როჯერ ფედერერი და ტომი ჰაასი ერთად მიდიან

AutoSharing Option
ჰამბურგის მამაკაცთა ტურნირზე მერვედფინალების დღე იყო. ბოლო ორი დღის განმავლობაში მეორე მატჩი ჩაატარა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა. და თუ მეორე წრეში ლეგენდას სამი სეტი დასჭირდა გერმანელი დანიელ ბრანდსის დასამარცხებლად, ამჯერად, შვეიცარიელმა ორი სეტი და 72 წუთი იკმარა ჩეხი იან ჰაიეკის ბარიერის გადასალახად - 6:4, 6:3.

ამ მატჩში ფედერერს სხვა სახის პრობლემა შეექმნა - კერძოდ, გადამწყვეტ ქულებზე ცდებოდა. როჯერმა 13 ბრეიკ-პოინტიდან ათი შანსი გაანიავა, მეორე სეტის მერვე გეიმში ხუთი მატჩბოლის გამოყენება ვერ შეძლო, მაგრამ მაინც იოლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

ფედერერის კვალს მიყვება ტურნირის მეორე ნომერი ტომი ჰაასი. მანაც პირველი მატჩი სამ სეტში მოიგო, სამაგიეროდ, გუშინ იოლად დაამარცხა არგენტინელი კარლოს ბერლოკი - 6:2, 6:4. სამხრეთამერიკელი მაშინ გამოცოცხლდა, როცა მეორე სეტში 2:5 ჩამორჩა. ბერლოკმა ბრეიკი გააკეთა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეათე გეიმში ჰაასს მატჩზე ჩაწოდებაში ხელი ვერ შეუშალა.

ჰამბურგის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ ხუან მონაკო, რომელმაც შარშანდელ ფინალში სწორედ ჰაასი დაამარცხა. არგენტინელი ჯერჯერობით წარმატებით იცავს ტიტულს. მან გუშინ, საათი და 36 წუთი მოანდომა ფრანგი ბენუა პერის დამარცხებას - 6:3, 2:6, 6:2 და მეოთხედფინალში რთულ მეტოქეზე - ესპანელ ნიკოლას ალმაგროზე გავიდა, რომელმაც, თავის მხრივ, მერვედფინალში თანამემამულე გილერმო გარსია-ლოპესი 72 წუთში გაანადგურა - 6:2, 6:3.

არ გაუმართლა წლევანდელი უიმბლდონის ნახევარფინალისტს იერჟი იანოვიჩს. პოლონელი ტრავმირებული შეხვდა ფერნანდო ვერდასკოსთან მატჩს და ესპანელს მაშინ დანებდა, როცა 5:7, 0:4 იყო ჩამორჩენილი.

ჩემპიონის ვაჟის პირველი მოგება
21 წლის ეკვადორელმა ემილიო გომესმა (რეიტინგის 542-ნომერი) ბოგოტაში მიმდინარე ტურნირის პირველ წრეში 6:4, 6:4 დაამარცხა კოლუმბიელი ედუარდო სტრუვეი. ეს არის გომესის პირველი მოგება ATP-ის დონეზე. ამ მატჩის შედეგი იმის გამო გამოვარჩიეთ, რომ ემილიო ცნობილი ეკვადორელი ჩოგბურთელის, 1990 წლის როლან გაროსის ჩემპიონის ანდრეს გომესის ვაჟია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერი ყველაზე მდიდარია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული