ავსტრალიის ღია პირველობა. III დღე: გადარჩენილი პირველი ნომერი

AutoSharing Option
გუშინ, ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრე დაიწყო. მატჩების რაოდენობა განახევრდა, კაცების ბადეში კი პირველი სენსაცია მოხდა. თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ენდი მარეის უდიდესი უპირატესობა ჰქონდა 19 წლის რუსზე ანდრეი რუბლიოვზე - 6:3, 6:0, 6:2. ბრიტანელის ფანებს ერთადერთხელ მიეცათ ნერვიულობის საბაბი, როცა მესამე სეტში ენდიმ ფეხი გადაიბრუნა. მსაჯმა ფიზიოთერაპევტიც კი გამოიძახა კორტზე, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. მესამე წრეში მარეი სემ კუერის უძლიერეს მოწოდებებს უნდა გაუმკლავდეს.

* * *
ზუსტად 17 წლის წინ, როჯერ ფედერერმა პირველი მატჩი ჩაატარა ავსტრალიის
ღია პირველობაზე. პირველი წრის მატჩისგან განსხვავებით, 15 წლით უმცროსი ნოა რუბინის წინააღმდეგ მატჩში, ლეგენდა უფრო მობილიზებული, აგრესიული და ეფექტური ჩანდა. ფედერერს 17 ეისი და 48 "ვინერსი" დაუგროვდა - 7:5, 6:3, 7:6(5).

რუბინი დიდი ხანი ინარჩუნებდა მოწოდებას, მაგრამ ანერვიულდა და წააგო პირველი სეტი, 32 წუთში დათმო მეორე პარტია, სამაგიეროდ, იბრძოლა მესამეში. როჯერმა აშკარად მოუკლო და ამერიკელი წინ გაიჭრა - 3:0. და რუბინი ისევ დააღალატა ნერვებმა და სიჩქარემ. ის 5:2-ს იგებდა, მაგრამ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ფედერერმა "დიდი სლემის" ტურნირებზე 309-ე გამარჯვება გაიფორმა. შემდეგი მეტოქეა ტომაშ ბერდიხი. ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელი 16:6-ს უგებს ჩეხს. წაგების შემთხვევაში, როჯერი 2000 წლის შემდეგ, პირველად დატოვებს TOP30-ს.

* * *
მეორე შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ პირველ წრეში ხუთი სეტი იწვალა მარტინ კლიჟანის წინააღმდეგ და როგორც ჩანს, სწორი დასკვნები გამოიტანა. ამჯერად, სტენმა იოლად მოარჯულა ამერიკელი სტივ ჯონსონი - 6:3, 6:4, 6:4. შვეიცარიელი ძალიან სუფთად თამაშობდა - მხოლოდ 25 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 46 "ვინერსი" მიითვალა. მოკლედ, ვავრინკამ დაახლოებით ის დონე აჩვენა, რაც 2014 წელს ჰქონდა, როცა მელბურნში პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი. მესამე წრეში მისი მეტოქე იქნება ვიქტორ ტროიცკი.

ასევე ხუთი სეტი ჰქონდა ნათამაშები პირველ წრეში იაპონელ კეი ნიშიკორის და მანაც, მეორე რაუნდში სამ სეტში მოიგო. აზიელს თავად მეტოქე - ფრანგი ჟერემი შარდი დაეხმარა, რომელიც ყოველ მესამე ბურთს ბადეს ახვედრებდა. ამან ნიშიკორის ძალიან გაუადვილა საქმე - 6:3, 6:4, 6:3. იაპონელის შემდეგი მეტოქე ლუკაშ ლაჩკო იქნება.

* * *
რაც შეეხება დღის სენსაციას, მისი ავტორი გახდა სწრაფად პროგრესირებადი ბრიტანელი დანიელ ევანსი. პირველ პარტიაში მას ბევრი არაფერი გამოუვიდა მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ, მაგრამ საკუთარი თავის მეორე სეტში ირწმუნა, როცა შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიგერია. ეს გახდა გარდამტეხი მომენტი მატჩში. ბრიტანელს ყველაფერი გამოსდიოდა და იოლად უმკლავდებოდა ხორვატის უძლიერეს დარტყმებს.

ჩილიჩს პირველივე წრეში შეეტყო, რომ შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან - საწყის მატჩში მან 0:2-დან შეძლო პოლონელი იერჟი იანოვიჩის დამარცხება.

* * *
განთესილები - ჯონ ისნერი და ნიკ კირგიოსი სეტებში 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მათმა მეტოქეებმა შეძლეს ქამბექის შესრულება.

გერმანელ მიშა ზვერევს არასოდეს ჰქონდა "დიდ სლემზე" მოგებული შეხვედრა 0:2-დან, მაგრამ, ამჯერად, ხასიათი გამოავლინა. ისნერს პირველი მოწოდება დაეკარგა, ანერვიულდა და საბოლოოდ მოიშალა, როცა მეოთხე სეტში სამმაგი ბრეიკ-პოინტი და მატჩბოლი ვერ გამოიყენა და ჩოგანი დაამსხვრია. ზვერევი 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში და იქ ტუნისელ მალიკ ჟაზირის შეხვდება.

კირგიოსსა და ანდრეას სეპის კი დეჟავიუ ჰქონდათ: ორი წლის წინ, ავსტრალიელი სეტებში 0:2-ს აგებდა იტალიელთან, მაგრამ შეძლო გამარჯვება (მაშინ, მეხუთე სეტი 8:6 დასრულდა). გუშინ, კორტზე გასვლის წინ, კირგიოსმა ყურში ჩასჩურჩულა მეტოქეს, რომ ის მატჩი ერთ-ერთი საყვარელია მისთვის.

და აი, ახლა, უკვე კირგიოსმა მოიგო პირველი ორი პარტია და წააგო მატჩი. ნიკმა მეხუთე სეტში მატჩბოლი ვერ გამოიყენა. მასპინძელი ამ წაგებაში თავად არის დამნაშავე, რადგან დიდი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, პუბლიკაზე თამაში დაიწყო და კონცენტრაცია დაკარგა.

P. S. და კიდევ: დუშან ლაიოვიჩის დამაჯერებლად დამარცხების (6:2, 6:2, 6:3) შემდეგ, ჟო-ვილფრიდ ცონგამ აღიარა, რომ გაზაფხულზე მამა გახდება.

კაცები. II წრე
მარეი (ბრიტ, 1)-რუბლიოვი (რუს) 6:3, 6:0, 6:2
კუერი (აშშ, 31)-დე მინორი (ავსტრა) 7:6(5), 6:0, 6:1
მ. ზვერევი (გერ)-ისნერი (აშშ, 19) 6:7(4), 6:7(4), 6:4, 7:6(7), 9:7
ჟაზირი (ტუნ)-ბუბლიკი (ყაზ) 6:2, 6:3, 7:5
ბერდიხი (ჩეხ, 10)-ჰარისონი (აშშ) 6:3, 7:6(6), 6:2
ფედერერი (შვეიც, 17)-რუბინი (აშშ) 7:5, 6:3, 7:6(3)
ლაჩკო (სლოვაკ)-სელა (ისრ) 2:6, 6:3, 6:2, 6:4
ნიშიკორი (იაპ, 5)-შარდი (საფ) 6:3, 6:4, 6:3
ვავრინკა (შვეიც, 4)-ს. ჯონსონი (აშშ) 6:3, 6:4, 6:4
ტროიცკი (სერ, 29)-ლორენცი (იტა) 6:3, 1:6, 7:6(3), 3:6, 6:3
დარცისი (ბელ)-შვარცმანი (არგ) 6:3, 6:3, 2:6, 6:4
სეპი (იტა)-კირგიოსი (ავსტრა, 14) 1:6, 6:7(1), 6:4, 6:2, 10:8
ცონგა (საფ, 12)-ლაიოვიჩი (სერ) 6:2, 6:2, 6:3
სოკი (აშშ, 23)-ხაჩანოვი (რუს) 6:3, 6:4, 6:4
ტომიჩი (ავსტრა, 27)-ესტრელია ბურგოსი (დომ) 7:5, 7:6(4), 4:6, 7:6(5)
ევანსი (ბრიტ)-ჩილიჩი (ხორ, 7) 3:6, 7:5, 6:3, 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული