ენდი მარეი მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდება

AutoSharing Option
გასულ კვირას, ქალთა რეიტინგში ისევ ბევრი გადაადგილება იყო. ჩოგბურთელებს აკლდებოდათ ქულები პეკინის შარშანდელი უმაღლესი კატეგორიის ტურნირისთვის. მაგალითად, 1000 ქულა ჩამოაკლეს მარიას შარაპოვას.

რუსი დარჩა მესამე ადგილზე, მაგრამ მისი ჩამორჩენა სიმონა ჰალეპთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ძალიან ცუდად გამოვიდა აზიაში პეტრა კვიტოვა. 2014 წელს, მან ტიტული მოიგო უჰანში და ფინალში ითამაშა პეკინში, ამჯერად კი ამ ორივე ტურნირზე, ჯამში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. ასე რომ, ამ კვირას, ჩეხმა, შესაძლოა, მეოთხე ადგილი დაკარგოს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, თავისი ყველაზე მსხვილი ტიტული მოიგო ვინუს უილიამსმა. 35
წლის ამერიკელმა 24-დან მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლა, "საჩემპიონო რბოლაში" კი უკვე მე-11 ადგილზეა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ სერენა უილიამსმა სეზონი ნაადრევად დაასრულა, სინგაპურში გამგზავრების საშუალებას მეცხრე ადგილიც იძლევა.

ფეხის ტრავმის გამო, ვინუსთან ფინალის დასრულება ვერ შეძლო გარბინ მუგურუსამ. მიუხედავად ამისა, ფინალში გასვლამ მას საშუალება მისცა კარიერაში პირველად გადასულიყო მეხუთე ადგილზე. პირველი ხუთეულიდან კი ლუსი საფაროვა გამოვარდა, რომელიც, ჯერჯერობით, ბაქტერიული ინფექციის გამო ვერ თამაშობს.

ტოპ-ათეულში სხვა გადაადგილებებიც იყო. ანა ივანოვიჩი ერთი კვირით დაბრუნდა ათეულში, რის შემდეგაც, უცებ მეცხრედან მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა. ასევე TOP10 დატოვა კარლა სუარეს-ნავარომ. მათი ადგილი კაროლინა პლიშკოვამ და ანჟელიკ კერბერმა დაიკავეს. ჩეხი უჰანში მეოთხედფინალამდე მივიდა, გერმანელი - ნახევარფინალამდე.

ორივეს 3220 ქულა აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პლიშკოვა წინ არის. ისინი მხოლოდ ხუთი ქულით ჩამორჩებიან აგნიეშკა რადვანსკას და ცხრა ქულით უსწრებენ კაროლინ ვოზნიაცკის. რეიტინგის ამ ნაწილში კვლავაც დიდი სიმჭიდროვეა.

უჰანში შესანიშნავი კვირა ჰქონდა იოჰანა კონტას. მან ტურნირი კვალიფიკაციიდან დაიწყო და საბოლოოდ, მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ბრძოლაში წააგო ვინუს უილიამსთან. ბრიტანელი პირველად შევიდა TOP50-ში. 66-ე პოზიციიდან, ის 49-მდე ავიდა და ბრიტანეთის პირველი ჩოგანი გახდა.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 285
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 670
3(3). მარია შარაპოვა (რუს) 4 692
4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 851
5(8). გარბინ მუგურუსა (ესპ) 3 691
6(5). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 406
7(6). ფლავია პენეტა (იტა) 3 253
8(7). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 3 225
9(12). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 3 220
10(13). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 220

* * *
მამაკაცებს შორის, როგორც ბოლო პერიოდში ხდება, მნიშვნელოვანი გადაადგილებები ნაკლები იყო. თუმცა ისიც აღსანაშნავია, რომ ATP-ის ტურში მოკრძალებული ტურნირები იმართებოდა, კერძოდ, ATP-250-ის ორი შეჯიბრი ჩატარდა კუალა ლუმპურსა და შენჟენში.

მალაიზიაში, სეზონში თავისი მეოთხე ტიტული მოიგო დავიდ ფერერმა. ესპანელი მერვე ადგილზე იყო "ჩემპიონთა რბოლაში" და გაზარდა თავისი უპირატესობა რიშარ გასკესთან 900 ქულამდე.

გარდა ამისა, ATP-ის კლასიფიკაციაში რაფაელ ნადალს გაუსწრო და მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა. კუალა ლუმპურის ფინალისტი ფელისიანო ლოპესი ორი საფეხურით მაღლა ავიდა და მე-15 ჩოგანია.

ჩინეთში კი გამარჯვება იზეიმა ტომაშ ბერდიხმა, რომელმაც პოზიციები გაიმაგრა მეხუთე ადგილზე. ფინალისტი გილერმო გარსია-ლოპესი 26-ე ადგილზე გადავიდა.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 15 645
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 420
3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 8 640
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 005
5(5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 900
6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 540
7(8). დავიდ ფერერი (ესპ) 3 945
8(7). რაფაელ ნადალი (ესპ) 3 770
9(9). მილოშ რაონიჩი (კან) 2 740
10(10). ჟილ სიმონი (საფ) 2 530

* * *
მიმდინარე კვირას, ქალ ჩოგბურთელებს ქულებს ჩამოაკლებენ International-ის სერიის სამი ტურნირისთვის - ტიანძინი, ოსაკა და ლინცი. შარშან, აქ ტიტულები მოიგეს სამანტა სტოსურმა, კაროლინა პლიშკოვამ და ელისონ რისკემ. პლიშკოვამ უკვე წააგო პეკინში პირველი წრე, ასე რომ, ის გარანტირებულად დატოვებს საუკეთესო ათეულს.

მამაკაცებს შორის უნდა დაიწყოს მნიშვნელოვანი გადაადგილებები. კერძოდ, ჩოგბურთელებს შანხაის შარშანდელი "მასტერსისთვის" გამოექვითებათ ქულები. როჯერ ფედერერი 1000 ქულას დაკარგავს და მეორე ადგილს დაუთმობს ენდი მარეის.

შარშანდელი ფინალისთვის ქულები ჩამოეჭრება ჟილ სიმონს, ამიტომაც, ფრანგი აუცილებლად დატოვებს ტოპ-ათეულს. და მისი პოზიციისთვის იბრძოლებენ კევინ ანდერსონი, რიშარ გასკე და მარინ ჩილიჩი, რომლებიც ამ კვირას ტოკიოში გამოდიან. საერთოდ, ტოკიოსა და პეკინში ATP-ის რეიტინგის TOP20-ის 18 წარმომადგენელი თამაშობს. გამონაკლისები არიან - როჯერ ფედერერი და ენდი მარეი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული