პატარა შოკი აკაპულკოში - ნადალს მექსიკაში პირველი წაგება ტიტულის დაკარგვად დაუჯდა

AutoSharing Option
აკაპულკოს ტურნირს ორი გამორჩეული ვარსკვლავი ჰყავდა - ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი. მერვედფინალის ჩათვლით მათი გამოსვლის შესახებ, წინა ნომერში მოგიყევით.

მერვედფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს დამარცხების შემდეგ, თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჯოკოვიჩი უპრობლემოდ გააღწევდა ფინალამდე, მაგრამ სერბის წინააღმდეგ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ავსტრალიელმა სკანდალისტმა ნიკ კირგიოსმა, რომელმაც 25 ეისი ჩააწოდა, ორი სეტბოლი მოიგერია და 7:6, 7:5 მოიგო. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა სერბის სათამაშო პრობლემები, რომელიც შარშანდელი უიმბლდონიდან გრძელდება.

თავის მხრივ, კირგიოსმა ვერ შეძლო წარმატების განვრცობა და ნახევარფინალში ამერიკელ
სემ კუერისთან დამარცხდა. ამ უკანასკნელს ფინალში ნადალი ელოდა, რომელსაც აკაპულკოში 14-დან 14 მატჩი ჰქონდა მოგებული და ისეთ დონეს აჩვენებდა, თითქოს თავის საყვარელ გრუნტზე თამაშობდა. ნადალის მზადყოფნაზე კარგად მეტყველებდა მისი გამარჯვება ნახევარფინალში მარინ ჩილიჩთან - 6:1, 6:2.

სემ კუერის ხშირად შემოუთავაზებია სენსაციები, მაგალითად, შარშან, უიმბლდონზე სწორედ მან დაამარცხა ჯოკოვიჩი, თუმცა, ამერიკელი უფრო თავისი არასტაბილურობით არის ცნობილი.

ჯოკოვიჩთან შარშანდელი მოგების შემდეგ, მას შვიდიდან შვიდი წაგება ჰქონდა TOP20-ის მოთამაშეებთან, მაგრამ აკაპულკოში არანორმალური ტემპი აკრიფა და ზედიზედ მოუგო ათეულისა და ოცეულის წევრებს: დავიდ გოფენს, დომინიკ ტიმსა და კირგიოსს. თუმცა, მაინც ბევრს არ სჯეროდა, რომ ის შეძლებდა ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ნადალის შეჩერებას.

პირველი სეტის პირველ ექვს გეიმში საინტერესო არაფერი მომხდარა - ჩოგბურთელები ძალიან დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. 3:3-დან მოყოლებული კი მეტად უცნაური რამ მოხდა - კუერიმ ზედიზედ 11 ქულა აიღო, რითაც 5:3 და 40:0 დაწინაურდა. ნადალმა ერთი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეორე ცდაზე ამერიკელმა შეძლო სეტის მოგება - 6:3. აღსანიშნავია, რომ რაფას მანამდე ზედიზედ 28 სეტი ჰქონდა მოგებული აკაპულკოში.

მეორე პარტიის მოგების უფრო მეტი შანსი ნადალს ჰქონდა. გადამწყვეტი მომენტი, ალბათ, მერვე გეიმი იყო კუერის მოწოდებაზე, რომელშიც სემმა ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

საბოლოოდ, უბრეიკო სეტის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ნადალმა 3:2-დან ზედიზედ ხუთი ქულა წააგო და კარიერაში პირველი მატჩი წააგო აკაპულკოში. კუერი კი მექსიკური ტურნირის პირველი ამერიკელი გამარჯვებული გახდა.

ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წაგების შემდეგ, მეორე გადამწყვეტი მატჩი დათმო და ჯერაც ელოდება პირველ ტიტულს 2017 წელს. მომდევნო მოგება ესპანელისთვის 70-ე იქნება კარიერაში და ის გახდება მხოლოდ მეხუთე მოთამაშე ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს გადააბიჯებს.

კუერიმ კი კარიერაში პირველად დაამარცხა ნადალი (ურთიერთშეხვედრებში - 1:4) და დღეიდან მსოფლიოს 26-ე ჩოგანი გახდება - ასეთი მაღალი პოზიცია მას 2013 წლის აგვისტოს შემდეგ არ ჰქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული