სოფიო შაფათავამ ბულგარეთის ტურნირში პირველი ბარიერი გადალახა

AutoSharing Option
ბულგარულ დობრიჩში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც წარმატებით დაიწყო ასპარეზობა თბილისელმა სოფიო შაფათავამ.

ერთეულთა თანრიგის სტარტზე მან რუსი ვიქტორია კამენსკაია დაამარცხა - 6:2, 1:6, 6:2. მეორე წრეში მასპინძელ იზაბელა შინიკოვას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გუშინ, 16 სექტემბერს, რუმინელი გაბრიელა დუკა ჩამოიშორა გზიდან - 6:1, 6:3.

წყვილებში შაფათავა უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთანაა შეამხანაგებული. ამ დუეტმა წინა კვირას სოფიის 25.000-იანი ტურნირი მოიგო. სოფიო და ანასტასია დობრიჩშიც პირველ ნომრად არიან განთესილი.

გუშინ მათ ბულგარელები - ქრისტინა დიანკოვა და მაგდალენა რადკოვა დაამარცხეს - 6:0,
6:0. მეოთხედფინალში ქართულ-უკრაინულ დუეტს მეტოქეობას გაუწევენ დიანა ნეგრეანუ (რუმინეთი) და ვიქტორია ტომოვა (ბულგარეთი), რომლებმაც ვიქტორია ბარდაროვას და ვივიან ზლატანოვას (ორივე-ბულგარეთი) სძლიეს - 6:4, 6:1.

* * *
თელავში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველი წრის შეხვედრები გაიმართა.

შეჯიბრებაში შვიდი ჩვენებური ჩაება. მარგალიტა ჩახნაშვილ-რანცინგერმა მე-8 ნომრად განთესილ ანა პრიბილოვას (რუსეთი) აჯობა - 4:6, 6:3, 6:3 და დღეს რუს პოლინა ნოვიკოვასთან გაარკვევს ურთიერთობას. პოლინამ სტარტზე თანამემამულე სოფია ვაინბერგი დაჯაბნა - 7:6, 6:3.

ეკატერინე გორგოძემ ანა ახალკაცს მოუგო და მერვედფინალში სომეხი გაბრიელა აკოპიანის მძლეველ (6:3, 6:1) სოფია გოლუბოვსკაიას შეხვდება.

ანა შანიძემ
ტამარა ბიჟუკოვა (რუსეთი) დაამარცხა - 6:3, 7:6 და მეორე წრეში მეორე ნომრად განთესილ ანასტასია პრიბილოვას (რუსეთი) გაუწევს მეტოქეობას. ეს უკანასკნელი გუშინ ისვენებდა, როგორც სოფიო ქვაცაბაია, რომელსაც მერვედფინალში სომეხი ანი ამიორაგიანი ელის.

ერთეულთა შეჯიბრებას სამი ქართველი გამოაკლდა: პირველ წრეში დამარცხდნენ ლიზი მორგოშია, თამარ ჭალაგანიძე და ნატო შაბურიშვილი, შესაბამისად, ჯულია ჰელვეტთან (მოლდოვა, 1:6, 1:6), დარია ლოდიკოვასა (რუსეთი, 2:6, 3:6) და ამინა ანშბასთან (რუსეთი, 0:6, 0:6).

წყვილებში პირველი გამარჯვება იზეიმეს ანა ახალკაცმა და ანა შანიძე, რომლებმაც რუსებს - ადელინა ბარავისა და სოფია გოლუბოვსკაიას აჯობეს - 4:6, 6:3, 10:7. მეოთხედფინალში ასპარეზობის რეიტინგფავორიტებთან - დარია ლოდიკოვასა და ვალერია პოგრებნიაკთან (ორივე-რუსეთი) ითამაშებენ.

თამარ ჭალაგანიძე და ეკატერინა წიკლაური (რუსეთი) ამინა ანშბას (რუსეთი) და ანი ამირაგიანს (სომხეთი) დაუპირისპირდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული