მას არავინ იცნობს იმის გამო, რომ გეი იყო - ყველაზე უცნობი საჩოგბურთო ჩემპიონის ისტორია

AutoSharing Option
თანამედროვე სამყაროს წარმოდგენით, ჩოგბურთელი - არის ქედმაღალი სნობი, რომელიც მთელ მსოფლიოში ბიზნესკლასით მოგზაურობს და ყოველი ტურნირის მოგებისთვის მილიონებსა და მანქანებს იღებს.

შესაძლოა, ვიღაცები საჩოგბურთო მატჩებს არ უყურებენ, მაგრამ ყველას ექნება ნანახი ქუდები როჯერ ფედერერის ლოგოთი, მარია შარაპოვას რეკლამები ან კლიპი შაკირასა და რაფაელ ნადალის მონაწილეობით. და, შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ჩოგბურთის ე. წ. ღია ერამდე (60-იანი წლების ბოლო), მოთამაშეები ფულს კონვერტებით იღებდნენ და ნამდვილად არ იძენდნენ ბინებს ევროპაში...

ამერიკელი ბილ ტილდენი იმ ეპოქაში იყო სუპერვარსკვლავი, როცა ჩოგბურთს თეთრ შარვლებში
გამოწყობილნი ხის ჩოგნებით თამაშობდნენ. გასული საუკუნის 20-იან წლებში მან ათჯერ მოიგო "დიდი სლემის" ტურნირები. უძლიერესმა მოწოდებამ (ერთხელ ბურთი საათში 243 კილომეტრი სიჩქარით გაუშვა) და უკანა ხაზზე ჯიუტმა თამაშმა ის თავისი თაობის საუკეთესო მოთამაშედ აქცია.

კონკიას აბსოლუტური ისტორია: დაიბადა თუ არა, სამი უფროსი ძმა დიფტერიით გარდაიცვალა. 15 წლის იყო, როცა დედამისს ბრაიტის დაავადება (თირკმლის დაავადება კუნთების უცაბედი დაბუჟებით) აღმოუჩინეს და ის ინვალიდის სავარძელს მიეჯაჭვა. 21 წლის გახდა და ჯერ დედა გარდაეცვალა, შემდეგ მამა, ცოტა ხანში კი უფროსი ძმა ჰერბერტიც მათ გზას გაუდგა. დიდი ოჯახი, რომელიც ერთმანეთზე იდგა, ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით გაქრა.

ბილი ყველას ანადგურებდა იუნიორთა დონეზე, მაგრამ ჩოგბურთი პროფესიად დეიდა ბეტსის რჩევით აქცია. ტილდენი მასთან მშობლების სიკვდილის შემდეგ გადავიდა და პენსილვანიაში 48 წლამდე ცხოვრობდა. ბეტსის წყალობით, ბილი დეპრესიიდან გამოვიდა და ჩოგბურთი ცხოვრების აზრად გადააქცია. 20-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, მან ერთმანეთის მიყოლებით აიღო აშშ-ის ღია პირველობის ექვსი ტიტული და შვიდი დევისის თასი, 1925 წელს კი ზედიზედ 57 მატჩში გაიმარჯვა (წყვილებისა და მიქსტის მატჩების ჩათვლით).

დიად ჩემპიონებს არ შეუძლიათ ახსნან, როგორ გამოსდით რთული დარტყმები, მოჭრილი მოწოდებები და ზუსტი დარტყმები - ტილდენი მუდმივად ფიქრობდა თავისი წარმატების საიდუმლოზე და აღწერდა გამარჯვებულის ყველა მორალურ, ფიზიკურ და ემოციურ თვისებას. "თამაში - ეს არის ერთდროულად მეცნიერებაც და ხელოვნებაც, - წერდა ის. - ჩოგბურთი მაქსიმალურად იხსნება შენში მხოლოდ მაშინ, როცა შეისწავლი მას და აითვისებ თამაშის ყველა საზღვარს".

30-იან წლებში ტილდენი ჰოლივუდში გადავიდა - უბრალო ბავშვებისთვის და კინოვარსკვლავებისთვის საჩოგბურთო გაკეთილების მისაცემად. ჩემპიონი სიამოვნებით ატარებდა დროს ჩარლი ჩაპლინთან და ბურთის სწორად დარტყმას ასწავლიდა გრეტა გარბოსა და კეტრინ ჰეპბერნს. მან 30 ათასი დოლარი დახარჯა ფილმ "დრაკულას" გადასაღებად, რომელშიც თავად თამაშობდა მთავარ როლს - სურათი 16 კვირა რჩებოდა გაქირავებაში, მაგრამ მაინც ჩავარდა. ტილდენი წერდა მოთხრობებს თამამ და მამაც, მაგრამ საზოგადოებისგან გარიყულ სპორტსმენებზე და ბროდვეის დიდებაზე ოცნებობდა. ჟურნალისტებმა მის წიგნებზე დაწერეს: "ტილდენის ხელოვნება გაწელილი და ბანალურია, უმჯობესია, ჩოგბურთზე წეროს: თამაშის აღწერა უფრო გრაციოზულად გამოსდის". ჰონორარის დიდ ნაწილს ის დადგმებში ხარჯავდა, მაგრამ ერთ ცენტ მოგებასაც არ იღებდა.

მასტერ-კლასებზე ბილი მოსწავლეებს ეუბნებოდა - კარგი თამაშის სასწავლად მათ 20 გაკვეთილი დასჭირდებოდათ, ჩოგბურთისგან სიამოვნების მისაღებად - ექვსი თვე ვარჯიში: "ნებისმიერი, ვინც მომენტალურ დიდებას დაგპირდებათ, ან ოპტიმისტია, ან ჯადოქარი, ან მატყუარა". ის მამობრივი სიყვარულით ეპყრობოდა დამწყებ მოთამაშეებსა და ბოლბოებს - ოჯახიდან ხომ მხოლოდ დეიდა შემორჩა.

მოკრძალებული და მორცხვი მოზარდი, დროთა განმავლობაში, თამამ და დამაჯერებელ მამაკაცად იქცა. ტილდენი ღია ფერებში იცვამდა და არ მალავდა, რომ გეი იყო. და ეჭვი არ ეპარებოდა: პოპულარობა და ცნობადობა ნებისმიერი კრიტიკისგან დაიცავდა. სპორტსმენები არ ჭორაობდნენ მის პარტნიორებზე, მაგრამ 1946 წელს გაჩუმება შეუძლებელი იყო - ლოს ანჯელესის საჩოგბურთო კლუბში ბილი 14 წლის ბიჭთან დაინახეს.

40-იან წლებში ამერიკაშიც არ მოსწონდათ სხვანაირი სექსუალური ორიენტაცია და გეებს ზიზღით უყურებდნენ. ტილდენი ერთი წლით ჩაჯდა ციხეში, ვადაზე ადრე გამოვიდა (პირობითად) და... 1949 წელს შემთხვევითი თანამგზავრი შეაცდინა, რომელიც მანქანით ქალაქამდე მიიყვანა. ეს ყმაწვილიც არ იყო 21 წლის - და ამას მოჰყვა კიდევ 12 თვით პატიმრობა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ბილს ყველამ აქცია ზურგი - პენსილვანიის უნივერსიტეტმა ამოშალა ის კურსდამთავრებულთა სიიდან, ჯერმანთაუნის კლუბმა დევისის თასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო ჩამოხსნა. სასამართლომ ტილდენს აუკრძალა ბავშვების გაწვრთნა, საჩოგბურთო ტურმა კი - ტურნირებზე გამოჩენა. ბილი ლოს ანჯელესიდან კლივლენდში გაემგზავრა - მარტოხელა და გაუგებარი, როგორც მისი წიგნების გმირები.

ნაბოკოვის "ლოლიტაში" არის ჩოგბურთის ხანშიშესული ჩემპიონი "ბოლბოების ჰარემით" - ჰუმბერტ ჰუმბერტი ქირაობს მას, იცის რა მისი ჰომოსექსუალიზმის შესახებ. რუსი მწერალი რედაქტორებს პროტოტიპის შესახებ უამბობდა - რეალურმა ჩოგბურთელმა სამი უიმბლდონი მოიგო და 1953 წელს გარდაიცვალა. მხოლოდ ერთი ადამიანი შეეფერებოდა ამ აღწერილობას. პირიქით წაიკითხეთ გმირის სახელი - Ned Litam. მა ტილდენი - ასე წარუდგენდა ხოლმე თავის თავს ბილი შემთხვევით ნაცნობებს.

ის მარტოობაში გარდაიცვალა - 60-იან წლებში საკუთარ საწოლში. წარმატებულ ჩოგბურთელს თითქმის აღარ დარჩა მეგობრები და ფული - ბინაში მხოლოდ 283 დოლარი იპოვეს. ტილდენის სიკვდილიდან 23 წლის შემდეგ მისი ბიოგრაფი ფრენკ დეფორდი მივიდა ჩოგბურთელის საფლავთან და იქ აღმართულ მოკრძალებულ და არასაზეიმო ქანდაკებაზე ასეთი რამ თქვა:

"ეს არის ერთადერთი ძეგლი ყველაზე დიდი ჩოგბურთელისა, რაც კი აქამდე დედამიწას უნახავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული