მაიამის "მასტერსი": რაფაელ ნადალი სანახევროდ შერცხვა

AutoSharing Option
მაიამიში მიმდინარე "მასტერსზე" 1/16 ფინალი დაიწყო. გუშინ, მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, რაფაელ ნადალისკენ იყო მიპყრობილი, რომელიც პროფესიულ კარიერაში მე-1000 შეხვედრას ატარებდა. და ესპანელისთვის კინაღამ წაგებით დასრულდა ეს საიუბილეო შეხვედრა.

ნადალის მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იყო, რომელსაც რაფა ურთიერთშეხვედრებში 13:1-ს უგებდა. ეს ერთადერთი მარცხი ესპანელმა 2012 წელს, ჰალეს ბალახის კორტზე იწვნია.

რაფაელისთვის მეათასე შეხვედრა კოშმარულად დაიწყო. პირველ პარტიაში, რომელიც 25 წუთი გაგრძელდა, კოლშრაიბერმა ნადალის გეიმებში 20-დან 13 ქულა (65 პროცენტი) აიღო და სამი ბრეიკი შეასრულა, ესპანელმა კი ორი ბრეიკ-პოინტი ვერ
გამოიყენა და 0:6 განადგურდა.

მაგრამ მეორე სეტიდან კორტზე სულ სხვა ნადალი ვიხილეთ. მომდევნო ორ სეტში გერმანელს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მიუღია. მეორე პარტიაში 2:2-დან მოყოლებული, ესპანელმა ორი ბრეიკი შეასრულა და ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, მესამეში კი თავიდანვე მოიგო მეტოქის მოწოდება და უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა. მესამე სეტში ნადალმა თავის გეიმებში მხოლოდ ერთი ქულა დათმო. რაფამ კარიერაში 822-ე გამარჯვება ასეთი ანგარიშით მოიპოვა - 0:6, 6:2, 6:3. ესპანელის შემდეგი მეტოქე იქნება ფრანგი ნიკოლა მაუ.

1000-იანთა კლუბი
მატჩი მოგ/წაგ
1. ჯიმი კონორსი 1 535 1 256/279
2. როჯერ ფედერერი 1 340 1 094/246
3. ივან ლენდლი 1 310 1 068/242
4. გილერმო ვილასი 1 215 929/286
5. ანდრე აგასი 1 144 870/274
6. ილიე ნასტასე 1 085 780/305
7. ჯონ მაკინროი 1 075 877/198
8. სტეფან ედბერგი 1 071 801/270
9. დავიდ ფერერი 1 034 696/338
10. ბრაიან გოტფრიდი 1 004 680/324
11. რაფაელ ნადალი 1 000 822/178

* * *
ბადის ქვედა მხარეს ნადალის მთავარ კონკურენტად იაპონელი კეი ნიშიკორი მოიაზრება და მასაც რთული ბრძოლის გადატანა მოუწია ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ. მათი შეხვედრა ორი საათი და 44 წუთი გაგრძელდა და კეიმ სამ სეტში მოიგო - 7:6(2), 6:7(5), 6:1. იაპონელი, რომელიც მაიამიში შარშან ფინალამდე მივიდა, ზედიზედ მეოთხედ გავიდა ამ ტურნირის მერვედფინალში.

ნიშიკორის შეეძლო გაცილებით იოლად მოეგო ეს შეხვედრა, მაგრამ პირველ სეტში 3:0 უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, მეორეში კი 5:4-ზე მატჩზე ვერ ჩააწოდა და ერთი მატჩბოლი გაფლანგა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ჩოგბურთელი ძალიან ბევრ შანსს აფუჭებდა - მათ ჯამში 28-დან მხოლოდ რვა ბრეიკ-პოინტი გამოიყენეს. იაპონელის შემდეგი მეტოქე არგენტინელი ფედერიკო დელბონისი იქნება.

* * *
ამერიკელმა ჯეკ სოკმა სეზონში მე-17 მატჩი მოიგო და ლიდერობს წელს ამ მაჩვენებლით გრიგორ დიმიტროვთან, ჟო-ვილფრიდ ცონგასთან და დომინიკ ტიმთან ერთად. ამასთან, ამერიკელს მხოლოდ სამი წაგება აქვს.

სოკმა მერვედფინალში გასასვლელად ჩეხი ირჟი ვესელი დაამარცხა. პირველი სეტის იოლად მოგების შემდეგ, მასპინძელი მეორეში 3:5 ჩამორჩა, მაგრამ გადაარჩინა პარტია - 6:3, 7:6(0).

* * *
ბადის ქვედა ნაწილის კიდევ ერთი ფავორიტი მილოშ რაონიჩი ჯარედ დონალდსონის წინააღმდეგ მატჩისთვის მოთელვას გადიოდა, როცა ფეხში ტკივილი იგრძნო და თამაშზე უარი განაცხადა. ბოლო პერიოდში კანადელს არ უმართლებს. შეგახსენებთ, რომ მილოშმა ამ თვის დასაწყისში, ასევე ტრავმის გამო, ინდიან უელსის "მასტერსი" გამოტოვა.

1/16 ფინალი
ნიშიკორი (იაპ, 2)-ვერდასკო (ესპ, 25) 7:6(2), 6:7(5), 6:1
დონალდსონი (აშშ)-რაონიჩი (კან, 3) უარი
ნადალი (ესპ, 5)-კოლშრაიბერი (გერ, 26) 0:6, 6:2, 6:3
სოკი (აშშ, 13)-ვესელი (ჩეხ) 6:3, 7:6(0)
დელბონისი (არგ)-შტრუფი (გერ) 7:6(5), 6:1
ფონინი (იტა)-შარდი (საფ) 3:6, 6:4, 6:4
მაუ (საფ)-პეია (არგ) 6:4, 6:3
იანგი (აშშ)-პერი (საფ) 7:6(2), 6:4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული