ძველი ისტორიები: ნადალმა და ჯოკოვიჩმა ისევ ფედერერთან და კირგიოსთან წააგეს

AutoSharing Option
ინდიან უელსში სრულად ჩატარდა მერვედფინალური ეტაპი. რა თქმა უნდა, რვა მატჩიდან ორის მისამართით განსაკუთრებული ინტერესი იყო: რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის 36-ე დაპირისპირება და ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ნიკ კირგიოსის მეორე მატჩი ბოლო სამ კვირაში. შეიძლება თამამად ითქვას, რომ არც ერთმა შეხვედრამ არ გაამართლა მოლოდინი.

ავსტრალიის ღიაზე ხუთსეტიანი ფინალის შემდეგ, ფედერერისგან და ნადალისგან მორიგ "თრილერს" ელოდნენ, მაგრამ, ამჯერად, როჯერმა თითქმის იდეალური მატჩი ჩაატარა. ლეგენდას ბრწყინვალედ გამოსდიოდა მარცხნიდან დარტყმა, დაფრინავდა კორტზე, აქტიურად იღებდა ბურთს, გადიოდა ბადესთან...

ნადალმა, უბრალოდ, არ იცოდა, რა მოეხერხებინა
ასეთი ფედერერისთვის, რომელმაც თამაში 26 "ვინერსით" და 17 უნებლიე შეცდომით დაასრულა. მთელი მატჩის განმავლობაში, რომელიც საათი და 10 წუთი გაგრძელდა, ნადალს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, ფედერერმა კი ხუთიდან ოთხი ასეთი შანსი გარდასახა მომგებიან ქულაში და თითო პარტიაში ორ-ორი ბრეიკი შეასრულა.

ასე რომ, ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირებაში ანგარიში გახდა 24:12 ნადალის სასარგებლოდ. ფედერერმა კარიერაში პირველად მოუგო ზედიზედ სამი მატჩი ესპანელს.

* * *
ფედერერის მეტოქე ჯოკოვიჩისა და კირგიოსის შეხვედრაში ირკვეოდა. ორი კვირის წინ, ეს ჩოგბურთელები აკაპულკოს ტურნირის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ, ავსტრალიელმა ორ სეტში გაიმარჯვა. ისტორია ინდიან უელსში განმეორდა.

კირგიოსმა იდეალურად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე - სულ მატჩში 11 გეიმი იყო მის მოწოდებაზე და მხოლოდ ერთში დაფიქსირდა ანგარიში - "თანაბარი", დანარჩენ შემთხვევებში კი ნიკი იოლად იღებდა თავის მოწოდებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნოვაკს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია!

პირველი სეტი კირგიოსმა ბრეიკით დაიწყო და შემდეგ, კიდევ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. საწყისი პარტიის შემდეგ, ჯოკოვიჩმა ჩოგანი დაამსხვრია, რამაც დადებითად იმოქმედა მის თამაშზე, ყოველ შემთხვევაში, საკუთარ გეიმი აღარ წაუგია, თუმცა ასეთი საფრთხე იყო 5:6-ზე, მაგრამ სერბმა ორივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია. დაინიშნა ტაი-ბრეიკი და იქაც, ჯოკოვიჩმა ერთი მინი-ბრეიკიც ვერ შეასრულა და კირგიოსმა იოლად დაასრულა საქმე - 6:4, 7:6(3).

* * *
კიდევ ერთი ფავორიტი სტენ ვავრინკა დიდი გაჭირვებით გავიდა მეოთხედფინალში. შვეიცარიელი ივო კარლოვიჩისა და ტომაშ ბერდიხის მძლეველს, იაპონელ იოშიჰიტო ნიშიოკას ხვდებოდა და ახლოს იყო წაგებასთან. მატჩის ბოლოს, აზიელი იმ დროს ანერვიულდა, როცა ორჯერ ვერ ჩააწოდა მატჩზე. 54 უნებლიე შეცდომის მიუხედავად, ვავრინკამ სამ სეტში მოიგო - 3:6, 6:3, 7:6(4).

კაცები
1/8 ფინალი

კუევასი (ურუ, 27)-გოფენი (ბელ, 11) 6:3, 3:6, 6:3
კირგიოსი (ავსტრა, 15)-ჯოკოვიჩი (სერ, 2) 6:4, 7:6(3)
სოკი (აშშ, 17)-ჟაზირი (ტუნ) 4:6, 7:6(1), 7:5
ფედერერი (შვეიც, 9)-ნადალი (ესპ, 5) 6:2, 6:3
ვავრინკა (შვეიც, 3)-ნიშიოკა (იაპ) 3:6, 6:3, 7:6(4)
ტიმი (ავსტრია, 8)-მონფილსი (საფ, 10) 6:3, 6:2
კარენო ბუსტა (ესპ, 21)-ლაიოვიჩი (სერ) 6:4, 7:6(5)
ნიშიკორი (იაპ, 4)-იანგი (აშშ) 6:2, 6:4

1/4 ფინალი
კარენო ბუსტა (ესპ, 21)-კუევასი (ურუ, 27)
ვავრინკა (შვეიც, 3)-ტიმი (ავსტრია, 8)
ნიშიკორი (იაპ, 4)-სოკი (აშშ, 17)
კირგიოსი (ავსტრა, 15)-ფედერერი (შვეიც, 9)

ქალები
1/4 ფინალი

კუზნეცოვა (რუს, 8)-პავლიუჩენკოვა (რუს, 19) 6:3, 6:3
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-მუგურუსა (ესპ, 7) 7:6(2), 7:6(5)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული