რაფაელ ნადალი: ყველა დროის საუკეთესო? ლეივერი ან ფედერერი!

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი მიიჩნევს, რომ ჩოგბურთის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის სტატუსზე პრეტენზია მხოლოდ როდ ლეივერმა და როჯერ ფედერერმა უნდა გამოაცხადონ.

ლეივერი "დიდი სლემის" ტურნირების 11-გზის გამარჯვებულია, მისი მთავარი მიღწევა კი ის არის, რომ მან ორჯერ შეძლო "დიდი სლემის" მოგება (1962 წელს, როგორც მოყვარულმა და 1969 წელს, როგორც პროფესიონალმა). ის ერთადერთი ჩოგბურთელია ე. წ. ღია ერაში, ვინც ერთ სეზონში მოახერხა "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირზე გამარჯვება. რაც შეეხება როჯერ ფედერერს, ის რეკორდსმენია "დიდი სლემის" ჩემპიონატებში მოგებების რაოდენობით -
17 ტიტული.

"ასი პროცენტით სამართლიანად მიმაჩნია მტკიცება იმის შესახებ, რომ ფედერერი საუკეთესო მოთამაშეა ჩოგბურთის ისტორიაში. ის დღემდე თამაშობს და მისი შედეგების გაუმჯობესება ძალიან რთული იქნება. მე ყოველთვის ვამბობ, რომ არასამართლიანია მოთამაშის წვლილის გაანალიზება მხოლოდ "დიდ სლემზე" მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. ყველამ იცის, რომ ჩოგბურთი მხოლოდ "დიდი სლემი" არ არის. არსებობს ბევრი სხვა ტურნირი და როჯერს იქ შესანიშნავი მაჩვენებლები აქვს. თანაც, "სლემებიც" ყველაზე მეტი აქვს მოგებული.

მე არასოდეს მინახავს როდ ლეივერის თამაში. მიუხედავად ამისა, ვიცი მისი ისტორია. მან მოიგო "დიდი სლემი" როგორც მოყვარულმა და შემდეგ, როგორც პროფესიონალმა. ასე რომ, დავა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეზე არა ჩემსა და როჯერს, არამედ ლეივერსა და როჯერს შორის უნდა მიდიოდეს.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, 27 წლის ვარ. უკვე იმაზე მეტს მივაღწიე, ვიდრე ოდესმე მიოცნებია. იმედია, მომავალშიც გავაგრძელებ ტიტულებისთვის ბრძოლას. გავაგრძელებ მუშაობას და კარიერის დასრულების შემდეგ ვნახოთ, რა ადგილს დავიკავებ ისტორიაში",
- ამბობს ნადალი Tennis.com-თან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი: მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფედიას ნაირი მაინც არავინ არ იქნება
ემზარი
13:11 14-11-2013
0
ფედერერის შედეგი იმანაც განაპირობა, რომ ნადალის გამოჩენამდე, წლების მანძილზე, მას რეალური კონკურენტი არ ყავდა
mematiane
07:01 14-11-2013
0

სიახლეები პოპულარული