რეიტინგები: ფედერერი ზემოთ ავიდა და... პაუზა გააკეთა

AutoSharing Option
მაიამიში ჩატარებული ტურნირების შემდეგ, რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა...

ისევ დიდი ტურნირის ფინალში ითამაშეს როჯერ ფედერერმა და რაფაელ ნადალმა. და შვეიცარიელმა, 2017 წელს უკვე მესამედ მოუგო ესპანელს. "საჩემპიონო რბოლაში" ფედერერი თითქმის ორი ათასი ქულით დაშორდა ნადალს, სამი ათასზე მეტით - მარეისა და ჯოკოვიჩს. თუმცა, როჯერმა განაცხადა, რომ როლან გაროსამდე არც ერთ ტურნირში არ ითამაშებს, ანუ გამოტოვებს გრუნტის სამ "მასტერსს" - მონტე კარლოს, მადრიდსა და რომს.

ცოტა ხნის წინ, ATP-ის რეიტინგში ფედერერი მე-17 ადგილამდე იყო დაქვეითებული, სეზონში მესამე ტიტულის მოგების შემდეგ კი
მეოთხე ადგილზე ავიდა. ნადალმაც ორი საფეხურით აიწია და მეხუთე ნომერია. ასე რომ, ახლა, ტოპ-ხუთეულში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბს მაიამიში ტრავმის გამო არ უთამაშია და 1000 ქულა დაკარგა. ახლა ის მარეის 4 ათასი ქულით ჩამორჩება. და ეს იმ დროს, როცა თავად ბრიტანელიც ჯერ ვერ ბრწყინავს.

კეი ნიშიკორიმ ვერ შეძლო შარშანდელი ფინალის დაცვა და მეოთხედან მეშვიდე ადგილამდე დაეშვა. ჯეკ სოკმა ზედიზედ მეოთხე "მასტერსზე" მიაღწია მინიმუმ მეოთხედფინალამდე. შთამბეჭდავმა სერიამ ამერიკელს საშუალება მისცა მე-15 პოზიციამდე მისულიყო. ფლორიდაში გაიბრწყინა ფაბიო ფონინიმ, რომელმაც ნახევარფინალამდე მიაღწია. იტალიელმა მე-40-დან 28-ე პოზიციამდე გადაინაცვლა, არადა, ის ამერიკული ტურნირების გამოტოვებას აპირებდა, რადგან მალე მამა უნდა გახდეს.

* * *
შეიცვალა ლიდერი წყვილთა რეიტინგში. ნიკოლა მაუ 38 კვირა იყო ლიდერი, მაგრამ მაიამიში პარტნიორის ტრავმამ დააღალატა - ერბერის გამო, ფრანგები მოიხსნენ ტურნირიდან. პირველ ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდათ ლეგენდარულ ბრაიანებს, მაგრამ ნახევარფინალში წააგეს.

პირველ პოზიციაზე კი გადავიდა 26 წლის ფინელი ჰენრი კონტინენი. ის მამაკაცთა წყვილთა თანრიგის რიგით 50-ე ლიდერი გახდა. გარდა ამისა, პირველი ფინელია, ვინც ATP-ის ან WTA-ის რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.

* * *
ანჟელიკ კერბერმა ისევ მოკრძალებული ტურნირი ჩაატარა - მეოთხედფინალში დამარცხდა. მიუხედავად ამისა, მაიამიში მოპოვებული ქულები საკმარისი აღმოჩნდა მინიმუმ ორი კვირით რეიტინგში ლიდერობის შესანარჩუნებლად.

კაროლინა პლიშკოვამ მარტის ორივე ტურნირზე ნახევარფინალამდე მიაღწია. ჩეხი უკვე სულ რაღაც 1330 ქულით ჩამორჩება კერბერს. თეორიულად, კაროლინას უკვე გრუნტის სეზონის მსვლელობისას შეუძლია პირველ ადგილზე გადასვლა. "ჩემპიონთა რბოლაში" კი ის უკვე პირველ ადგილზეა, თუმცა, აქ სხვაობები ძალიან მცირეა და პლიშკოვასთან 220 ქულის ფარგლებში არიან - კონტა, ვოზნიაცკი და დები უილიამსები.

მაიამიში გამარჯვება კი იოჰანა კონტამ მოიპოვა. მან კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია და თავისთვის სარეკორდო მეშვიდე ადგილამდე ავიდა. ამ სეზონში ის ყველაზე წარმატებული ბრიტანელი მოთამაშეა, რადგან ენდი მარეი მამაკაცთა "საჩემპიონო რბოლაში" მხოლოდ მე-12 ადგილზეა.

გარდა ამისა, ათეულში დაბრუნდა მაიამის ნახევარფინალისტი, 36 წლის ვინუს უილიამსი. იოჰანამ და ვინუსმა ტოპ-ათეულიდან გამოაგდეს მედისონ კისი და ელინა სვიტოლინა. სულ ახლოს არის კაროლინ ვოზნიაცკი, რომელსაც ამ სეზონში უკვე სამი ფინალი ჰქონდა. თუმცა, სამივე წააგო ორ-ორ სეტში. დანიელს მხოლოდ 55 ქულა არ ჰყოფნის მეათე პოზიციამდე. სამაგიეროდ, ვოზნიაცკის არაფრის დაცვა არ უწევს ამერიკის ღია პირველობამდე, რადგან შარშან გამოტოვა გრუნტის სეზონი, შემდეგ კი წაგებების სერია ჰქონდა.

უნდა აღვნიშნოთ ლუსი საფაროვას წარმატებული გამოსვლა. ჩეხი მეოთხედფინალამდე მივიდა და 36-დან 28-ე ადგილამდე ავიდა. ამავე ეტაპამდე მივიდა მირიანა ლუჩიჩი. 35 წლის ჩეხმა თავისი სარეიტინგო რეკორდი 23-ე პოზიციამდე აიყვანა.

ATP. TOP10
1(1). ენდი მარეი (ბრიტ) - 11 960
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) - 7 915
3(3). სტენ ვავრინკა (შვეიც) - 5 785
4(6). როჯერ ფედერერი (შვეიც) - 5 305
5(7). რაფაელ ნადალი (ესპ) - 4 735
6(5). მილოშ რაონიჩი (კან) - 4 345
7(4). კეი ნიშიკორი (იაპ) - 4 310
8(9). მარინ ჩილიჩი (ხორ) - 3 385
9(8). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 3 385
10(10). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) - 3 265

WTA. TOP10
1(1). ანჟელიკ კერბერი (გერ) - 7 340
2(2). სერენა უილიამსი (აშშ) - 7 010
3(3). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) - 6 020
4(4). დომ. ციბულკოვა (სლოვაკ) - 5 245
5(5). სიმონა ჰალეპი (რუმ) - 5 022
6(6). გარბინ მუგურუსა (ესპ) - 4 790
7(11). იოჰანა კონტა (ბრიტ) - 4 330
8(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) - 4 290
9(7). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) - 4 025
10(12). ვინუს უილიამსი (უკრ) - 3 865

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული