აშშ-ის ღია პირველობა. III დღე: ნიუ იორკმა ფიში გააცილა

AutoSharing Option
გუშინ, მამაკაცთა ტურნირზე მთავარი ყურადღება არა რომელიმე ფავორიტისკენ, არამედ ამერიკელ მარდი ფიშისკენ იყო მიპყრობილი. მან ადრე გამოაცხადა, რომ ეს ტურნირი ბოლო იქნებოდა მის კარიერაში. და ისე მოხდა, რომ ფიშმა უკანასკნელი შეხვედრა ესპანელი ფელისიანო ლოპესის წინააღმდეგ ჩაატარა.

თუმცა ფიშს შეეძლო თავისუფლად გაეგრძელებინა სატურნირო გზა, რადგან მეოთხე სეტში მატჩზე აწვდიდა. ლოპესმა გადაარჩინა შეხვედრა და ხუთსეტიანი მარათონი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 2:6, 6:3, 1:6, 7:5, 6:3, მაგრამ მატჩის შემდეგ აღიარა - მეტოქე ყველაფერში მჯობდა და უბრალოდ გამიმართლაო.

ასევე ხუთსეტიან მატჩში მოხდა გუშინ მთავარი
მოულოდნელობა. ყაზახმა მიხაილ კუკუშკინმა მესამე წრეში არ გაუშვა მე-17 ნომრად განთესილი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი. ამ უკანასკნელმა შეძლო 0:2-დან ანგარიშის გათანაბრება. მეოთხე სეტში ყაზახი ცუდად გადაადგილდებოდა და დაღლა ეტყობოდა, მაგრამ მეხუთე სეტში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ გაიმეტა მეტოქისთვის და მოიგო სამსაათნახევრიანი მარათონი - 6:3, 7:6(2), 2:6, 4:6, 6:4.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნოთ ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის მოგებები. სერბმა მხოლოდ შვიდი გეიმი დაუთმო ავსტრიელ ანდრეას ჰაიდერ მაურერს - 6:4, 6:1, 6:2. მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ჯერჯერობით, შესანიშნავად გამოიყურება - აშშ-ის ღიაზე პირველ ორ მატჩში არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მიუცია მეტოქეებისთვის.

რაც შეეხება რაფაელ ნადალს, მან ორი საათი და 41 წუთი იწვალა არგენტინელი დიეგო შვარცმანის წინააღმდეგ, მაგრამ მაინც სამ სეტში მოიგო - 7:6(5), 6:3, 7:5. ეს იყო ესპანელის 750-ე გამარჯვება ATP-ის ტურში. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ახლოს იყო მესამე სეტის მოგებასთან, როცა ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ნადალმა დროულად შეძლო სიტუაციის გამოსწორება. რაფას ანგარიშზე მოდის - რვა ეისი, 38 "ვინერსი" და 12-დან გამოყენებული ექვსი ბრეიკ-პოინტი.

ჯერჯერობით, ძალიან კარგად გამოიყურება ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სამ სეტში, თან ისე, რომ არც ერთ პარტიაში არ მიუყვანია საქმე ტაი-ბრეიკამდე. მან ზუსტად ორ საათში სძლია ესპანელ მარსელ გრანოლერსს - 6:3, 6:4, 6:2. ფრანგს არც ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება არ დასჭირვებია.

დაბოლოს, აუცილებლად უნდა ვთქვათ გუშინდელ მთავარ სენსაციაზე, რომელიც მამაკაცთა წყვილთა თანრიგში მოხდა - წააგეს ბობ და მაიკ ბრაიანებმა! ეს არის მათი მეორე წაგება პირველ წრეში "დიდი სლემის" ბოლო 56 ჩემპიონატში. გარდა ამისა, პირველად ბოლო 11 წლის განმავლობაში, ამერიკელი ტყუპი ძმები "დიდი სლემის" ტიტულის გარეშე დაასრულებენ სეზონს.

კაცები
II წრე
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:4, 6:1, 6:2; ანდრეას სეპი (იტა, 25)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 3:6, 6:3, 7:6(3), 6:1; რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 23)-პაბლო კარენო ბუსტა (ესპ) 4:6, 6:4, 6:0, 2:6, 6:4; დავიდ გოფენი (ბელ, 14)-რიკარდას ბერანკისი (ლიტ) 5:7, 6:4, 3:6, 6:2, 6:1; მილოშ რაონიჩი (კან, 10)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ) 6:2, 6:4, 6:7(5), 7:6(1);

ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-მარდი ფიში (აშშ) 2:6, 6:3, 1:6, 7:5, 6:3; ფაბიო ფონინი (იტა, 32)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:3, 6:4, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 8)-დიეგო შვარცმანი (არგ) 7:6(5), 6:3, 7:5; ბენუა პერი (საფ)-მარსელ ილჰანი (თურ) 6:3, 3:6, 6:4, 6:3; ტომი რობრედო (ესპ, 26)-სემ გროტი (ავსტრა) 6:4, 7:6(3), 6:4;

ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 19)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:3, 6:4, 6:3; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ილია მარჩენკო (უკრ) 6:4, 7:6(2), 4:6, 6:4; მარინ ჩილიჩი (ხორ, 9)-ევგენი დონსკოი (რუს) 6:2, 6:3, 7:5; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 17) 6:3, 7:6(2), 2:6, 4:6, 6:4; ჟერემი შარდი (საფ, 27)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 7:5, 6:4, 7:6(1); დავიდ ფერერი (ესპ, 7)-ფილიპ კრაინოვიჩი (სერ) 7:5, 7:5, 7:6(4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული