ავსტრალიის ღია პირველობა: სამი ნაბიჯი შტეფიმდე

AutoSharing Option
სერენა უილიამსმა, 2005 წლის იანვრიდან მოყოლებული, ზედიზედ მეთექვსმეტედ მოუგო მარია შარაპოვას და მეორე ადგილზე გადავიდა "დიდი სლემის" ტურნირებზე ტიტულების რაოდენობით...

ციფრები ფინალის წინ
- ბოლოს ავსტრალიის ღიას ქალთა ფინალში რეიტინგის პირველი და მეორე ნომერი 11 წლის წინ შეხვდნენ - ჟუსტინ ანენმა დაამარცხა კიმ კლაისტერსი.

- სერენა უილიამსმა 18-დან 16 მატჩი მოუგო მარია შარაპოვას. რუსის ბოლო მოგება 2004 წლით თარიღდება. მას შემდეგ ამერიკელმა ზედიზედ 15-ჯერ დაამარცხა მარია, თან 12-ჯერ "მშრალი" ანგარიშით.

- უმცროსი უილიამსი 23-ედ თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. უფრო მეტი
აქვთ კრის ევერტს (34), მარტინა ნავრატილოვასა (32) და შტეფი გრაფს (31).

- მარია შარაპოვა ავსტრალიის ღიას ფინალში მეოთხედ გავიდა. 2007 წელს წააგო სერენასთან, 2008 წელს მოუგო ანა ივანოვიჩს, 2012 წელს დამარცხდა ვიქტორია აზარენკასთან.

- წლევანდელი ფინალი მეათეა რუსისთვის "დიდი სლემის" ტურნირებზე. წინა ცხრიდან მან მოიგო ხუთი.

ფინალი
ცნობილი იყო, რომ ამერიკელს მთელი ტურნირის განმავლობაში ავადმყოფობა აწუხებდა - გაციებული იყო. ამ მიზეზით მან ფინალის წინა დღეს ვერ ივარჯიშა, თუმცა ეს ფაქტორი მაინც ვერ წაართმევდა უილიამსს ფავორიტის სტატუსს, რადგან ყოველთვის შეუძლია, საჭირო დროს და ყველაზე საჭირო მომენტში საბრძოლველად განაწყოს საკუთარი თავი.

ფინალი ბრეიკით დაიწყო, რომელიც უილიამსმა გააკეთა. შემდეგ მან საკუთარი მოწოდებაც შეინარჩუნა და 2:0 წაიყვანა ანგარიში. შარაპოვას დიდი ხანი არ ჰქონია საპასუხო ბრეიკის შესრულების შანსი. ამასთან, მეექვსე გეიმში სერენას მოწოდების დროს, მელბურნში გაწვიმდა და მატჩის შეწყვეტა გახდა საჭირო. როდ ლეივერის არენა გადაიხურა და ჩოგბურთელებს დარბაზში მოუწიათ მატჩის გაგრძელება, რაც სერენას უფრო აწყობდა.

მატჩის განახლების შემდეგ მან ზედიზედ ექვსი ქულა აიღო. მარიამ 2:5-ზე შეძლო პირველი ბრეიკის შესრულება მატჩში, მაგრამ იქვე საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით დათმო - 3:6.

მეორე სეტში სერენა უილიამსმა გააგრძელა აგრესიული თამაში. განსაკუთრებით კარგად ამერიკელს მოწოდებები გამოსდიოდა - 18 ეისი ჩააწოდა. თუმცა თანდათან მოწოდება რუსმა ჩოგბურთელმაც გამოასწორა და ისე გამოვიდა, რომ მეორე სეტში არც ერთი ბრეიკი არ ყოფილა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. თუმცა უილიამსს შეეძლო თავიდან აეცილებინა მე-13 გეიმის თამაში, როცა 5:4-ზე მატჩბოლი მიიღო, მაგრამ შარაპოვამ ულამაზესი დარტყმით მოიგერია საფრთხე.

ტაი-ბრეიკი კი შარაპოვასთვის ცუდად წარიმართა. მინი-ბრეიკით 1:0 დაწინაურების შემდეგ მან დათმო უპირატესობა და მალე 1:4 ჩამორჩა. იმ წუთებში ორგანიზატორები უკვე დაჯილდოების ცერემონიისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ მარია ბოლომდე იბრძოლა. 3:5-ზე მან დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, თუმცა შემდეგ თავად შეცდა და უილიამსმა ორმაგი მატჩბოლი მიიღო.

შემდეგი ქულა შარაპოვას დარჩა - ისევე, როგორც პირველ მატჩბოლზე, ისევ უზუსტესად ითამაშა, მაგრამ სერენას რჩებოდა თავისი მთავარი იარაღი - მოწოდება. და უილიამსს მეორე ჩაწოდება ეისი გამოუვიდა, რამაც მას "დიდი სლემის" მე-19 ტიტული მოუტანა. ამ მაჩვენებლით ამერიკელმა გაუსწრო თანამემამულეებს - კრის ევერტსა და მარტინა ნავრატილოვას (18-18 ტიტული) და მიუახლოვდა აბსოლუტურ რეკორდსმენ შტეფი გრაფს. ლეგენდარული გერმანელის რეკორდი 22 ტიტულს უდრის.

ქალები
ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 6:3, 7:6(5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული