ქართველი ჩოგბურთელების საახალწლო მაჟორული აკორდი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე თურქეთსა და ყატარში დამთავრდა, შესაბამისად, ქალთა 50.000-იანი და ვაჟთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც შესანიშნავად ითამაშეს ქართველმა ჩოგბურთელებმა.

ანკარაში მანდილოსნები ცდიდნენ ძალებს. ეკატერინე გორგოძემ ერთეულთა თანრიგში პირველივე შეხვედრა წააგო. სამაგიეროდ, წყვილებში იყოჩაღა: სლოვენიელ ნასტია კოლართან შეამხანაგებულმა პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილ ლიძია მაროზავა (ბელორუსი) და მარინა მელნიკოვა (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - 3:6, 6:1, 10:6; შემდეგ, ასევე სამ სეტში, მათი ბედი გაიზიარეს მელის სეზერმა (თურქეთი) და იზაბელა შინიკოვამ (ბულგარეთი) - 4:6, 6:2, 8:10. ნახევარფინალში გორგოძემ და კოლარმა რეიტინგფავორიტების - ალექსანდრა
კრუნიჩისა (სერბეთი) და ევგენია როდინას (რუსეთი) მძლეველ (7:5, 6:3) თურქებს - აილა აქსუსა და იპეკ სოილუს დააყრევინეს ფარ-ხმალი - 6:4, 4:6, 13:11, ფინალში ოლექსანდრა კორაშვილისა (უკრაინა) და ელისა კოსტოვას (ბულგარეთი) დუეტს აჯობეს - 6:4, 7:6 და პირველი ადგილი დაიკავეს.

ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა დოჰას საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ამ ტურნირშიც იგი პირველ ნომრად იყო განთესილი და ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ჯორჯო პორტალური (იტალია, 6:3, 6:2) , ვინაიაკ შარმა კაზა (ინდოეთი, 6:1, 6:1), იორის დე ლოორე (ბელგია, 6:3, 6:4), მაქსილიან ნეუჩრისტი (ავსტრია, 6:4, 5:7, 6:3), ჯეიმს მარსალეკი (დიდი ბრიტანეთი, 6:1, 6:2) და მთავარ პრიზთან ერთად, 18 სარეიტინგო ქულაც დაიმსახურა.

ინდურ პუნეში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფოდი 25.000 დოლარი), რომლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაება თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. სტარტზე მან არანტხა ენდრედის (ინდოეთი) აჯობა - 6:1, 6:3, მეორე შეხვედრაში კი მის თანამემამულე რუტუჯა ბოსალეს (ინდოეთი) დანებდა - 6:7, 4:6.

ინდური ტურნირის მთავარ ბადეში მესამე ნომრადაა განთესილი სოფიო შაფათავა. პირველ წრეში იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ სილვია ნირიჩს (ხორვატია) დაუპირისპირდება. წყვილებში შაფათავა რუს მარგარიტა ლაზარევასთან ერთად ინდოელებს - შარმადაა ბალუს და პრარტანა ტომბარეს შეხვდება.

ოქსანა კალაშნიკოვა ალექსანდრა ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია და პირველ შეხვედრაში კინდი ბურგერსა (ჰოლანდია) და ვერონიკა კაპშაისთან (უკრაინა) გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული