საქართველოს წყალბურთელთა ჩემპიონატი: დებიუტანტი სრული სვლით

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 30 მაისს საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის ორი მატჩი გაიმართა.

განსაკუთრებულ ინტერესს ასპარეზობის დებიუტანტი თსუ-ს და "ივერიის" დაპირისპირება იწვევდა, რაც მათი სატურნირო მდგომარეობით იყო გამოწვეული - წარმატების შემთხვევაში, "ივერია" ქულებით სტუდენტებს გაუთანაბრდებოდა.

თსუ-ივერია 16:7
3:3, 5:2, 2:1, 6:1
თსუ: ფავლენიშვილი, სხილაძე, ბაქრაძე, ბუღაძე (2), გიორგაძე (2), ჩერქეზიშვილი, გაბადაძე (8), ტუკვაძე (1), კაკულია (3), ვაჩაძე (1), მგელაძე, ციხელაშვილი. მწვრთნელი გიორგაძე.
ივერია: ჭოლოკავა, რევია (1), მირიანაშვილი, ფურცელაძე, ჩომახაშვილი (1), ნონიკაშვილი, ჯახაია (3). მოსეშვილი (1), ზაქარეიშვილი, მაგრაქველიძე, ჯანჯღავა,
მარგველაშვილი, რაზმაძე, კოტია (1). მწვრთნელი მეგედი.

მოტივაცია არც დებიუტანტებს აკლდათ - სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ მე-3 ადგილზე იყვნენ და გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ "თბილისს" წამოეწეოდნენ.

პაექრობა ივერიელთა იერიშებით დაიწყო და პირველსავე წუთზე ჯახაიამ ანგარიში გახსნა, თუმცა კაკულიამ მალევე აღადგინა წონასწორობა.

მერე თსუ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გაბადაძემ გამოიჩინა თავი - ზედიზედ ორი გოლი გაუტანა ჭოლოკავას (საერთოდ კი, ამ მატჩში 8 გოლით გამოირჩა), რაზეც ჩომახაშვილმა და მოსეშვილმა თითო ბურთით უპასუხეს.

მე-2 პერიოდში სტუდენტები სამი გოლით დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი დიდი ანგარიშით - 16:7 გაიმარჯვეს და ერთპიროვნულ ლიდერ "ლიგამუსს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან.

ლიგამუსი-2-ივერია 10:11
2:3, 4:2, 3:2, 1:4
ლიგამუსი-2: სამადბეგაშვილი, ფირცხალავა, თორდია (1), ზამბახიძე (3), ჭედია, გოგელია (2), ჩოდრიშვილი, ქოიავა (1), დოიჯაშვილი, მოსეშვილი (2), შერვაშიძე (1), აბაიაძე. მწვრთნელი მაისურაძე.
ივერია: ჭოლოკავა, რევია (2), მირიანაშვილი, ჩომახაშვილი (2), ნონიკაშვილი, ჯახაია (2), მოსეშვილი, ზაქარეიშვილი (1), მაგრაქველიძე (4), ჯანჯღავა, მარგველაშვილი, რაზმაძე, კოტია. მწვრთნელი მეგედი

"ივერიამ" 30 მაისს მე-2 მატჩიც გამართა, ამჯერად "ლიგამუსი-2"-თან. პირველ რვაწუთიან მონაკვეთში ივერიელები ერთი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ მომდევნო ორი პერიოდი დათმეს და ზედიზედ მეორე მარცხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ.

ეტყობა, ამან გამოაფხიზლა მეგედის შეგირდები. მათი შეტევები უფრო შედეგიანი გახდა და ბოლო რვა წუთში ზედიზედ ოთხჯერ აიძულეს სამადბეგაშვილი, საკუთარი კარის ბადიდან გამოეტანა ბურთი. თავად კი ერთი გოლი გაუშვეს, მატჩიც 11:10 მოიგეს.

ეროვნულ ჩემპიონატში ხუთი ტურის შემდეგ ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: "ლიგამუსი" - 15, თსუ - 12, "თბილისი" - 12, "ივერია" - 9, "ლიგამუსი-2" - 3, "ბათუმი" - 0, "ქუთაისი" - 0 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული