რევოლუციონერი - ბილი ჯინ კინგის ისტორია, ვინც სექსიზმს ებრძოდა და WTA შექმნა

AutoSharing Option
იმ დღეს, როცა უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ რუზველტი და ჩან კაიში ქაიროში იაპონიის ბედს წყვეტდნენ, ლონგ-ბიჩში მეთოდისტთა ("მეთოდიზმი", "მეთოდისტური ეკლესია" - პროტესტანტული კონფესია, რომელიც, ძირითადად, აშშ-სა და ბრიტანეთშია გავრცელებული) ოჯახში ბილი ჯინ მოფიტი დაიბადა.

ეკლესიის წესების თანახმად, გოგონას ფერმერის ან ქარხნის მუშის ოჯახში დიასახლისის მორჩილი როლი ელოდა. მაგრამ წარმოშობამ ვერ შეაჩერა უიმბლდონის მომავალი რეკორდსმენი: ბავშვობიდან მოყოლებული, ბილი არავის აძლევდა უფლებას - მისთვის რაიმე ებრძანებინა.

სპორტისადმი მისი სიყვარული ბიჭებთან და ძმასთან ერთად თამაშისას გაჩნდა: ამერიკული ფეხბურთი, კალათბურთი და, რა თქმა უნდა, ბეისბოლი.
10 წლის ბილი ჯინი 15 წლის გოგონებთან ერთად, სოფტბოლში ლონგ ბიჩის ნაკრებში გამოდიოდა და გამარჯვება მოჰქონდა თავისი გუნდისთვის. მაგრამ, მისი პირველი სიყვარული ჩოგბურთი გახდა - თანაც, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ხუთი წლის ასაკში ბილი ჯინმა მტკიცედ განაცხადა, რომ ისტორიაში შევიდოდა, ათი წლისამ კი მშობლებს თავდაჯერებულმა უთხრა: "ვარჯიშმა შესანიშნავად ჩაიარა. მინდა მთელი ცხოვრება ჩოგბურთი ვითამაშო".

ბილი ჯინის კარიერა 40 წლამდე გაგრძელდა, მაგრამ თავის ბოლო სეზონშიც, ის თანაბრად ეთამაშებოდა ახალგაზრდებს და უგებდა მათ. 39 წელი, 7 თვე და 23 დღე - WTA-იში "ასაკობრივი" გამარჯვების (ბირმინგემი-1983) რეკორდი დღემდე ძალაშია. კარიერის დასაწყისში ფული თითქმის არ ჰქონდა. ბილი ჯინმა ჩოგანი დაზოგილი რვა დოლარით (ამჟამინდელი ეკვივალენტით - 72 დოლარი) შეიძინა, ხოლო იმ დროისთვის ტრადიციული საჩოგბურთო ქვედაბოლო უბრალო მოკლე შარვლით შეცვალა. სამაგიეროდ, 1971 წელს, მან ქალებს შორის პირველმა გამოიმუშავა სეზონში 100 ათასი დოლარი.

ბილი ჯინი ბავშვობიდანვე ცდილობდა - არ ჩამორჩენოდა მამაკაცებს, ამიტომაც, ქალთა ჩოგბურთში მათი ილეთები შეიტანა. მძლავრი მოწოდებითა და ჰაერიდან დარტყმებით, დაბალი (164 სმ), მაგრამ ძლიერი და ფოლადივით გამძლე გოგონა ანადგურებდა თავის მეტოქეებს. 12 მოგება "დიდი სლემის" ტურნირებზე, კარიერული "დიდი სლემი" ერთეულთა თანრიგსა და მიქსტში და 129 ტიტული 24-წლიანი კარიერის განმავლობაში. მაგრამ კორტის მიღმა, ის კიდევ უფრო მეტს მუშაობდა.

60-იან წლებში, ჩოგბურთელები გაცილებით ნაკლებს იღებდნენ, ვიდრე ახლა. ქალების ჰონორარი კი ძალიან ჩამოუვარდებოდა მამაკაცებისას. კაცებს შორის, 1968 წლის უიმბლდონის გამარჯვებულს 2 ათასი ფუნტი ერგებოდა, ქალებში ტრიუმფატორს კი მხოლოდ 750 ფუნტი (შესაბამისად, 24 და 9 ათასი დღევანდელი ეკვივალენტით).

ქალთა ჩოგბურთის ელიტაში გადასვლის შემდეგ, ბილი ჯინი კიდევ უფრო ჯიუტი და მონდომებული გახდა - ის ულტიმატუმებს უყენებდა ორგანიზატორებს და აშანტაჟებდა კიდეც მათ. კარიერის განადგურების რეალური რისკი მას არ აშინებდა - ერთ-ერთი ასეთი ბოიკოტის შემდეგ, ამერიკის ჩოგბურთის ფედერაციამ მისი ლიცენზია შეაჩერა. 1971 წელს, აშშ-ის ღიას მოგების შემდეგ, გოგონამ დაიმუქრა, რომ მომავალ წელს აღარ მიიღებდა მონაწილეობას, თუ ორგანიზატორები არ გაათანაბრებდნენ ქალთა ჰონორარებს მამაკაცთა საპრიზოებთან. 1973 წელს, ამერიკული ტურნირი პირველი იყო "დიდი სლემის" ჩემპიონატების სერიიდან, რომელიც ქალებისთვისა და მამაკაცებისთვის თანაბარი საპრიზო თანხის გადახდით გამოვიდა. ეს ინიციატივა სხვა ტურნირებმაც აიტაცეს.

რა თქმა უნდა, დათმობებზე ყველა არ მიდიოდა. 1970 წელს, წყნარი ოკეანის ჩემპიონატის ორგანიზატორმა ჯეკ კრამერმა (ის ATP-ის დაარსების სათავეებთან იდგა) უარი თქვა ქალებისთვის ჰონორარის გაზრდაზე, რომელიც მთელი საპრიზო ფონდის 15 პროცენტს შეადგენდა და ამით, ქალთა ჩოგბურთის ლიდერთა ბოიკოტი გამოიწვია. კრამერი დარწმუნებული იყო, რომ მაყურებლებისთვის ქალთა ჩოგბურთის სარფიანად გაყიდვა შეუძლებელია, მაგრამ მწარედ ცდებოდა.

როზი კაზალსი, ნენსი რიჩი, კერი მელვილი, ჯეინ ბარტკოვიჩი, კრისტი პიჯეონი, ჯუდი დალტონი, ვალერი ზეგენფასი და ბილი ჯინ კინგი ბოიკოტს უცხადებდნენ კრამერის ტურნირს. მათ კონტრაქტი გააფორმეს ჟურნალ World Tennis-თან და სიგარეტის ბრენდთან Virginia Slims-თან და საკუთარი ახალი ტურნირი ჩაატარეს ჰიუსტონში.

მომდევნო წელს, გაჩნდა ტურნირების სერია, სახელწოდებით, Virginia Slims Circuit, რომელსაც იმავე წელს შეერწყა ქალთა ტური - ILTF-ის გრანპრი (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია), ხოლო 1973 წლის უიმბლდონის წინ, ბილი ჯინ კინგმა 60 წამყვან ქალ ჩოგბურთელთან ერთად, შეხვედრა ჩაატარა სასტუმრო "გლოჩესტერში".

და ყველა ჩოგბურთელი ოფიციალურად შევიდა ახალ ორგანიზაციაში - ქალთა საჩოგბურთო ასოციაციაში (WTA). სპონსორებმა, ტელეკომპანიებთან კონტრაქტებმა (პირველი - 1974 წელს CBS-თან), ახალმა ტურნირებმა და დამატებითმა პიარმა ქალთა ჩოგბურთი მამაკაცებისგან დამოუკიდებლად აქცია.

1971 წელს, ბილი ჯინ კინგის წლიურმა შემოსავალმა სარეკორდო 100 ათასი შეადგინა, 1975 წელს კი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კრის ევერტმა მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

შემდეგი დარტყმა უთანასწორობას ჩოგბურთელმა უკვე კორტზე მიაყენა. მან ფანტასტიკური ანტურაჟის მატჩში დაამარცხა თავისი მეგობარი, მაგრამ გამოუსწორებელი სექსისტი ბობი რიგსი, რითაც თავის ბრძოლას შთამბეჭდავი ფინალი გაუნაღდა. სქესთა ბრძოლას პირდაპირ ეთერში 40 მილიონმა მაყურებელმა უყურა. ის მატჩი უფრო კარგად ახსოვთ, ვიდრე კინგის ექვსი ტიტული უიმბლდონზე.

მაგრამ ბედისწერამ ბილი ჯინის მებრძოლი სული და თვისებები შემდეგაც გამოიყენა. 21 წლის ასაკში, კინგი ცოლად გაჰყვა ჩოგბურთელ ლოურენს კინგს, რომელიც შემდეგ, მეუღლეს ეხმარებოდა WTA-ის ჩამოყალიბებაში. საკუთარი აღიარებით, მას გულწრფელად უყვარდა ქმარი და ამიტომაც დათანხმდა ქორწინებას - ზეწოლა მეთოდისტი მშობლების მხრიდან არ ყოფილა. მაგრამ შვიდი წლის შემდეგ, ბილიმ აბორტი გაიკეთა, რადგან ჩათვალა, რომ ქორწინება საკმარისად მყარი არ იყო ბავშვის დაბადებისთვის. ამ ამბამდე სამი წლით ადრე, გააცნობიერა ჰომოსექსუალიზმი და მალავდა ამას:

"ვყოყმანობდი და საკუთარი თავის გამო მრცხვენოდა". მისი აღიარება 1981 წელს იძულებითი აღმოჩნდა - ამოტივტივდა შემთხვევითი კავშირი მდივან მერილინ ბარნეტთან, რომელმაც სასამართლოს ძალით მოითხოვა კომპენსაცია ურთიერთობის გაწყვეტისთვის.

ბილი ჯინ კინგი თავს არ უხრიდა არანაირ გარემოებას. როცა მხედველობა გაუფუჭდა, სათვალე გაიკეთა, რაც მისი სავიზიტო ბარათი გახდა. 1980 წელს, მარტინა ნავრატილოვასთან მატჩში, სათვალე გაუტყდა და წააგო, მაგრამ გამონახა ძალა - ყველაფერი ხუმრობაში გაეტარებინა: "ალბათ, ეს არის ერთადერთი მატჩი, რომლის შემდეგაც შევძლებ ყველაფერი ჩემს ცუდ მხედველობას დავაბრალო".

დიადი ჩემპიონი ნიუ იორკში სამხრეთაფრიკელ ჩოგბურთელთან ილანა კლოსთან ერთად ცხოვრობს. ამერიკელი აგრძელებს ბრძოლას ამ შეშლილ სამყაროში - პროპაგანდას უწევს სქესთა თანასწორობას სპორტში და აქტიურად ებრძვის შიდსს, მონაწილეობს სპეციალურ გადაცემებსა და ფილმებში, გამოდის საქველმოქმედო ტურნირებში ელტონ ჯონთან, ჯონ მაკინროისთან და კიმ კლაისტერსთან ერთად...

ბილი ჯინ კინგს იშვიათად იხსენებენ, როგორც უიმბლდონის ექვსგზის ჩემპიონს: მისი ცხოვრება - ერთი დიდი გამარჯვებაა, რომლის ნაწილებად დაყოფა დიდი უაზრობა იქნებოდა. თანამედროვე ქალთა ჩოგბურთი, გარკვეულ წილად, მისი პირმშოა. ამერიკელმა სპორტის ეს სახეობა დამოუკიდებელ და მიმზიდველ პროდუქტად აქცია, რომელსაც ჩოგბურთელებისთვის დიდი შემოსავალი მოაქვს.

1972 წელს, Sports Illustrated-მა პირველად დაასახელა წლის სპორტსმენად ქალი. ეს იყო ბილი ჯინ კინგი. აქედან მოყოლებული, ის დღემდე ქალთა სპორტის სიმბოლოდ აღიქმება, მთავარი მებრძოლი მისი უფლებებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული