დევისის თასი: საქართველოს ნაკრების ფიასკო დანიასთან

AutoSharing Option
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სამ დღეს გრძელდებოდა დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველოსა და დანიის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდების შეხვედრა.

ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდნენ, მაგრამ პირველივე ორთაბრძოლამ პროგნოზები თავდაყირა დააყენა: მსოფლიოს კლასიფიკაციაში 118-ე ადგილზე მყოფმა 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა დანიელთა 19 წლის ურეიტინგო კრისტიან სიგსგაარდს პირველი ხელი რის ვაი-ვაგლახით მოუგო ტაიბრეიქში - 7:6, მომდევნო სამი სეტი კი კორტის ბატონ-პატრონი დანიელი ჩოგბურთელი იყო. მან ზედიზედ სძლია ბასილაშვილს - 6:1, 6:4, 6:4 და სტუმრები დააწინაურა.

შემდეგ კორტზე გიორგი ცივაძე (857-ე) და
ფრედერიკ ნილსენი (431-ე) გავიდნენ. იმის გარდა, რომ დანიელი ქართველ ჩოგბურთელს რეიტინგში 426 საფეხურით უსწრებს, ნილსენი წყვილებში 2012 წლის უიმბლდონის ჩემპიონია. გამოცდილ მეტოქეს ცივაძემ მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა ტაიბრეიკში მაინც დამარცხდა - 6:7 (3:7), მომდევნო ორი ხელი კი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო - 0:6, 1:6.

მართალია, პირველი დღის შემდეგ სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებს წარმატების იმედის ნაპერწკალი მაინც რჩებოდათ, მაგრამ სტუმრებმა წყვილთა პაექრობისას ცივი შხაპი გადაგვავლეს: ფრედერიკ ნილსენმა და ტომას კრომანმა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და გიორგი ცივაძეს 3:0 სძლიეს (7:6 (7:0), 6:1, 6:2), რითაც შარშან ზედა ეშელონიდან დაქვეითებული დანია პირველ ჯგუფში აღსაზევებელი ორი საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს, საქართველოს ნაკრებმა კი მეორე ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა იზრუნოს.

15-17 ივლისს თბილისი ზიმბაბვეს ნაკრებს უმასპინძლებს. ეს უკანასკნელი ფინეთთან დამარცხდა.

6 მარტს ორი ორთაბრძოლა გაიმართა. გიორგი ჯავახიშვილმა (1105-ე) პირველი ხელი ბენჯამინ ჰანესტადთან (1452-ე) 1:6 დათმო; მეორეს 0:3-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

ბოლო პაექრობაში კრისტიან სისგაარდმა ირაკლი მეტრეველს (2085-ე) აჯობა - 6:1, 6:1 და დანიის გუნდმა საქართველოს ნაკრები მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 5:0.

მეორე ზონის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ფინეთი-ზიმბაბვე 4:1, ბელორუსი-ეგვიპტე 3:1, ლატვია-მონაკო 3:2, თურქეთი-ბულგარეთი 3:2, სამხრეთი აფრიკა-ლუქსემბურგი 5:0, ლიტვა-ნორვეგია 3:2, ბოსნია-ტუნისი 3:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული