ვიტას გერულაიტისი - ორგიების ლეგენდა

AutoSharing Option
"მამაკაცი. მეტრი და 83 სანტიმეტრი. ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება", - როცა უსულო სხეულს ტომარაში დებდნენ, ექიმებმა იცოდნენ, ვინ იყო მათ წინაშე. არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდათ. გერულაიტისმა კარიერა სულელურ სასიკვდილო შემთხვევამდე ექვსი წლით ადრე დაასრულა, მაგრამ ბოლო მომენტამდე ამერიკული მედიის ყურადღების ცენტრში იყო: მდიდარი, ლამაზი, მოქეიფე. უკვე გარდაცვლილიც კი, ვიტასი მეფურად გამოიყურებოდა.

წარმოშობამ იქონია გავლენა. ჩოგბურთელის მშობლები ლიტვიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 1940 წელს გაემგზავრნენ - ხელისუფლებაში კომუნისტური რეჟიმის მისვლის შემდეგ. ვაჟი 14 წლის შემდეგ დაიბადა და ბალტიისპირული გარეგნობის ყველა საუკეთესო თვისება
მიიღო. გრძელთმიანი ქერა ბიჭი გოგონებს უკვე სკოლაში იზიდავდა. "დიდი სლემის" ტურნირის მოგების შემდეგ კი მისი პოპულარობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში აბსოლუტური გახდა.

აპრილში Studio 54-ს 40 წელი შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში, მანჰეტენის ლეგენდარული კლუბი ათასობით გრანდიოზულ წვეულებას მოსწრებია, მაგრამ დღემდე მხოლოდ ერთეულები შეედრებოდა იმ გართობასა და ნადიმებს, რომლებსაც გერულაიტისი აწყობდა. სანამ უბრალო ადამიანები ერთი მილის სიგრძის რიგში იდგნენ, ჩოგბურთელი უპრობლემოდ შედიოდა შენობაში თავის მეგობარ მიკ ჯაგერთან და ათამდე ლამაზ გოგოსთან ერთად. VIP-ზონა ერთი ღამით ნარკოტიკებისა და გიჟური სექსის სამეფოდ გადაიქცეოდა. დილისთვის ბიჭებს გოგონები ბეზრდებოდათ და საყვარელ თამაშს იწყებდნენ: ცოტაოდენ კოკაინს საჰაერო ბურთებში ათავსებდნენ, ბერავდნენ და ჭერში უშვებდნენ. გამოფხიზლების შემდეგ ორ-სამ "გადარჩენილ" გოგოსთან ერთად აეროპორტისგან მიქროდნენ. იქ მათ ელოდათ ჩარტერი შტატების ნებისმიერ წერტილში.

ლიტველი ყველაზე მეტად ერთობოდა პროფესიულ ტურში, მაგრამ ასევე ყველაზე მეტს მუშაობდა. "რამდენიმე კვირით ჭკუიდან გადადიოდა, შემდეგ კი საკუთარ თავს სჯიდა და ერთი თვის განმავლობაში, დღეში რვა საათი ვარჯიშობდა", - იხსენებს ჯონ ლოიდი, რომელსაც ვიტასი 1977 წელს, ავსტრალიის ღიას ფინალში შეხვდა. ტრეისი ოსტინის ძმა ჯეფი არანაკლებ იყო გაკვირვებული: "ის ყველაზე ბოლოს მიდიოდა წვეულებიდან, მაგრამ დილით პირველი ცხადდებოდა კორტზე".

ყველა გართობას გერულაიტისი თავად აფინანსებდა. "გულუხვი იყო, - აგრძელებს ლოიდი. - შეეძლო მოელხინა 10 უცნობ ადამიანთან ერთად, რომლებიც მანამდე ნანახი არ ჰყავდა, მაგრამ, ბოლოს, პირველი ამოიღებდა საკრედიტო ბარათს. გამიგია, რომ American Express-ში მისთვის გახსნილი იყო სიდიდით მესამე ყველაზე გრძელი საკრედიტო ხაზი".

სპორტსმენი ხარჯავდა არა მხოლოდ საღამოებსა და კერძო თვითმფრინავებზე. მისი მთავარი გატაცება ავტომობილები იყო. პირველი საპრიზო თანხით Lamborghini იყიდა. სამი წლის შემდეგ მის გარაჟში იდგა - ორი Rolls-Royce, Mercedes და Porsche. "მახსოვს, როგორ მოვიდა თეთრი კაბრიოლეტით. ქარი თმას უფრიალებდა, ნომრის ადგილას კი ეწერა Vitas G", - წერდა ავტობიოგრაფიაში ჯონ მაკინროი.

* * *
ჩოგბურთისგან თავისუფალ დროს, გერულაიტისი თითქმის მუდმივად მთავარი კონკურენტების - ბორგის, ლოიდის, კონორსისა და მაკინროის კომპანიაში ატარებდა. ტურნირებს შორის პაუზებისას, მან ეს ოთხეული ენდი უორჰოლს, ლაიზა მინელისა და მიკ ჯაგერს გააცნო. ასევე დააახლოვა "ოფიციალურ" გოგონებს - ლიტველი მხოლოდ სუპერმოდელებს ხვდებოდა.

ტურნირებზე ისინი ერთად ვარჯიშობდნენ და სპარინგობდნენ. ტრადიცია არც ავსტრალიის ფინალის წინ დაირღვა. თავდაპირველად, ლოიდს ეჭვი შეეპარა: "დარწმუნებული ხარ, რომ ეს კარგი იდეაა - ერთად გავხურდეთ "დიდი სლემის" ფინალის წინ, რომელშიც ერთმანეთს ვეთამაშებით?" "ჯანდაბა, ახალი რა უნდა გავიგო შენს თამაშზე? ან შენ რას შეიტყობ ახალს ჩემზე? რა თქმა უნდა, ერთად ვივარჯიშებთ!"

ის ფინალი ვიტასმა მოიგო. კიდევ ორი - მაკინროისთან აშშ-ში და ბორგთან როლან გაროსზე - წააგო. მაგრამ მეგობრებიდან ყველაზე მოუხერხებელი მეტოქე კონორსი იყო. გერულაიტისმა მასთან ზედიზედ 16-ჯერ წააგო. მორიგი მარცხის შემდეგ ჯიმი დასცინოდა: "როცა ვიტასი 95 წლის გახდება, მე მას კორტზე მოვიყვან, უფრო სწორად, მოვიტან, რადგან ინვალიდის სავარძელში იჯდება. აი, მაშინ ექნება ჩემი დამარცხების შანსი". მე-17 მატჩი ლიტველმა მოიგო, რის შემდეგაც საკუთარ თავს თავად დასცინა. პრესკონფერენციაზე შამპანურის ბოთლით მივიდა, ხოლო რეპორტიორებთან ლაპარაკი დაიწყო ფრაზით: "დაე, ეს გახდეს გაკვეთილი ყველა ჩვენგანისთვის. ვერავინ მოუგებს ვიტას გერულაიტისს ზედიზედ 17-ჯერ".

მეტოქე მეგობრები ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. გერულაიტისი მათ ნიუ-იორკში, თავის დიდ სახლში ეპატიჟებოდა, სადაც მშობლებთან, და რუტასთან და დეიდა გრაცინასთან ერთად ცხოვრობდა. ეს უკანასკნელი ბიჭებს საფირმო ინდაურით უმასპინძლდებოდა: "ვიტასმა ვარჯიშის შემდეგ ბიჭები მოიწვია. იმ დღეს ინდაურის ხორცი ძალიან გემრიელი გამოვიდა. სპეციალურად დავბრაწე, მაგრამ მაკინროიმ მთელი კანი ააცალა და მარტომ შეჭამა. მინდოდა, პატარა ბავშვივით მიმეტყიპა".

"ვიტასი საუკეთესო ძმა იყო, ვინც კი ოდესმე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ", - ამბობდა რუტა. "როცა ვიტასზე ვფიქრობ, მახსენდება ის, თუ როგორ გახდა პირველი ადამიანი, ვინც ბავშვებს უფასოდ ურიგებდა ჩოგნებს", - ხსნის საყოველთაო სიყვარულის მიზეზს ბილი ჯინ-კინგი. მართლაც, გერულაიტისი ხარჯავდა არა მხოლოდ თავისთვის, არამედ ქველმოქმედებისთვის. მან დააარსა ფონდი, რომელიც ინვენტარით ეხმარებოდა დამწყებ ჩოგბურთელებს, აწყობდა გამოფენებს და არასოდეს თაკილობდა ახალგაზრდა მოთამაშეებთან ურთიერთობას.

ავსტრალიის ღიას გამარჯვებული არც გულშემატკივრებს ივიწყებდა. ერთხელ, მორიგი გამარჯვების შემდეგ, მან ყველა დაპატიჟა საღამური ტანსაცმლის წვეულებაზე. საღამოს, მის სახლს ძილის ტანსაცმელში გამოწყობილი ასობით ადამიანი მიადგა. თითქმის ყველა გოგონა იყო. ისტორია ტრადიციულად დასრულდა - Studio 54, კოკაინი, კერძო თვითმფრინავი.

"იმ დროს ყველა მარიხუანას ეწეოდა, ვიტასი კი კოკაინს ყნოსავდა - ეს გაცილებით სერიოზული პრობლემა იყო", - ჰყვება პეტ კეში. ის მართალია: კარიერის ბოლოსკენ, ნარკოტიკები გართობის ნაცვლად, დამოკიდებულებად გადაექცა. 1983 წელს, მან მკურნალობის კურსი გაიარა და ყოფილი მეგობარი გოგონასგან, მიშელ დე მასისგან განსხვავებით, რომელიც ზედმეტი დოზით დაიღუპა, აღარასოდეს მიკარებია შხამს.

* * *
თეთრი ფხვნილისგან გათავისუფლებული გერულაიტისი ტელევიზიაში მოეწყო, პარალელურად, სხვების გაწვრთნა დაიწყო. ტელევიზიის შემთხვევაში, ბოსები უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან კომენტატორი იმაზე მაგრად ართობდა ყველას, ვიდრე კონორსთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე. მწვრთნელობის შემთხვევაში კმაყოფილნი იყვნენ დამწყები ჩოგბურთელები. ვიტასი მშობლებზე მეტ მზრუნველობას იჩენდა. "აშშ-ის ღიაზე ხუთ სეტში დამარცხების შემდეგ, გასახდელში შევედი და იატაკზე დავეცი. იოტისოდენა ძალაც არ მქონდა შერჩენილი. ვიტასმა ფეხსაცმელზე თასმები გამიხსნა, სუფთა პერანგი ჩამაცვა, ჩანთა ჩამილაგა და მითხრა, რომ კარგად ესმის ჩემი მდგომარეობა", - იხსენებს ლეგენდარული პიტ სამპრასი.

თავად ვიტასის ფიზიკური მდგომარეობა იდეალური იყო. მამაკაცი, რომელიც თითქმის ყოველ კვირა აწყობდა გიჟურ წვეულებებს მეგობრებთან ერთად, კორტზე დაფრინავდა. "ეი, ჯიმი, ბიორნ, აქედან წადით, ვიტასი ყველა ჩვენგანის მაგივრად ითამაშებს", - ყვიროდა ლოიდი. ორი დღის შემდეგ მათ საშინელი ამბავი შეიტყვეს.

იმ მატჩში გერულაიტისმა ზურგი დაიზიანა და სიეტლში დასვენების ნაცვლად, ნიუ-იორკში დაბრუნდა. იქ მას ძველმა მეგობარმა, მილიონერმა მარტინ რეინსმა დაურეკა. მან ჩოგბურთელს საქმელმოქმედო ტურნირის გახსნაზე შერბენა და უბრალოდ, გასაუბრება სთხოვა. ოჯახის წევრები არწმუნებდნენ, რომ ასეთი ზურგით არსად წასვლა არ ღირდა, მაგრამ ვიტასს ერთ ადგილას ჯდომა არ შეეძლო. ის ლონგ-აილენდზე გავარდა. საღამოს კოქტეილი მიირთვა რეინსთან ერთად, ძველი დრო გაიხსენა და სტუმრისთვის განკუთვნილ სახლში წავიდა, რათა მომდევნო დღეს მეგობრის თხოვნა შეესრულებინა. არაფერი გამოვიდა. დილით მსახურმა ვიტასი მკვდარი იპოვა.

"მხუთავი აირი - საშინელებაა. მას არც ფერი აქვს და არც სუნი. გერულაიტისის შემთხვევაში, 20 წუთი საკმარისი აღმოჩნდა", - ასე აუხსნა ჟურნალისტებს სიკვდილის მიზეზი საოლქო პროკურორმა ჯეიმს კატერსონმა.

ამ მიზეზით აშშ-ში ყოველწლიურად 5 ათასი ადამიანი იღუპება. ვიტასმა მომწამვლელი აირი ყველაზე სულელურად შეისუნთქა - შხამის წყარო აღმოჩნდა აუზისთვის წყლის ახალი გამაცხელებელი. 40 წლის ჩოგბურთელის გადარჩენა შეეძლო დამატებით გამოსაბოლქვ მილს, რომლის ღირებულება 1.44 დოლარი იყო, მაგრამ მუშებს შეეზარათ მისი დამონტაჟება და სახლიდან აირის უსაფრთხო მანძილზე გაყვანა. ლაპარაკი იყო სულ რაღაც ნახევარ მეტრზე. შედეგად, აირი პირდაპირ იმ ადგილას ხვდებოდა, საიდანაც კონდიციონერი იწოვდა ჰაერს. მოწამლულ ჰაერს.

კატერსონმა საქმე აღძრა არაგანზრახ მკვლელობის მუხლით. ორი წლის შემდეგ მემონტაჟე და მისი ბოსი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაამართლა.

დაკრძალვაზე 500-ზე მეტი ადამიანი მივიდა. "ჩვენ ყველას უნდა მოვუყვეთ ისტორიები მის შესახებ. ჩვენ ის ცოცხალი უნდა გვახსოვდეს", - ქვითინებდა ვიტასის საუკეთესო მეგობარი მერი კარილიო. კუბო იმათ მიჰქონდათ, რომლებიც ლიტველს ნამდვილად არ დაივიწყებენ - ლოიდს, ბორგს, კონორსსა და მაკინროის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ავტორს!
შესანიშნავი სტატიაა!
ლევანი
09:32 13-06-2017
0
"შეეზარათ", მაგარი იყო!!!!
გიორგი
09:17 13-06-2017
0

სიახლეები პოპულარული