ავსტრალიის ღია პირველობა. 1/8 ფინალები: ჩემპიონი სახლში წავიდა

AutoSharing Option
პირველი ოთხი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა ქალებს შორისაც და აქაც, ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი.

ავსტრალიის ღიას მოქმედმა ჩემპიონმა ანჟელიკ კერბერმა ვერაფერი გააწყო ამერიკელი კოკო ვანდევეგეს მძლავრი თამაშის წინააღმდეგ. გერმანელი ელოდა მომენტს - როდის დაიწყებდა ვანდევეგე შეცდომების დაშვებას და ეს მომენტი მეორე სეტის დასაწყისში მოხდა - კერბერმა ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწიანურდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მცირე ჩავარდნა იყო - ვანდევეგემ მაშინვე "მშრალი" ანგარიშით აიღო საპასუხო ბრეიკი და გააგრძელა ფავორიტის რბევა. ბურთების 78 პროცენტი პირველი მოწოდებით, 6 ეისი (კერბერს - არც ერთი) და
30 "ვინერსი" - ამის ხარჯზე, ამერიკელმა პირველად გააღწია "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

* * *
პირველად ამ ტურნირზე, გარბინ მუგურუსამ უპრობლემოდ მოიგო შეხვედრა, ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სორანა კირსტეას ტრავმა იყო, რომელიც მან პირველ სეტში მიიღო. ეს პრაქტიკულად განაჩენი აღმოჩნდა რუმინელისთვის, რადგან ძალიან უჭირდა ბექჰენდების შესრულება. სორანამ ორჯერ გამოიძახა კორტზე ექიმი, მაგრამ ამან არ უშველა. მუგურუსა მეოთხედფინალში ვანდევეგეს შეხვდება.

* * *
36 წლის ვინუს უილიამსი იმაზე მეტს ცდებოდა, ვიდრე წინა შეხვედრებში, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ამერიკელისთვის, დაემარცხებინა მსოფლიოს 181-ე ჩოგანი. ბარტელი ძალიან დაბნეული ჩანდა კორტზე და არც კი მისდევდა ვეტერანი მეტოქის უძლიერეს დარტყმებს. ვინუსი ორჯერ აღემატებოდა მეტოქეს "ვინერსებით" და სხვა დამატებითი მაჩვენებლებით.

უფროსი უილიამსი ნახევარფინალში გასასვლელად რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას შეხვდება, რომელმაც თანამემამულე სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა. ის უკეთ აწვდიდა, იშვიათად ცდებოდა და ბევრი "ვინერსიც" ჰქონდა. კუზნეცოვას პრობლემები იმით იყო გამოწვეული, რომ ვერ მოასწრო აღდგენა წინა წრეში ელენა იანკოვიჩთან მარათონის შემდეგ, რომელიც სამსაათნახევარი გაგრძელდა და ბოლო სეტი 9:7 დასრულდა.

ქალები. 1/16 ფინალი
კერბერი (გერ, 1)-კრ. პლიშკოვა (ჩეხ) 6:0, 6:4
ს. უილიამსი (აშშ, 2)-გიბზი (აშშ) 6:1, 6:3
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5)-ოსტაპენკო (ლატ) 4:6, 6:0, 10:8
მაკაროვა (რუს, 30)-ციბულკოვა (სლოვაკ, 6) 6:2, 6:7(3), 6:3
მუგურუსა (ესპ, 7)-სევასტოვა (ლატ, 32) 6:4, 6:2
კუზნეცოვა (რუს, 8)-იანკოვიჩი (სერ) 6:4, 5:7, 9:7
კონტა (ბრიტ, 9)-ვოზნიაცკი (დან, 17) 6:3, 6:1
პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-სვიტოლინა (უკრ, 11) 7:5, 4:6, 6:3
გავრილოვა (ავსტრა, 22)-ბაშჩინსკი (შვეიც, 12) 6:3, 5:7, 6:4
ვ. უილიამსი (აშშ, 13)-დუანი (ჩინ) 6:1, 6:0
ბრეიდი (აშშ)-ვესნინა (რუს, 14) 7:6(4), 6:2
სტრიკოვა (ჩეხ, 16)-გარსია (საფ, 21) 6:2, 7:5
ვანდევეგე (აშშ)-ბუშარი (კან) 6:4, 3:6, 7:5
კირსტეა (რუმ)-რისკე (აშშ) 6:2, 7:6(2)
ბარტელი (გერ)-ბარტი (ავსტრა) 6:4, 3:6, 6:3
ლუჩიჩი (ხორ)-საკარი (საბ) 3:6, 6:2, 6:3

1/8 ფინალი
ვანდევეგე (აშშ)-კერბერი (გერ, 1) 6:2, 6:3
მუგურუსა (ესპ, 7)-კირსტეა (რუმ) 6:2, 6:3
ვ. უილიამსი (აშშ, 13)-ბარტელი (გერ) 6:3, 7:5
პავლიუჩენკოვა (რუს, 24)-კუზნეცოვა (რუს, 8) 6:3, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული