როჯერ ფედერერი: ჩოგბურთისგან სიამოვნებას ვიღებ

AutoSharing Option
როჯერ ფედერერმა შვეიცარიული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა 2011 წლის სეზონის ტრიუმფალურად დასრულება, როცა მან ბრწყინვალე სტილში გაიმარჯვა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, თან ახალი რეკორდი დაამყარა - ეს ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო, რაც აქამდე არც ერთ ჩოგბურთელს არ გაუკეთებია.

ინტერვიუში შვეიცარიელმა ილაპარაკა ახალ რეკორდზე, მომავალი სეზონის მოლოდინზე, პიტ სამპრასთან და ივან ლენდლთან შედარებაზე და სხვა თემებზე.

- 2011 წლის სეზონის ტრიუმფით დასრულების შემდეგ თქვენი მთავარი მიზანი ოლიმპიური ოქრო იქნება?
- არ ვიცი, რადგან ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ შორია. თუმცა რატომაც არა? ახლა ძალიან გადაღლილი
ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაისად სამჯერ გავემგზავრები ლონდონში - უიმბლდონზე, ოლიმპიადაზე და წლის შემაჯამებელ ტურნირზე. უსამართლობა იქნებოდა სხვა ტურნირებთან მიმართებაში ოლიმპიადის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადება. მაგრამ ნამდვილად არ მინდა ზაფხულის თამაშების გამოტოვება და იმედი მაქვს, ამ სტარტს ჯანმრთელი და კარგად მომზადებული შევხვდები.

- რას ფიქრობთ საუკეთესო ოთხეულის სხვა მოთამაშეებზე და რამდენად მოტივირებული ხართ "დიდი სლემის" ტურნირებზე მორიგი ტრიუმფისთვის?
- რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნება "დიდი სლემის" ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოგება. წელს რამდენიმე ასეთი შანსი გავუშვი ხელიდან. იქნებ მომავალ წელს გამიმართლოს, თუმცა სხვა ჩოგბურთელებსაც იგივე ჩანაფიქრი ექნებათ.

ჯოკოვიჩი ულაპარაკოდ ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშეა. როცა ჩოგბურთელი სტარტიდან მოყოლებული ზედიზედ 40 მატჩის მოგებას ახერხებს, ის სრულიად იმსახურებს ამგვარ აღიარებას. ვფიქრობ, ენდი მიურეიმაც კარგი სეზონი ჩაატარა. მას არ გაუმართლა, რომ წელი მაჟორულ ნოტაზე ვერ დაასრულა. ჩემი აზრით, მომავალ წელს კიდევ უფრო რთული იქნება მის წინააღმმდეგ თამაში. რაფა ნადალი კი ყოველთვის განაცხადებს პრეტენზიას პროფესიულ ტურში ლიდერობასა და დიდ ტურნირებში გამარჯვებაზე - ამას მისი უმაღლესი კლასიდან გამომდინარე ვამბობ.

ასე რომ, შემდეგი სეზონი საინტერესო უნდა გამოვიდეს. ვნახეთ, რომ რეიტინგში მეხუთე-მერვე ადგილებზე მყოფი ჩოგბურთელები ახლოს არიან თამაშის დონით პირველ ოთხეულთან. სხვებსაც შეუძლიათ კარგად თამაში. ტოპ-ათეულის ჩოგბურთელებიც უმაღლესი დონის ოსტატები არიან. მოკლედ, გაისად რთულ ბრძოლას ველოდები.

- ლონდონში ურთულეს ბრძოლაში მოიგეთ ფინალი, რასაც ამ სეზონში ხშირად ვერ ახერხებდით. პრობლემა ფსიქოლოგიაშია?
- ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის. ხდება ხოლმე, როცა შენი მეტოქე უბრალოდ უკეთ თამაშობს. ჟო ჩემზე უკეთესი იყო უიმბლდონზე. შესაძლოა, სულ მცირედით, მაგრამ ეს საკმარისი იყო გამარჯვებისთვის. იგივე ითქმის რაფასთან როლან გაროსის ფინალზე ან ნოვაკთან აშშ-ის ღიას ნახევარფინალზე. უნდა შეგეძლოს ამის აღიარება. მაგრამ, როცა ასეთი რამ ხშირად ხდება, ვიწყებ ფიქრს: იქნებ, რაიმეს თავად არ ვაკეთებ სწორად?

ვფიქრობ, მენტალური თვალსაზრისით დღე სრულ წესრიგში ვარ. ჩემს მიერ აღებული პაუზის ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ უნდა გამეაზრებინა ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები, დამელაგებინა ჩემი აზრები. არ მინდა ზედმეტად შევაფასო თამაშის შემადგენელი ფსიქოლოგიური მხარე, მაგრამ არც მისი შეუფასებლობა ივარგებს. კარგად გამოსვლისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური შედეგისადმი სათანადო განწყობა. მაგრამ ყოველთვის პოზიტიურ ტალღაზე ვერ იქნები. ეს ძალიან რთულია. მაშინ ოდნავ შემეპარა ეჭვი საკუთარ თავში, მაგრამ, ვფიქრობ, სეზონის ბოლოს გადავლახე ეს მომენტი. ამაში, რა თქმა უნდა, ექვსკვირიანი პაუზა დამეხმარა.

- შემაჯამებელ ტურნირში გამარჯვება მნიშვნელობით შეიძლება გაუთანაბრდეს ტიტულს "დიდ სლემზე". რამდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ორივე ფრონტზე გამარჯვებების რაოდენობით რეკორდსმენობა?
- რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობ ამ მაჩვენებლებით. მიუხედავად ამისა, მაინც არ მიმაჩნია საკუთარი თავი პიტ სამპრასზე ან ივან ლენდლზე უკეთეს ჩოგბურთელად. მიხარია, რომ მათ მადარებენ. და მსიამოვნებს, რომ ჩემს შედეგებზე საუბრისას ყოველთვის ამ დუეტს იხსენებენ. მათ ძალიან ბევრი გააკეთეს ამ თამაშისთვის. ხანდახან, ლეგენდებს ძალიან სწრაფად ივიწყებენ და ეს არასამართლიანია.

ძალიან კარგია, რომ ჩვენ ვიხსენებთ მათ და სხვა დიად ჩოგბურთელებს, ვლაპარაკობთ მათ შესახებ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ორგზის რეკორდსმენი ვარ, რადგან ვიცი, რა ძალისხმევად დამიჯდა ეს ყველაფერი. ეს არის მრავალწლიანი მუშაობის შედეგი, რადგან ამას მოკლე დროში ვერ მიაღწევ. ეს ამტკიცებს, რომ შეიძლება წარმატებული იყო ყველა საქმეში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

- მიგაჩნიათ, რომ გადატვირთული კალენდრის მიუხედავად, წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი ხუთსეტიანი უნდა იყოს?
- დიახ, ვფიქრობ, ის იმსახურებს ამგვარ სტატუსს. ამაზე თუნდაც ჩემი და ცონგას ფინალი მეტყველებს, სადაც ბევრი იყო ბრძოლა და სიტუაციის ცვლილება ხან ერთი და ხან მეორე ჩოგბურთელის სასარგებლოდ. ვგრძნობდი, რომ მაყურებელი მზად არ იყო სწრაფი ფინალისთვის და მეტი სანახაობა უნდოდა.

მახსოვს, შანხაიში მოთამაშეებს ჰკითხეს - შემაჯამებელ ტურნირში ხუთსეტიანი ფინალი უნდა ითამაშონ თუ სამსეტიანი? ყველამ სამსეტიანი ფინალი მოისურვა. მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი, ვინც ხუთსეტიან მატჩს დაუჭირა მხარი. რა თქმა უნდა, სამსეტიანი მატჩები ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმეა, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ წლის შემაჯამებელის ფინალი ხუთ პარტიაში უნდა ჩატარდეს.

- თქვენ უამრავი ტიტულისა და რეკორდის მფლობელი ხართ. როგორ ახერხებთ დღემდე მოტივაციის შენარჩუნებას?
- ეს ნორმალურია. არასოდეს მითქვამს, რომ კიდევ 10 წელი ვაპირებ თამაშს. ყოველთვის მხოლოდ წელიწადნახევარი-ორი წლით წინ ვიყურები. შემდეგ, როცა დროის ეს პერიოდი გადის, ვაფასებ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას. როგორც ჩანს, სპორტის ეს სახეობა სხვებზე მეტად მიყვარს. ასე რომ, გამორიცხულია დადგეს დღე, როცა ეს თამაში შემძულდება.

რა თქმა უნდა, ჩოგბურთი სერიოზულ მსხვერპლს მოითხოვს. ყოველდღიურად დიდი ძალისხმევა მჭირდება იმისთვის, რომ მაღალი დონე შევინარჩუნო. მაგრამ მე ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ვიღებ, რადგან ჯილდოდ ისეთი მომენტები მერგება, როგორც, მაგალითად, ლონდონში მქონდა. და მე მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას. დიახ, მოხარული ვარ, რომ სეზონი დასრულდა, რადგან ის გრძელი და მომქანცველი იყო, მაგრამ, ამავდროულად, ბედნიერი ვარ და ოპტიმიზმით ვუყურებ მომავალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული