ამერიკული ფეხბურთი: უინტრიგო სუპერბოული

AutoSharing Option
კვირას, NBA-სა და NHL-ში, ჯამში, მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა, ისიც დილის საათებში, რადგან ამერიკა მხოლოდ ერთი მოვლენით ცხოვრობდა - ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის (NFL) ფინალით, რომელსაც სუპერბოული ჰქვია.

პირველად NFL-ის ისტორიაში, სუპერბოულის გამართვა ნიუ იორკში გადაწყვიტეს. ფინალში ორი აბსოლუტურად განსხვავებული გუნდი თამაშობდა: ერთ მხარეს ახალგაზრდა "სიეტლ სიჰოქსი", რომელმაც ფინალამდე ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა "ფილადელფია"; მეორე მხარეს - გამოცდილი "დენვერ ბრონკოსი", უბერებელი პეიტონ მენინგით, რომელსაც ამერიკული ფეხბურთის რაიან გიგზს უწოდებენ.

კისრის ურთულესი ტრავმის შემდეგ მენინგი ჩვეულ დონეს დაუბრუნდა და ამ სეზონის პირველივე
მატჩში შვიდი (!) თაჩდაუნი შეასრულა. NFL-ის ისტორიაში ასეთი რამ მხოლოდ ხუთ ადამიანს გაუკეთებია. სეზონში ყველანაირი რეკორდის მოხსნის შემდეგ "დენვერი" ფინალში გავიდა, მენინგს კი ჰქონდა შანსი, ერთადერთი კვოტერბეკი გამხდარიყო ისტორიაში, ვისაც ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ექნებოდა მოგებული სუპერბოული.

ექსპერტებისა და გულშემატკივრების უმრავლესობა უპირატესობას "დენვერს" ანიჭებდა. მაგალითად, სახელოვანმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა ტოტალიზატორში 10 მილიონი დოლარი დადო ამ გუნდის მოგებაზე. "სიეტლის" გამარჯვების კი სოლტ-ლეიკ-სიტის ზოოპარკის მაიმუნ ელის თუ სჯეროდა. მან NFL-ის ბოლო ექვსი გამარჯვებული გამოიცნო, ამჯერად კი, პროგნოზის გაკეთებისას, "სიეტლის" ჩაფხუტს შეეხო.

მატჩის გარშემო
გთავაზობთ რიგით 48-ე სუპერბოულის შესახებ რამდენიმე ფაქტსა და ციფრს:

- ამერიკული ფეხბურთის ლიგის ფინალს 180-მა მილიონმა ამერიკელმა უყურა. ცნობისთვის, აშშ-ის მოსახლეობა 320 მილიონი ადამიანია.

- სუპერბოულის შესვენებაზე 30-წამიანი სარეკლამო რგოლის გაშვება 4 მილიონი დოლარი ღირდა.

- საცალო ვაჭრობის ეროვნული ასოციაციის გამოთვლებით, თითოეულ ტელემაყურებელს საშუალოდ 68.27 დოლარი უნდა დაეხარჯა საკვებისთვის, სახლის გაფორმებისთვისა და სამატჩო ატრიბუტიკის შეძენისთვის.

- წლის მთავარი მატჩის წინ ამერიკელთა საერთო დანახარჯი 12.3 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო.

- მატჩის წინ აშშ-ის ჰიმნი შეასრულა რენე ფლემინგმა, არაოფიციალური ვარიანტი კი ქუინ ლატიფამ იმღერა.

- გარდა ამისა, სუპერბოულის შესვენებაზე იმღერეს ბრუნო მარსმა და როკ-ჯგუფმა Red Hot Chili Peppers-მა.

მატჩი
შთამბეჭდავი სანახაობა იყო გუნდების მოედანზე გამოსვლა: "სიეტლმა" შევარდენი გაიყვანა მინდორზე, "დენვერის" ჩირლიდერების ჯგუფის ერთ-ერთი გოგონა კი ცხენზე ამხედრებული გამოუძღვა გუნდს მოედანზე.

"სიეტლისა" და "დენვერის" ფინალი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე... მოსაწყენი იყო ბოლო წლებში, ინტრიგის მხრივ. ლეგენდარულ პეიტონ მენინგსა და მისი კოლორადოელ თანაგუნდელებს სასტიკად გაუსწორდნენ. მატჩის ბედი უკვე პირველ ტაიმში გაირკვა. სიეტლელებს პირველ ნახევარში კიდევ სამი ქულა რომ აეღოთ, დაფიქსირდებოდა მატჩის ეკვატორისთვის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა. დენვერელებმა ქულების დაგროვება მხოლოდ მეორე ტაიმში დაიწყეს, მაგრამ იმ მომენტისთვის "სიჰოქსის" დაწევა უკვე შეუძლებელი იყო.

NBA-ს კლუბის, "დალას მავერიქსის" "გიჟმა" მფლობელმა მარკ ქიუბანმა სუპერბოულით დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტა. ის ლას ვეგასში იმყოფებოდა და ტოტალიზატორს მიაკითხა, სადაც უცნაური ფსონი გააკეთა. მან გარისკა და ივარაუდა, რომ სუპერბოულის პირველივე შეტევაში დაფიქსირდებოდა ე. წ. სეიფტი (ეს არის მდგომარეობა, როცა მოთამაშე საკუთარ ჩასათვლელ ზონაში იღებს ბურთს, რათა თავიდან აიცილოს მეტოქის შვიდქულიანი თაჩდაუნი. სეიფტი გუნდს ორ ქულას აძლევს).

მოკლედ, ქიუბანმა მილიონი დოლარი დადო ამ უცნაურ სცენარზე და ოცჯერ მეტი თანხა მიიღო: მენინგმა და მისმა პარტნიორებმა გაუგებარი შეუთამაშებლობა აჩვენეს და "დენვერს" თაჩდაუნის თავიდან ასაცილებლად, საკუთარ ზონაში ბურთის დაფიქსირება დასჭირდა. ეს ნამდვილი სასწაული იყო ქიუბანისთვის.

ასეთი წარუმატებელი დასაწყისის შემდეგ "დენვერის" თამაში საბოლოოდ წავიდა მისთვის არასასურველი სცენარით. მენინგსა და კომპანიას არაფერი გამოსდიოდათ და პირიქით, "სიეტლის" დაცვა და კერძოდ, რასელ უილსონი შეუდარებელი იყო.

პირველ ტაიმში "სიჰოქსმა", უბრალოდ, დასცინა მეტოქეს და 22:0 მოიგო მატჩის პირველი ნახევარი. შემდეგ იყო 29:0 და კირსის ფანტასტიკური თაჩდაუნი, როცა ის მცველებს უცნაურად დაუძვრა. მატჩის ბედი გარკვეული იყო.

"დენვერმა" მაინც გაიტანა პრესტიჟის თაჩდაუნი და გაქვითა ანგარიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნებოდა პირველი გუნდი ისტორიაში, რომელიც სუპერბოულს უქულოდ დაასრულებდა.

საბოლოო ანგარიში - 43:8 კარგად ასახავს იმას, რაც მოედანზე ხდებოდა. ფავორიტი სასტიკად განადგურდა, "სიეტლი" კი პირველად გახდა ჩემპიონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული