საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უნგრეთთანაც დამარცხდა

AutoSharing Option
ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის შემდეგ პლეი ოფები დაიწყო. გუშინ, 17 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები D ჯგუფის გამარჯვებულ უნგრელებს დაუპირისპირდა.

მადიართა გუნდი ტურნირზე ყველაზე ტიტულოვანია: მათ ოლიმპიურ თამაშებზე ცხრაჯერ გაიმარჯვეს, სამ-სამჯერ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს. მსოფლიოს ჩემპიონატებზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული. ევროპის ჩემპიონატზე 12-ჯერ ავიდნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიოს თასსა (3-4-2) და ლიგაზე (2-4-1) მოხვეჭილ ჯილდოებზე.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ
უნგრელებს 1999 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი არ მოუგიათ. 2014 წელს შინ - ბუდაპეშტში ფინალი სერბებთან დათმეს და მეორე ადგილს დაყაბულდნენ. ისინი ბელგრადში რევანშს ეცდებიან.

გუშინდელ მატჩში საქართველოს ნაკრებმა უკეთ ითამაშა, ვიდრე იტალიასთან, თუმცა წაგებას მაინც ვერ გადაურჩა, რაც მოსალოდნელიც იყო.

პირველ მეოთხედში უნგრელებმა ზედიზედ ოთხი გოლი გაგვიტანეს, მაგრამ პერიოდის ბოლომდე ცრეპულიამ ერთი ბურთით შეამცირა სხვაობა. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთიც მსგავსი სცენარით წარიმართა და შესვენებამდე მადიარები 8:2 დაწინაურდნენ. მეტოქეს მესამე-მეოთხე პერიოდებშიც ხელიდან არ გაუშვია უპირატესობა და საბოლოოდ 11 ბურთის სხვაობით გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები ახლა IX-XVI ადგილებისთვის იბრძოლებს. 19 იანვარს ჰოლანდიას დაუპირისპირდება. ნიდერლანდელები ხორვატიას დანებდნენ - 9:16 (1:4, 2:3, 3:4, 3:5).

საქართველო-უნგრეთი 3:14
1:4, 1:4, 1:3, 0:3
საქართველო: ნიკოლოზ შუბლაძე, ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია (1), მარკო ელეზი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (1), ზურაბ რურუა (2), კონსტანტინე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი.
უნგრეთი: ვიქტორ ნეგი, ფერენც მიკლოშ გორ ნეგი, ბენშ ბატორი (1), ბალაშ ერდელი (1), მარტონ ვამოსი (2),ნორბერტ ჰოსნიანსკი (2), ადამ იოჟეფ დეკერი (1), პეტერ მანჰერზი (2), რუდოლფ ვარგა (1), ანდორ ვარგა (3), გაბორ კიში (1), ბალაშ ჰარაი, დავიდ ბისტრიშანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული