ფინალებში სტენ ვავრინკა ყველაზე მაგარია

AutoSharing Option
გასულ კვირას, ბელგიელმა დავიდ გოფენმა და იაპონელმა კეი ნიშიკორიმ ზედიზედ მეექვსედ წააგეს ATP-ის ტურის ფინალები. საინტერესოა, ამ მხრივ როგორ აქვთ საქმე რეიტინგის TOP10-ის სხვა წევრებს. ამის გასაგებად, ვაფასებთ მათ მიერ ჩატარებულ ბოლო 10 ფინალს.

ათეულში საუკეთესო მაჩვენებლები აქვს სტენ ვავრინკას - 9 მოგება და ერთი წაგება. მას წაგებული აქვს ამ მომენტისთვის თავისი ბოლო ფინალი - 2016 წელს, სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრ ზვერევთან, მანამდე კი ზედიზედ 11 გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა მოგებული! სტენი მართლაც გამორჩეულია იმით, რომ შესანიშნავად კრეფს ფორმას ტურნირის მსვლელობისას. ხანდახან ის
მოკრძალებულად გამოიყურება სტარტზე, სამაგიეროდ, გადამწყვეტ სტადიაში ყველაფერი წესრიგში აქვს. ამის თვალნათელი მაგალითია ის ფაქტი, რომ თანაბარი რაოდენობის "სლემი" აქვს მოგებული ენდი მარეისთან ერთად - სამ-სამი. ამასთან, სტენმა მხოლოდ სამი ფინალი ითამაშა, ენდიმ - 11.

თუმცა, თავად მარეის, ბოლო დროს ფინალებთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს. გასული წლის მეორე ნახევარში მან კარგი ტემპი აკრიფა და ტიტულს ტიტულზე იგებდა. გამონაკლისი იყო "მასტერსი" ცინცინატიში, სადაც მარინ ჩილიჩთან წააგო. მაგრამ ის ტურნირი დამღლელი ოლიმპიადის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე იმართებოდა. კიდევ ერთი მარცხი ფინალში ბრიტანელს უკვე 2017 წელს ჰქონდა - ნოვაკ ჯოკოვიჩთან დოჰაში.

კარგი მაჩვენებლები აქვთ ჯოკოვიჩს, ჩილიჩსა და დომინიკ ტიმს - 7 მოგება და 3 წაგება. თუმცა, გასაგებია, რომ ჩილიჩი და ტიმი უფრო მოკრძალებული ტურნირების ფინალში თამაშობდნენ. სერბს ორი მარცხი ჰქონდა მნიშვნელოვან ფინალებში - 2016 წელს აშშ-ის ღიაზე და ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე, სადაც გადამწყვეტ მატჩში თამაშდებოდა სეზონის შედეგების მიხედვით კლასიფიკაციაში პირველი ადგილი. თუმცა, საერთო ჯამში, სერბის ჩავარდნას არ უმოქმედია ამ სტატისტიკაზე, რადგან ნოვაკი უფრო ხშირად ფინალებამდე აგებდა.

50-პროცენტიანი მაჩვენებლები აქვთ როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს, მაგრამ ეს არავის არ უნდა ეხამუშებოდეს. ბოლო სეზონებში ისინი ყოველთვის არ იყვნენ იდეალურ ფორმაში, რამდენჯერმე კი, უბრალოდ, ვერაფერს უხერხებდნენ ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც პიკზე იყო 2015 წელს.

უარყოფითი ბალანსი აქვს TOP10-ის სამ წარმომადგენელს - მილოშ რაონიჩს, კეი ნიშიკორისა და დავიდ გოფენს. ამ უკანასკნელს ჯერ არც დაგროვებია კარიერაში 10 ფინალი, ასე რომ, შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, თუმცა, ბევრ რამეზე მეტყველებს ზედიზედ ექვსი წაგებული ფინალი. ასეთივე სავალალო სერია აქვს ნიშიკორის.

რაონიჩზე და ნიშიკორიზე ბევრი ავანსი გაიცემა, მაგრამ ისინი ჯერ ვერ გადიან რეალურ სიმაღლეებზე და ვერ იგებენ ტურნირებს "დიდ სლემზე". ბოლო დროს, რა თქმა უნდა, ჰქონდათ ფინალები, სადაც მეტოქეებად მარეი ან ჯოკოვიჩი ჰყავდათ, მაგრამ აგებდნენ ისეთ ფინალებსაც, სადაც აშკარა ფავორიტები იყვნენ. შესაძლოა, დროთა განმავლობაში და გამოცდილების მიღებასთან ერთად, ისინი გააუმჯობესებენ გამოსვლას გადამწყვეტ მატჩებში და გავლენ იმ დონეზე, რომელსაც 31 წლის ვავრინკა აჩვენებს.

ფინალების სტატისტიკა
ენდი მარეი - 8 მოგება/2 წაგება
ნოვაკ ჯოკოვიჩი - 7/3
სტენ ვავრინკა - 9/1
მილოშ რაონიჩი - 3/7
კეი ნიშიკორი - 3/7
რაფაელ ნადალი - 5/5
მარინ ჩილიჩი - 7/3
დომინიკ ტიმი - 7/3
როჯერ ფედერერი - 5/5
დავიდ გოფენი - 2/6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მინდა მოგილოცოთ დგევანდელი დღე ყველას განსაკუთრებით ნიკოლოზ ბასილაშვილს რომელიც 25 წლის გახდა წარმატებები ამ ბიჭს.
toma svanadze
09:57 23-02-2017
0

სიახლეები პოპულარული