ვლადიმერ ისელიძე: მეტოქეებსაც ვიცნობთ და გამოცდილებაც მეტი გვაქვს

AutoSharing Option
2015 წლის მიწურულს სტამბოლმა წყალბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ოთხმა ფინალისტმა (თურქეთი, საქართველო, რუმინეთი და ჰოლანდია) იასპარეზა.

ჩვენი გუნდი, იოვან პოპოვიჩისა და ვლადიმერ ისელიძის ხელმძღვანელობით, შეჯიბრებაზე გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა: ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა, ანდრია ბითაძე, ხვიჩა ჯახაია, კონსტანტინე გეგელაშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე, ალექსანდრე ყაზახიშვილი, ლევან ჩიქვინიძე, ზურაბ ჩიკვაიძე.

ასპარეზობის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს სძლია - 14:10, ჰოლანდიამ რუმინეთი დაამარცხა - 12:6. მეორე ტურში
ჩვენებმა რუმინეთს მოუგეს - 12:9, ნიდერლანდელებმა თურქებს აჯობეს - 12:7. მესამე ტურის შეხვედრები ასე დასრულდა: საქართველო-ჰოლანდია 9:14, თურქეთი-რუმინეთი 9:5. სატურნირო მდგომარეობა: ჰოლანდია - 9 (38:22), საქართველო - 6 (35:33), თურქეთი - 3 (26:31), რუმინეთი - 0 (29:33) ქულა.

სტამბოლიდან საქართველოს ნაკრების წევრები თბილისში დაბრუნდნენ, გუშინ, 3 დეკემბერს კი ჰოლანდიას მიაშურეს. გამგზავრების წინ საქართველოს მწვრთნელ ვლადიმერ ისელიძეს ვესაუბრეთ.

- ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის რამდენიმე თვეა, ინტენსიურად ვემზადებით, - გვითხრა მან. - ნაკრების ექვსი წყალბურთელი უცხოურ კლუბებში თამაშობს: ანდრო ბითაძე ესპანეთის "ბარსელონაშია", რევაზ იმნაიშვილი - უნგრეთში, მარკო ელაჩა და მარკო ელეზი იტალიურ კლუბებში გამოდიან, დამირ ცრეპულია ეგვიპტეშია, ივან სტრუიჩი ხორვატიის კლუბის ღირსებას იცავს.

18 დეკემბერს ყველამ თბილისში მოიყარა თავი. ერთი კვირა "ოლიმპიკის" აუზში ვივარჯიშეთ, შემდეგ თურქეთს მივაშურეთ და საერთაშორისო ტურნირში ვიასპარეზეთ, სტამბოლის თასზე. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ორ მონაწილეს ვძლიეთ. განსაკუთრებით, რუმინელებთან მოგებამ გაგვახარა, პირველ დეკემბერს კარპატელებს თბილისში მსოფლიო ლიგაზე შევხვდით და დავმარცხდით. სატამბოლში რევანში ავიღეთ.

საგულისხმო ის არის, რომ ბელგრადში, კონტინენტის პირველობის სტარტზე, 11 იანვარს სწორედ რუმინელებს დავუპირისპირდებით. ორი დღის შემდეგ გერმანიას, 15 იანვარს კი იტალიას შევხვდებით.

- ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში რას გააკეთებთ?
- ამსტერდამში ორ ორთაბრძოლას გავმართავთ მასპინძლებთან, მერე ნოვი სადში ხუთდღიან შეკრებას გავივლით და იქ, სავარაუდოდ, ბრაზილიის ნაკრები გვეყოლება მეტოქედ. 11 იანვარს კი, როგორც გითხარით, ევროპის ჩემპიონატში ჩავებმებით.

ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ბევრად უკეთ ვიასპარეზოთ, ვიდრე 2014 წელს ბუდაპეშტში.

- მეტოქეებზე რას იტყვით?
- წილისყრამ ძლიერ ჯგუფში მოგვახვედრა. ყველა მეტოქეს ვიცნობთ. ფავორიტია იტალია, რომელსაც უმაღლესი კლასის მოთამაშეები ჰყავს. აპენინელები, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მედლებისთვის იბრძოლებენ. 2014 წელს ბუდაპეშტში იტალიელებთან ჯგუფში 5:15 დავმარცხდით. მას შემდეგ მეტი გამოცდილება შევიძინეთ და მეტოქეს ახლა ასე იოლად არ დავნებდებით.

ძლიერია რუმინეთიც. მსოფლიო დონის თავდამსხმელი ჰყავთ, რადუ. კარპატელებთან ორთაბრძოლის მეტი გამოცდილება გვაქვს. სტამბოლის ტურნირმაც დაგვარწმუნა, რომ მათთან ტოლ-სწორად თამაში შეიძლება.

ჯგუფში მესამე მოწინააღმდეგედ გერმანია გვეყოლება. მართალია, ამ ქვეყნის ნაკრებთან არა, მაგრამ ჩვენს ბიჭებს გერმანელ წყალბურთელებთან უთამაშიათ: 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე თბილისის "ლიგამუსმა" "ვასპო ჰანოვერს" შინ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დამთავრდა, სტუმრად კი დამარცხდა. წლეულს, სექტემბერში გერმანიის ჩემპიონი მეორედ გვეწვია ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფურ ტურნირში საასპარეზოდ. ამჯერად "ვასპოს" ჩვენი "ლოკომოტივი" დაუპირისპირდა და 6:8 დამარცხდა. ორივე გუნდში ეროვნული ნაკრებების წევრთა უმრავლესობა გამოდიოდა. ასე რომ, გერმანელებთან ორთაბრძოლაშიც შეიძლება წარმატებაზე ფიქრი. დანარჩენს კი ბელგრადული ბატალიები გვიჩვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა თქვენ იცით
giga
18:00 04-01-2016
0

სიახლეები პოპულარული