიური ბატალიების შემდეგ, ბევრმა ვერ შეძლო ცინცინატიში სათამაშოდ ძალების გამონახვა. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხუან მარტინ დელ პოტრო, სერენა უილიამსი...

დიდ ინტერესს იწვევდა ქალთა ტურნირი. საქმე ისაა, რომ ცინცინატიში შეიძლებოდა მომდარიყო უმიშვნელოვანესი მოვლენა - რეიტინგის პირველი საფეხურიდან სერენა უილიამსის ჩამოგდება. ეს შანსი ანჟელიკ კერბერს გაუჩნდა, თუმცა, გერმანელს ამისთვის ტურნირის მოგება სჭირდებოდა.

კერბერმა ძალიან კ
არგად დაიწყო ტურნირი. მეოთხედფინალამდე ერთი სეტიც არ წაუგია, შემდეგ პირველი პარტია დათმო კარლა სუარეს-ნავაროს წინააღმდეგ, მაგრამ მეორე და მესამე პარტიებში გაანადგურა ესპანელი. ნახევარფინალში გერმანელს ყველაზე რთული მეტოქე ელოდა - რუმინელი სიმონა ჰალეპი, რომელმაც ოლიმპიადა გამოტოვა და ცინცინატის ტურნირს დასვენებული შეხვდა. თან კერბერს ჰარდზე არასოდეს ჰყავდა დამარცხებული რუმინელი, საერთო ანგარიშით კი ჰალეპი 4:2-ს იგებდა.

პირველი სეტის შუიდან მოყოლებული, კერბერმა ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. მართალია, ბოლოს ჰალეპმა შეძლო სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ ანჟელიკმა მიჯრით ორი გეიმი აიღო და მატჩიც მოიგო - 6:3, 6:4. ასე რომ, კერბერს ერთი მატჩის მოგება რჩებოდა რეიტინგში პირველ ადგილამდე.

გერმანელს ფინალში კაროლინა პლიშკოვა ელოდა, რომელმაც გარბინ მუგურუსას განადგურებით (6:1, 6:3) გააღწია გადამწყვეტ მატჩში.

კერბერმა და პლიშკოვამ შარშან ორი "პრემიერის" ფინალში (ბირმინგემი და სტენფორდი) ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და ორივეჯერ რთულ ბრძოლაში გერმანელმა მოიგო. მაგრამ, ამჯერად, კერბერი ფიზიკურად არ აღმოჩნდა მზად ფინალისთვის.

ამან კი ის გამოიწვია, რომ საკმაოდ ხანმოკლე მატჩში ანჟელიკმა 32 შეცდომა დაუშვა. პლიშკოვა კი ძალიან მძლავრად გამოიყურებოდა, რაც არ იყო გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ ჩეხმა ოლიმპიადა გამოტოვა. ამის წყალობით, კაროლინამ კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

კერბერის მარცხი კი იმას ნიშნავს, რომ სერენა უილიამსი გაუთანაბრდება შტეფი გრაფს რეიტინგში ზედიზედ ლიდერობის მიხედვით - 186 კვირა, ხოლო იმისთვის, რომ ეს რეკორდი დაამხოს, ამერიკელმა აშშ-ის ღიას დასრულების შემდეგ უნდა შეინარჩუნოს პირველი ადგილი. ეს კი რთული იქნება, რადგან სერენას აშშ-ის ღია პირველობაზე 780 ქულა აქვს დასაცავი, კერბერს - მხოლოდ 130.

1/4 ფინალი
კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 15)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 7) 6:3, 4:6, 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-კარლუ სუარეს-ნავარო (ესპ, 9) 4:6, 6:3, 6:0; გარბინ მუგურუსა (ესპ, 4)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:4, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5) 7:5, 6:1.

1/4 ფინალი
კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 15)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 4) 6:1, 6:3; ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 3) 6:3, 6:4.

ფინალი
კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 15)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 2) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული