წინაპრის ნაკვალევზე - ინტერვიუ რევაზ იმნაიშვილთან

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრმა, 19 წლის რევაზ იმნაიშვილმა წლეულს ზაფხულში სლოვაკეთის ქალაქ ნოვაკის წყალბურთის კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და, მართალია, სულ სამიოდე თვეა, "ნოვაკის" სპორტულ ღირსებას იცავს, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. სექტემბერში სლოვაკეთის თასზე ოთხი მატჩი ჩაატარეს. რეზომ და მისმა თანაგუნდელებმა ყველა შეხვედრა მოიგეს და ქვეყნის თასი შეინარჩუნეს. ქართველმა წყალბურთელმა ამ პაექრობებში 11 ბურთი გაიტანა. მერე სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩაება და ექვს თამაშში თანაგუნდელებს 14 გოლით შეეწია. ორი დღის წინათ რევაზ იმნაიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენც
ამით ვისარგებლეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- საქართველოში როგორც ყველა ბიჭმა, სპორტული კარიერა მეც ფეხბურთით დავიწყე, - გვითხრა მან. - სამი წელწადი "ოლიმპში" ვვარჯიშობდი.

- მერე პროფილი რატომ შეიცვალეთ?
- ეტყობა, გენების გავლენაა: ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, რეზო ოჩიგავა კარგი წყალბურთელი ყოფილა, თბილისის "დინამოში" უთამაშია. ამიტომ დედას უნდოდა, მეც წყალბურთელი გამოვსულიყავი, მით უმეტეს, რომ ფეხბურთის პარალელურად,  ცურვაზეც დავდიოდი და საქალაქო შეჯიბრებებში ვმონაწილეობდი. 2008 წელს 11 წლისამ ყოფილ "ქარიშხალაზე", დღეს "არენა" რომ ჰქვია, ბატონ სოსო მაისურაძესთან დავიწყე ვარჯიში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდ "ლიგამუსში". ორი წლის შემდეგ საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში მიმიწვიეს, რომელსაც სერბი სპეციალისტი იოვან პოპოვიჩი და ირაკლი ბაქრაძე ხელმძღვანელობდნენ.

- პირველი შეჯიბრება, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ...
- 2011 წელს უკრაინას მივაშურეთ და თანატოლთა საერთაშორისო ტურნირში ჩავებით. ექვსი გუნდი მონაწილეობდა. ხუთივე შეხვედრა დავთმეთ. განსაკუთრებით მასპინძლებსა და მოლდოველებთან დიდი ანგარიშებით წაგებამ დამწყვიტა გული. მომდევნო წელს ეს გუნდები თბილისში მოვიწვიეთ საერთაშორისო ტურნირზე და ყველა დავამარცხეთ.

მაშინდელი ჩვენი შემადგენლობიდან დიდ წყალბურთს ექვსნი შემოვრჩით: ანდრია ბითაძე დღეს რომის "ვის ნოვას" შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში თამაშობს, ალექსანდრე ყაზახიშვილი - გერმანიაში, მე - "ნოვაკში", ხვიჩა ჯახაია, ლუკა კახეთელიძე და ზურაბ ჩიკვაიძე თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავენ.

- 17 წლისა უნგრულ "სეგედში" როგორ აღმოჩნდით?
- იოვან პოპოვიჩს შეკრებებზე ხშირად დავყავდით სერბეთში. 2014 წელს ნოვი სადიდან იტალიაში გავემგზავრეთ ჭაბუკთა ტურნირზე. შეჯიბრებაში უნგრელებიც მონაწილეობდნენ. ეტყობა, "სეგედის" მენეჯერს მოვეწონე, ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს. 17 წლის ბიჭისთვის ეს ბედნიერება იყო. უნგრეთში თამაშზე ვინ არ იოცნებებდა.

გუნდში მე და ერთი უნგრელი წყალბურთელი ვიყავით ძალიან ახალგაზრდები, სხვები 20-25 წელს გადაცილებულნი იყვნენ. ჩვენს გუნდში ერთი ხორვატიც გამოდიოდა - მსოფლიოს ჩემპიონი ალიოშა კუნაფი. "სეგედში" გატარებული ორი წელი ჩემთვის იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ისეთი ცნობილი წყალბურთელების წინააღმდეგ ვითამაშე, როგორებიც არიან სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ბიროში, ძმები ვარგები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მილოშ ჩუკი, რომელმაც წლეულს სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში რიოს ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვა.

უნგრეთის ჩემპიონატში მონაწილეობა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება და ბედნიერება იყო.

- მერე, "სეგედი" "ნოვაკში" რატომ გაცვალეთ?
- წლეულს აგვისტოში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატისთვის სლოვაკეთში ვემზადებოდით. ერთ-ერთი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ "ნოვაკის" მენეჯერმა თავის გუნდში მიმიწვია. ვთხოვე, მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე მოეცათ. "სეგედიდან" ველოდი კონტრაქტის გაგრძელების შემოთავაზებას. იქ ხელმძღვანელობა შეიცვალა და გადაწყვეტილი პასუხი რომ ვერ მივიღე, ერთი წლით "ნოვაკში" თამაშზე დავთანხმდი. არ ველოდი - საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვთ, ახალგაზრდა წყალბურთელისთვის ზრდის პერსპექტივა არის.

ჩემი გუნდი ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელია. წლეულს სექტემბერში თასი შევინარჩუნეთ. ჩემპიონატში ხუთი მოგებითა და ერთი ფრით კოშიცეს გუნდთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს ვიყოფთ. ჩვენი მიზანია ლიგის მოგება. სხვათა შორის, "კოშიცეს" თასის ნახევარფინალში 11:8 ვაჯობეთ და ამ მატჩში ოთხი ბურთი გავიტანე, ქვეყნის ჩემპიონატში დავუზავდით - 11:11. აქ კი ორ გოლს დავჯერდი.

- ახალ წლამდე ეროვნულ ლიგაში ორი მატჩი გაქვს გასამართავი. თქვენ კი თბილისში ხართ...
- ბიჭები ორივე შეხვედრას მოიგებენ, რადგან სუსტი მეტოქეები ეყოლებათ. კლუბის ხელმძღვანელობას 10 იანვრამდე დავეთხოვე, რადგან რამდენიმე საკითხი მაქვს მოსაგვარებელი: პირველი - საპასპორტო პრობლემაა. თან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტი ვარ და გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის იწყებს მზადებას. 10 იანვარს რომში აპენინელებს შევხვდებით. ახალ წლამდე თბილისში ვივარჯიშებთ, ნაახალწლევს კი იტალიაში გავივლით ბოლო საწვრთნელ შეკრებას. ამ ორთაბრძოლაში ფავორიტები, ცხადია, ტიტულებით დახუნძლული მასპინძლები არიან. მათთან პაექრობა ჩვენს ნაკრებს უდიდეს გამოცდილებას შესძენს, რაც ევროპის ჩემპიონატისთვის გამოგვადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული