ქართველი ჩოგბურთელები: დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მემფისში რევანშის აღებას შეეცდება

AutoSharing Option
დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (67) მემფისის (აშშ) ღია პირველობაში ჩაებმება.

ბასილაშვილს პირველ წრეში მეტოქედ 63-ე ადგილზე მყოფი ავსტრალიელი ჯორდან ტომპსონი ჰყავს. წლეულს, 10 იანვარს, სიდნეის ტურნირის პირველ წრეში მწვანე კონტინენტის წარმომადგენელმა ჩვენებურს 7:5, 6:2 აჯობა და რევანში აქვს ასაღები.

* * *
ანტალიაში (თურქეთი), ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) მონაწილეობს საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცივაძე, რომელმაც დევისის თასზე ფინელებთან მატჩში გამოიჩინა თავი.

გიორგი შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება და ზედიზედ დაამარცხა ალეხო ვილარო (არგენტინა,
7:6, 3:6, 7:5), იური სირომოლოტოვი (ესპანეთი, 4:6, 6:3, 6:2), სარფ აგაბიგუნი (თურქეთი, 7:6, 6:4) და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც გუშინ ტურნირში ველური ბარათით დაშვებულ მუშეგ ჰოვანისიანს (აშშ) დაუპირისპირდა.

მართალია, ჩვენებურმა პირველი სეტი მოიგო 6:3, მაგრამ მომდევნო ორი ხელი დათმო - 3:6, 6:7 და ერთეულთა ტურნირს გამოეთიშა. სამაგიეროდ, წყვილებში გავიდა მეოთხედფინალში: ივან დავიდოვთან (რუსეთი) ერთად იტალიელები - კლაუდიო ფორტუნა და ფრანჩესკო ვილარდო ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3.

მომდევნო ეტაპზე ქართულ-რუსული დუეტი უკრაინელებთან - ვადიმ ურსუსა და ვლადიმირ უჟილოვსკისთან გაარკვევს ურთიერთობას. სლავებმა სტარტზე რუმინელებს - პატრიკ გრიგორიუსა და მირჩეა-ალეხანდრუ ჯეკანს სძლიეს - 6:1, 1:6, 10:8.

* * *
იტალიურ ბერგამოში, ჩოგბურთელ ქალთა 15.000-იან საერთაშორისო ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი ეკატერინე გორგოძე. გუშინ მან იოლად მოუგო მასპინძელ ჩიარა ფერმის - 6:1, 6:2 და მერვედფინალში გავიდა, სადაც კიდევ ერთ იტალიელთან - ტატიანა პიერისთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა თანამემამულე ალექსანდრა მაძოლას გადაუღობა გზა - 6:4, 6:0.

* * *
ანტალიაშივე ქალთა 15.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსინჯა ძალები ანა ახალკაცმა, რომელიც პირველსავე წრეში უკრაინელ ნატალია პოგრებნიაკთან დამარცხდა - 6:2, 1:6, 2:6.

* * *
წინა კვირის შედეგების გათვალისწინებით, ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ასოციაციებმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. გაუწყებთ ჩვენებურთა მონაცემებს მსოფლიო კლასიფიკაციაში:

ქალები
ერთეულები. 228 (225). სოფიო შაფათავა (223), 325 (325). ეკატერინე გორგოძე (131), 516 (516). მარიამ ბოლქვაძე (56), 578 (578). სოფიო ქვაცაბაია 943), 846 (846). ოქსანა კალაშნიკოვა (14), 1061 (1061). ანა შანიძე (7).
წყვილები. 55 (57). კალაშნიკოვა (1505), 184 (186). შაფათავა (347), 244 (246). გორგოძე (240), 473 (474). ქვაცაბაია 993), 563 (559). ბოლქვაძე (65), 717 (720). თათია მიქაძე (37), 1132 (1132). შანიძე (10), 1284 (1283). ლანა კენჭიაშვილი (3).

ვაჟები
ერთეულები. 67 (87). ნიკოლოზ ბასილაშვილი (714), 504 (503). ალექსანდრე მეტრეველი (73), 829 (817). გიორგი ცივაძე (20), 1772 (1771). შოთა მეფარიძე (1), 1772 (1771). ალექსანდრე ბაკში (1), 1772 (1771). ირაკლი მეტრეველი (1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული