ჩიმკენტის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები წარმატებით ჩაებნენ

AutoSharing Option
5 ოქტომბერს, ყაზახურ ჩიმკენტში ჩოგბურთელთა ერთდროულად ორი საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

ქალთა შეჯიბრებაში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) ორი ქართველი მონაწილეობს. სოფიო ქვაცაბაია მეორე ნომრადაა განთესილი. სტარტზე მან მასპინძელ კამილა ბოლატოვას აჯობა - 6:3, 6:0 და მერვედფინალში გავიდა, სადაც ალინა ზოლოტარიოვას (რუსეთი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში ეკატერინა წიკლაური (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 5:7, 6:2, 6:2.

ტურნირზე ეკატერინე გორგოძეს განთესვით მესამე ნომერი აქვს. გუშინ მანაც ყაზახი ჩოგბურთელი დაამარცხა - დანელ აშიროვა - 6:0, 6:1. მეორე წრეში იულია კიმსა (უზბეკეთი) და პოლინა მერენკოვას
შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ ასპარეზობის პირველ ნომერ მარგარიტა ლაზარევას (რუსეთი) კვალიფიკაციიდან აღზევებულმა ჯულიეტა მარია ჟოზეფინა სტეურმა (გერმანია) მოუგო - 6:4, 6:2.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია რეიტინგფავორიტები არიან. ქართველთა დუეტმა იოლად სძლია რუსებს - ანა იაკოვლევასა და ქსენია შარიფოვას - 6:3, 6:0. მეოთხედფინალში ჩვენებს აშმითა იაშვარამურთი (ინდოეთი) და ადრიანა სოსნოვჩი (მოლდოვა) შეხვდებიან. ამ ინტერნაციონალურმა ტანდემმა ალექსანდრა გრინჩიშინა (ყაზახეთი) და ვიქტორია მუნი (ბელორუსი) დაჯაბნა - 6:3, 6:1.

ჩიმკენტში ვაჟთა ტურნირი 15.000-დოლარიანია. აქაც ორი ჩვენებური ცდის ძალებს. 5 ოქტომბერს გიორგი ცივაძემ ოდილ აკრამოვს (უზბეკეთი) სძლია - 6:4, 6:4. მეორე წრეში იგი ივან გახოვსა (რუსეთი) და რომან ხასანოვს (ყაზახეთი) შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ალექსანდრე მეტრეველი მეორე ნომრადაა განთესილი და დღეს, 6 ოქტომბერს, მას არშან არაშოვი (ყაზახეთი) გაუწევს მეტოქეობას.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები დღეს ითამაშებენ. გიორგი ცივაძისა და იაჰორ იაციკის (ბელორუსი) ტანდემი ალექსეი ფილენკოვსა (რუსეთი) და აბდუვორის საიტმუხამედოვს (უზბეკეთი) შეხვდება, ხოლო ალექსანდრე მეტრეველი და ივან გახოვი (რუსეთი) ეცდებიან გზიდან რუსების - ტიმურ კიაუმოვისა და ტიმურ რაზმაიტოვის ჩამოშორებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული