ინდიან უელსი: მოხუცი როჯერის რეკორდი

AutoSharing Option
როცა გასულ წელს, შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი ნაადრევად დაემშვიდობა 2016 წლის სეზონს და თითქმის ნახევარწლიანი პაუზა აიღო, ბევრს ეჭვი შეეპარა, რომ "დიდი სლემის" 17-გზის ჩემპიონი ოდესმე ისევ შეძლებდა მაღალ დონეზე თამაშს.

ალბათ, როჯერის ყველაზე ერთგული გულშემატკივრებიც კი ვერ იფიქრებდნენ, რომ 2017 წლის სტარტიდან ორთვენახევარში, ფედერერს მოგებული ექნებოდა მიმდინარე სეზონის ორი უმსხვილესი ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა და ინდიან უელსის "მასტერსი", სადაც ის ბადის იმ ნაწილში მოხვდა, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, ხუან მარტინ დელ პოტრო და ნიკ კირგიოსი იყვნენ.

მართალია,
შვეიცარიელმა მეოთხედფინალური ბარიერი უბრძოლველად გაიარა, მაგრამ ასეა თუ ისე, მან ნადალსა და სტენ ვავრინკას მოუგო და ტიტულამდე ისე მივიდა, ერთი სეტიც არ წაუგია.

როჯერი პირად შეხვედრებში 19:3-ს უგებდა ვავრინკას. ამასთან, სტენს სამივე თამაში გრუნტზე ჰქონდა მოგებული. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, ფედერერის ფავორიტობაზე მეტყველებდა. მაგრამ არც იმის დავიწყება ივარგებდა, რომ თუ ვავრინკა რომელიმე დიდი ტურნირის ნახევარფინალამდე ან ფინალამდე მიდის, მისი შეჩერება ურთულესი ამოცანა ხდება.

ფინალის პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. საწყის ცხრა გეიმში ისინი დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს და საქმე ერთხელაც არ მისულა "თანაბრამდე". გეიმები მოკლე დროში სრულდებოდა და ლოგიკურად, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა. მაგრამ, როჯერმა არ ისურვა მე-13 გეიმის თამაში და 5:4-ზე ვავრინკას გეიმში არც მაშინ დანებდა, როცა 0:30 ჩამორჩა. ფედერერს მეტოქე შეცდომით დაეხმარა, შემდეგ ორი გრძელი გათამაშება მოიგო და საბოლოოდ, აბსოლუტურად თანაბარი სეტი როჯერს ერგო - 6:4.

მეორე პარტია სხვა სცენარით წარიმართა. ვავრინკამ თავიდანვე შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. სხვათა შორის, ეს იყო პირველი გეიმი, რომელიც როჯერმა ინდიან უელსში საკუთარ მოწოდებაზე წააგო. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ფედერერის დროებითი ჩავარდნა. მალე ის ძველ დონეზე დაბრუნდა და ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რის შემდეგაც, თანაფარდობა აღადგინა.

ამის შემდეგ, ჩოგბურთელები ისევ დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს და ამჯერად, კიდევ უფრო მიუახლოვდნენ ტაი-ბრეიკს. და ისევ, ფედერერმა უმნიშვნელოვანეს მომენტში მოუმატა, ვავრინკამ კი კვლავ შეცდომები დაუშვა. არ შეიძლება იმის თქმა, რომ როჯერი ისევე დაფრინავდა კორტზე, როგორც ნადალის წინააღმდეგ, მაგრამ მთავარი საბოლოო შედეგი იყო - 6:4, 7:5.

ფედერერი მეშვიდედ იყო ინდიან უელსის ფინალში და მეხუთე ტიტული მოიპოვა, სულ კარიერაში 90-ე გამარჯვებას მიაღწია, 25-ე ტიტული აიღო "მასტერსის" სერიის ტურნირებზე და რაც მთავარია, მორიგი რეკორდი დაამყარა - 35 წლის როჯერი "მასტერსის" სერიის ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია. წინა რეკორდი ამერიკელ ანდრე აგასის ეკუთვნოდა, რომელმაც ამ დონის ტურნირზე 34 წლის ასაკში გაიმარჯვა.

ორ დღეში ანალოგიური დონის ტურნირი - მაიამის "მასტერსი" იწყება, სადაც ბევრი ვარსკვლავი არ ითამაშებს - ენდი მარეი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ჟო-ვილფრიდ ცონგა, რიშარ გასკე, გაელ მონფილსი და სხვები. ამიტომაც, როჯერი ე. წ. Sunshine Double-ს დაუმიზნებს - ეს მარტის ორი "მასტერსის" მოგებას ნიშნავს.

კაცები
ფინალი
ფედერერი (შვეიც, 9)-ვავრინკა (შვეიც, 3) 6:4, 7:5

ქალები
ფინალი
ვესნინა (რუს, 14)-კუზნეცოვა (რუს, 8) 6:7(6), 7:5, 6:4

როჯერის 90 ტიტული
2017 ინდიან უელსი, ავსტრალიის ღია
2015 ბაზელი, ცინცინატი, ჰალე, სტამბოლი, დუბაი, ბრისბენი
2014 ბაზელი, შანხაი, ცინცინატი, ჰალე, დუბაი
2013 ჰალე
2012 ცინცინატი, უიმბლდონი, მადრიდი, ინდიან უელსი, დუბაი, როტერდამი
2011 შემაჯამებელი, პარიზი, ბაზელი, დოჰა
2010 შემაჯამებელი, ბაზელი, სტოკჰოლმი, ცინცინატი, ავსტრალიის ღია
2009 ცინცინატი, უიმბლდონი, როლან გაროსი, მადრიდი
2008 ბაზელი, აშშ-ის ღია, ჰალე, ოეირაში, დროთა ომი
2007 აშშ-ის ღია, უიმბლდონი, ავსტრალიის ღია, შანხაი, ბაზელი, ცინცინატი, ჰამბურგი, დუბაი
2006 შანხაი, ბაზელი, მადრიდი, ტოკიო, აშშ-ის ღია, ტორონტო, უიმბლდონი, ჰალე, მაიამი, ინდიან უელსი, ავსტრალიის ღია, დოჰა
2005 ბანგკოკი, აშშ-ის ღია, ცინცინატი, უიმბლდონი, ჰალე, ჰამბურგი, მაიამი, ინდიან უელსი, დუბაი, როტერდამი, დოჰა
2004 ჰიუსტონი, ბანგკოკი, აშშ-ის ღია, ტორონტო, გშტაადი, უიმბლდონი, ჰალე, ჰამბურგი, ინდიან უელსი, დუბაი, ავსტრალიის ღია
2003 ჰიუსტონი, ვენა, უიმბლდონი, ჰალე, მიუნხენი, დუბაი, მარსელი
2002 ვენა, ჰამბურგი, სიდნეი
2001 მილანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული