საქართველო-სლოვაკეთი 7:7 - ზავი პირველობის პერსპექტივით

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 5 აპრილს წყალბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე-მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ცენტრალური პაექრობა საღამოს ჩატარდა - ერთმანეთს ქართველები და სლოვაკები დაუპირისპირდნენ.

სტუმრები ამ დროისთვის ლიდერები იყვნენ, რადგან დილით ჩეხებს სძლიეს და 6 ქულით გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცნენ.

საქართველო - სლოვაკეთი 7:7
3:2, 2:3, 1:2, 1:0
საქართველო: ჭუმბურიძე, ქენქაძე, ჩიქვინიძე, რუსიშვილი, ლაითაძე (1), ელეზი (2), ხვედელიანი, ბაღათურია (1), რურუა (2), გეგელაშვილი, ყაზახიშვილი, ელაჩა, სრეპულია (1), მთავარი მწვრთნელი ისელიძე, მწვრთნელი პოპოვიჩი.
სლოვაკეთი: გოგოლა, ფამერა (2), იანიჩეკი (1), ნედბალი,
დურიკი, ნაგი, მოლნარი, მრავიკი (2), გრუტკა, პოლოვიჩი, ტკაჩი (2), გიურესი, კოჩნერი, მწვრთნელი სიროტნი.

ჯერ კიდევ თბილისის ტურნირის დაწყებამდე სპეციალისტები A ჯგუფში ფავორიტებად საქართველოს და სლოვაკეთს მიიჩნევდნენ.

გუშინდელმა მატჩმა ეს ვარაუდი დაადასტურა. პაექრობა მასპინძლების იერიშებით დაიწყო. მე-2 წუთზე ჩერნოგორიის ჩემპიონმა სრეპულიამ ანგარიში გახსნა, თუმცა სტუმართა მცველმა იანიჩეკმა მალევე წონასწორობა აღადგინა.

ერთი წუთის შემდეგ გეგელაშვილთან უხეში თამაშის გამო სლოვაკების კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ელაჩას დარტყმამ მიზანს ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, კონტრშეტევისას უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მრავიკმა მე-4 წუთზე თავისიანები დააწინაურა - 2:1.

ამის შემდეგ ინიციატივას ისევ ქართველები დაეუფლნენ. ნაკრების კაპიტანმა რურუამ და ელეზიმ "ჯვაროსნები" ისევ წინ გაიყვანეს. პირველი მეოთხედი ისელიძის შეგირდებმა 3:2 მოიგეს.

მეორე რვაწუთიანი მონაკვეთის დასაწყისში ელეზიმ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა (მესამე პერიოდის დასაწყისში ეს გამოცდილი წყალბურთელი არბიტრებმა უხეში საქციელისთვის შეცვლის უფლებით მატჩის ბოლომდე გააძევეს).

თითქოს ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ თამაშის სადავეები მალე ხელთ იგდეს სტუმრებმა და შესვენებამდე წონასწორობა აღადგინეს - 5:5.

დარჩენილ ორ პერიოდში თამაშის სცენარი შეიცვალა - სლოვაკების კარნახით მიდიოდა მატჩი, ერთი პერიოდი ისინი ორი ბურთითაც დაწინაურდნენ, მაგრამ ლაითაძემ და რურუამ ანგარიში გაათანაბრეს.

საფინალო სასტვენამდე დარჩენილ შვიდ წუთში ორივე გუნდს შეეძლო, წარმატებისთვის მიეღწია, მაგრამ შეტევების ბოლო მომენტში წყალბურთელებს სიზუსტე აკლდათ. ჭუმბურიძემაც რამდენჯერმე იხსნა გოლისაგან საკუთარი კარი.

საბოლოოდ პაექრობა ფრედ - 7:7 დამთავრდა, რაც ამ დაძაბული შეხვედრის ლოგიკური დასასრული იყო. აქვე ერთ უსიამოვნო ინციდენტზეც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება: "ოლიმპიკში" მრავლად მოსული გულშემატკივრები სლოვაკი წყალბურთელების გამომწვევმა საქციელმა აღაშფოთა, თუმცა ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი პროვოკაციას არ აჰყვნენ.

სტუმართა გაღიზიანება მატჩის ფრედ დამთავრებამ გამოიწვია. საქმე ის არის, რომ საქართველო და სლოვაკეთი ტურნირს ერთნაირი ქულებით დაასრულებენ, რაც მოსალოდნელია, მაშინ პირველი ადგილის ბედს ბურთების უკეთესი სხვაობა გადაწყვეტს.

დარჩენილ ორ ტურში (სლოვაკებს ერთი მატჩი დარჩათ ბრიტანელებთან), ჩვენებს მეტი შანსი აქვთ, უპირატესობას მიაღწიონ.

5 აპრილს დილით მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ჩეხეთი - სლოვაკეთი 3:12
0:3, 0:3, 1:4, 2:2
ჩეხეთი: სრაჯერი, კოპენეცი (2), ი. ვოლაკი, ა. ვოლაკი, ვოლოშჩუკი, ჰოლესი, სნასილი, მრაჟეკი, ნეჟღუბა (1), იანეჩეკი, რეჟეკი, ზიკმუნდი, შუსტრი. მწვრთნელი: ფამერა.
სლოვაკეთი: გოგოლა, ფამერა, იანიჩეკი (1), ნედბალი, დურიკი, ნაგი (2), მოლნარი (2), მრავიკი (2), გრუტკა (1), პოლოვიჩი (3), ტკაჩი (1), გიურესი, კოჩნერი.
მწვრთნელი: სიროტნი.

წინასწარვე ვიცოდით, რომ უწინდელი ერთი ქვეყნის ამ ორი განაყოფიდან სლოვაკეთის წყალბურთელთა ნაკრები უფრო ძლიერი იყო და ეს გუშინდელმა პაექრობამაც დაადასტურა.

მართალია, ანგარიში მხოლოდ მე-3 წუთზე გაიხსნა (გოლი პოლოვიჩმა გაიტანა), მაგრამ პირველი რვაწუთიანი მონაკვეთის დასასრულამდე სლოვაკებმა კიდევ ორი ბურთი (პოლოვიჩი და მოლნარი) გაიტანეს.

ჩეხებმა მატჩის მესამე მონაკვეთში შეძლეს გამოფხიზლება (კოპენეცი), როცა პაექრობას 0:8-ს აგებდნენ.

პოლონეთი - დიდი ბრიტანეთი 3:11
1:3, 1:3, 0:4, 1:1
პოლონეთი: დიაკონოვი, რაძინსკი, ბედნარეკი, კოვალევსკი, პიატეკი, სზუმანსკი, მიჩალსკი, ბარი, ლავნიჩაკი (1), მარცინ ბარი, ლუსჩაკი (2), ლესჩეკი, სზაბლოვსკი.
მწვრთნელი: ქუჟავა.
დიდი ბრიტანეთი: სკოტი, ჯეიმსი (1), კარვენი (3), კინგი (1), ფიგესი (2), უაელერი (2), არმსტრონგი, ვინსენტი, პარკერი (2), ჩოლეფილდი, რიდერი, ორეგანი, ჰოლანდი.
მთავარი მწვრთნელი: დანსბი.

შესარჩევი ეტაპის სტარტზე საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ ბრიტანელები მალევე მოეგნენ გონს და ჯავრი პოლონელებზე იყარეს.

მატჩის პირველსავე წუთზე კუნძულელებმა - პარკერმა და კარვენმა ზედიზედ ორი ბურთი მოათავსეს დიაკონოვის კარში.

ვერ ვიტყვით, რომ ამ ორმა ელვისებურმა შედეგიანმა შეტევამ სლავები დააბნია ან წელში გატეხა.

მთელმა მატჩმა ცხადყო, რომ ბრიტანელი წყალბურთელები პოლონელ კოლეგებზე მთელი თავით მაღლა დგანან. არც არის გასაკვირვი - შარშან ლონდონის თამაშებისთვის ინგლისელთა გუნდი გაძლიერდა და ოლიმპიადაზეც მდიდარი გამოცდილება შეიძინა.

5 აპრილს მესამე ტურის ბოლო ორთაბრძოლა A ჯგუფის აუტსაიდერებს - ჩეხეთსა და პოლონეთს შორის გაიმართა.

პოლონეთი - ჩეხეთი 8:5
3:3, 1:0, 2:2, 2:0
პოლონეთი: დიაკონოვი, რაძინსკი (1), ბედნარეკი, კოვალევსკი, პიატეკი, სზუმანსკი, მიჩალსკი (2), მიხალ ბარი (3), ლავნიჩაკი (2), მარცინ ბარი, ლუსჩაკი, ლესჩეკი, სზაბლოვსკი. მწვრთნელი: ქუჯავა.
ჩეხეთი: სრაჯერი, კოპენეცი (2), ი. ვოლაკი (1), ა. ვოლაკი (1), ვოლოშჩუკი, ჰოლესი, სნასილი, მრაჟეკი, ნეჟღუბა, იანეჩეკი, რეჟეკი (1), ზიკმუნდი, შუსტრი.
მწვრთნელი: ფამერა.

ტურნირის აუტსაიდერთა დაპირისპირებას დიდი დაინტერესება არ გამოუწვევია, თუმცა მატჩი ამ დონის გუნდებისთვის შესაფერისი დაძაბულობით წარიმართა. განვლილი ტურებიდან გამომდინარე, ჩეხები უკეთესი გუნდის შტაბეჭდილებას ტოვებდნენ.

მატჩიც მათი იერიშებით დაიწყო და ი. ვოლაკმა პირველსავე წუთზე თავისიანები დააწინაურა.

ანგარიშის გახსნით გამოწვეული სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მიჩალსკიმ წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდი ფრედ (3:3) დასრულდა. მერე უპირატესობას პოლონელები დაეუფლნენ და გაიმარჯვეს კიდეც - 8:5.

6 აპრილს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
ჩეხეთი-დიდი ბრიტანეთი (17.00)
საქართველო-პოლონეთი (18.30)

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-დიდი ბრიტანეთი 12:3 - ევროპისაკენ წარმატებული სტარტით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული