ავსტრალიის ღია პირველობა: ნახევარფინალების დროა

AutoSharing Option
მელბურნში დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. გუშინდელმა დღემ, შედარებით მშვიდად ჩაიარა და სენსაციები არ ყოფილა. საინტერესოა, რომ კაცების ოთხივე მატჩი ოთხ სეტში დასრულდა, ქალებისა - ორ სეტში...

ნადალი და ახალი თაობა
რაფაელ ნადალისა და გაელ მონფილსის შეხვედრაში დადასტურდა ორი ტენდენცია: ესპანელმა 15-დან მე-13 მატჩში მოუგო ფრანგს, მონფილსმა კი ზედიზედ მეექვსედ წააგო რეიტინგის ტოპ-ათეულის წარმომადგენელთან.

პირველ ორ პარტიაში მონფილსი რბილად თამაშობდა და მეტოქის შეცდომების იმედად იყო. ამის შემდეგ, ფრანგმა ტაქტიკა შეცვალა - უფრო ბევრი მოძრაობა დაიწყო. მესამე პარტიაში მან 4:4-ზე გააკეთა ბრეიკი, შემდეგ
გეიმში სამმაგი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

როცა მონფილსი მეოთხე სეტში ბრეიკით დაწინაურდა (4:2), ყველას გაახსენდა აშშ-ის შარშანდელი პირველობა, როცა რაფამ 2:0-დან წააგო ფაბიო ფონინისთან. მაგრამ, ესპანელმა აქამდე საქმე არ მიიყვანა, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და კარიერაში 30-ედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში. საინტერესოა, რომ ნადალმა 2014 წლის როლან გაროსის ფინალის შემდეგ, პირველად დაამარცხა "დიდ სლემზე" ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი.

* * *
მილოშ რაონიჩი ზედიზედ მესამედ გავიდა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში. ამისთვის მას ორი საათი და 51 წუთი დასჭირდა რობერტო ბაუტისტა აგუტის დასამარცხებლად - 7:6(6), 3:6, 6:4, 6:1.

კანადელის გამარჯვებას იოლი ნამდვილად არ ეთქმის. ბაუტისტა აგუტმა პირველ სეტში 0:3-დან ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, იქ კი 5:1 დაწინაურდა, მაგრამ რაონიჩმა სასწაულებრივ შეძლო მე-13 გეიმის მოგება. მილოშმა ბრეიკით დაიწყო მეორე სეტი, მაგრამ ბაუტისტა აგუტმა არა მარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ მეორე ბრეიკით სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში, 4:4-ზე ბაუტისტას სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ კანადელი გადარჩა, მომდევნო გეიმში კი თავად შეასრულა ბრეიკი, რაშიც მეტოქის ორმაგი შეცდომა დაეხმარა. მეოთხე სეტში მილოში უკვე შეუჩერებელი იყო და თავიდანვე 5:0 დაწინაურდა...

რაონიჩმა შეხვედრა 75 "ვინერსით" დაასრულა, აქედან 33 ეისი იყო. მას ელოდება ნადალთან შეხვედრა, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში კანადელი ძალიან არის ჩამორჩენილი - 2:6, თუმცა, ორი კვირის წინ, ბრისბენის ტურნირზე, რაონიჩმა სამ სეტში მოუგო ესპანელს - 4:6, 6:3, 6:4.

"ერთ მომენტში ყველაფერი ბეწვზე ეკიდა. მოხარული ვარ, რომ მობილიზება შევძელი და მოვიგე. რობერტო ძალიან კარგი იყო", - აღიარა მატჩის შემდეგ რაონიჩმა.

* * *
გრიგორ დიმიტროვი ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში. მსოფლიოს მე-15 ჩოგანმა ორ საათსა და 24 წუთში შეაჩერა ნოვაკ ჯოკოვიჩის მძლეველის დენის ისტომინის ზღაპრული სვლა - 2:6, 7:6(2), 6:2, 6:1. ბულგარელი ერთადერთი ჩოგბურთელია 2017 წელს, ვისაც წაგება არ აქვს - მან ცხრიდან ცხრა მატჩი მოიგო და იანვრის დასაწყისში მთავარი პრიზი მოიპოვა ბრისბენის ტურნირზე (ფინალში კეი ნიშიკორი დაამარცხა).

მატჩი ისე დაიწყო, თითქოს ისტომინი მორიგი ხუთსეტიანი მარათონისთვის ემზადებოდა, მაგრამ, ამჯერად, უზბეკს გამძლეობა მხოლოდ ორ სეტზე ეყო, რომლებშიც ბევრი არბენინა ბულგარელი და დიმიტროვმა მხოლოდ მესამე სეტში შეასრულა პირველი ბრეიკი. დენისმა პირველი პარტია ძალიან დამაჯერებლად მოიგო, მეორეს დასაწყისში ბრეიკ-პოინტები ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და ამის შემდეგ, დიმიტროვი მატჩის ბოლომდე დაეუფლა უპირატესობას.

მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე გადამწყვეტი აღმოჩნდა მომენტი, როცა ისტომინმა 2:3-ზე ზედიზედ ორი საკუთარი მოწოდება წააგო და ამით, პრაქტიკულად ჩააბარა პარტია მეტოქეს. მესამე და მეოთხე სეტებში კი უზბეკს დაღლაც აწუხებდა და ზურგის ტრავმაც, რის გამოც მხოლოდ სამი გეიმის აღება შეძლო.

დიმიტროვს, რომელმაც შეხვედრა 37 "ვინერსით" და ბადესთან მოგებული ქულების 72 პროცენტით დაასრულა, არასოდეს წაუგია "დიდ სლემზე" ტოპ-ასეულის მიღმა მყოფ ჩოგბურთელთან.

* * *
დიმიტროვის მეტოქე მეოთხედფინალში დავიდ გოფენი იქნება, რომელიც გახდა პირველი ბელგიელი ისტორიაში, ვინც ავსტრალიის ღიაზე ასე შორს გავიდა. გოფენმა ოთხ სეტში მოუგო დომინიკ ტიმს - 5:7, 7:6(4), 6:2, 6:2. ავსტრიელს რევანზე უნდა ეფიქრა შარშან, ამავე ტურნირის მესამე წრეში წაგებისთვის, მაგრამ მხოლოდ პირველი ორი სეტი იბრძოლა თანაბრად.

პირველ სეტში ძალიან ბევრი - ხუთი ბრეიკი იყო. ბოლო ბრეიკი 5:5-ზე ტიმმა შეასრულა და მოიგო საწყისი პარტია. მეორე სეტში ავსტრიელმა 4:5-ზე ოთხი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ ტაი-ბრეიკზე 0:3 ჩამორჩა და ვეღარ დაეწია მეტოქეს.

მომდევნო ორ სეტში კი ტიმი საშინლად გამოიყურებოდა - ჯამში 30 უნებლიე შეცდომა დაუშვა, გოფენი კი თითქმის არ ცდებოდა, მაგალითად, მეოთხე სეტში მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა ჰქონდა. ბელგიელმა ავსტრალიის ღიას შემდეგ, რეიტინგის ტოპ-ათეულში შესვლა გაინაღდა.

დიმიტროვი და გოფენი ერთადერთხელ 2014 წელს, აშშ-ის ღიაზე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ, ბულგარელმა მოიგო.

კაცები. 1/8 ფინალი
გოფენი (ბელ, 11)-ტიმი (ავსტრია, 8) 5:7, 7:6(4), 6:2, 6:2
დიმიტროვი (ბულ, 15)-ისტომინი (უზბ) 2:6, 7:6(2), 6:2, 6:1
რაონიჩი (კან, 3)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13) 7:6(6), 3:6, 6:4, 6:1
ნადალი (ესპ, 9)-მონფილსი (საფ, 6) 6:3, 6:3, 4:6, 6:4

1/4 ფინალი
ფედერერი (შვეიც, 17)-მ. ზვერევი (გერ)
ვავრინკა (შვეიც, 4)-ცონგა (საფ, 12)
გოფენი (ბელ, 11)-დიმიტროვი (ბულ, 15)
რაონიჩი (კან, 3)-ნადალი (ესპ, 9)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული