მარია შარაპოვას მეორედ მოსვლა

AutoSharing Option
შტუტგარტის რიგით ტურნირზე უამრავმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი - მათი დაინტერესება გასაგებია, რადგან თითქმის წლინახევრიანი პაუზის შემდეგ, პირველ მატჩს ატარებდა დოპინგის მიღებისთვის დასჯილი მარია შარაპოვა.

რუსს საწყის მეტოქედ იტალიელი ვეტერანი რობერტა ვინჩი ერგო, რომლის კარიერის პიკი უკვე ორი წელია ჩავლილია. მარიას გაუჭირდა თამაშში შესვლა - ჯერ წააგო გეიმი მიღებაზე, შემდეგ კი საკუთარი მოწოდებაც დათმო - 0:2.

პრაქტიკულად სეტშიც და მატჩშიც გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე გეიმი, რომელშიც 17 ქულა გათამაშდა და შარაპოვამ მეხუთე ცდაზე შეასრულა უკუბრეიკი. ამის შემდეგ, მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერს საკუთარი
მოწოდება აღარ დაუთმია, პირველი სეტის მე-11 გეიმსა და მეორე სეტის კიდევ ორ გეიმში შეძლო ბრეიკების შეასრულება და საათსა და 45 წუთში გაიმარჯვა - 7:5, 6:3.

მარია, რომელიც უაილდ-ქარდის წყალობით თამაშობს შტუტგარტში, მეორე წრეში თანამემამულე ეკატერინა მაკაროვას შეხვდება. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში აგნიეშკა რადვანსკას მოუგო ორ სეტში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"