საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სტამბოლში ორ კონკურენტს მოუგო

AutoSharing Option
გაისად, 10-23 იანვარს სერბეთის დედაქალაქი წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებისთვის ინტენსიურად ემზადება საქართველოს ნაკრები, რომელიც კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე ზედიზედ მეორედ მონაწილეობს.

ჩვენი წყალბურთელები ამჟამად სტამბოლში იმყოფებიან და იბრაჰიმ სულუს საერთაშორისო მემორიალში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეებს - თურქეთს, რუმინეთსა და ჰოლანდიას უწევენ მეტოქეობას.

საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა: ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია, ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია, გიორგი ხვედელიანი, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი, მარკო ელეზი, მარკო ელაჩა, ანდრია ბითაძე, ხვიჩა ჯახაია, კონსტანტინე გეგელაშვილი, ნიკოლოზ შუბლაძე,
ალექსანდრე ყაზახიშვილი, ლევან ჩიქვინიძე, ზურაბ ჩიკვაიძე; მწვრთნელები - იოვან პოპოვიჩი, ვლადიმერ ისელიძე.

ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში თურქეთის ნაკრებს აჯობა - 14:10. ჩვენებურთაგან ბურთები გაიტანეს: 3-3 - რურუამ და ელაჩამ, 2 - ხვედელიანმა, თითო - ქავთარაძემ, ცრეპულიამ, ბაღათურიამ, ელეზიმ, ბითაძემ და გეგელაშვილმა. ამავე დღეს ჰოლანდიამ რუმინეთი დაამარცხა - 12:6.

გუშინ, 29 დეკემბერს, ჩვენებმა რუმინეთსაც მოუგეს - 12:9 და ჰოლანდიამ თურქეთს აჯობა - 12:7.

დღეს, ასპარეზობის ბოლო ტურში ითამაშებენ: საქართველო-ჰოლანდია, თურქეთი-რუმინეთი.

იოვან პოპოვიჩის შეგირდები სტამბოლიდან შინ დაბრუნდებიან. ნაახალწლევს - 3 იანვარს ამსტერდამს მიაშურებენ და ჰოლანდიის ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ, 6 იანვარს ნოვი სადში ჩავლენ საწვრთნელ შეკრებაზე, 10 იანვარს კი ბელგრადს ეწვევიან.

ევროპის ჩერმპიონატის ჯგუფური ტურნირის პირველ ორთაბრძოლას 11 იანვარს რუმინეთთან გამართავენ, 13 იანვარს გერმანიასა და 15-ში კი იტალიასთან გაარკვევენ ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული