ხელბურთის საქართველოში დასაბრუნებლად - ინტერვიუ ზურაბ კაკაბაძესთან

AutoSharing Option
ფოტოზე: ზურაბ კაკაბაძე მოლდოვის გუნდის კაპიტანს თასით აჯილდოებს
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ბოლო წლებია, უამრავ საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მარტო 2016-ში უკვე ოთხი ასეთი დიდი შეჯიბრება გაიმართა თბილისსა და ქუთაისში.

ერთ-ერთი ორიოდე დღის წინ დამთავრდა რიონისპირა ქალაქში, 19-20 ნოემბერს კი დედაქალაქის სპორტის სასახლეში კიდევ ერთი ევროტურნირის მოწმენი გავხდებით. სწორედ ამ ასპარეზობების შესახებ გვესაუბრება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე:

- 2016 წელს ძირითადი აქცენტი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობაზე გავაკეთეთ, - გვითხრა მან. - როგორც გახსოვთ, აპრილში 20-წლამდელთა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩავატარეთ მაღალ დონეზე,
მერე თბილისში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველობა გაიმართა. გოგონებსა და 20-წლამდელ ვაჟებში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასის ევროპული ეტაპის მასპინძლობის უფლება გვერგო. ამ ბოლო შეჯიბრებაში კონტინენტის შვიდი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის სტუმართა მადლობაც დავიმსახურეთ.

გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ მთავარი პრიზის შინ დატოვება ვერ შევძელით. არადა, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა, რომელიც ამ ასპარეზობისთვის საგულდაგულოდ მოემზადა, ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო და მესამე ადგილს დასჯერდა. ის ერთი ორთაბრძოლა ნახევარფინალში სწორედ ტურნირის გამარჯვებულ მოლდოვასთან დავთმეთ, რომელიც გაისად ინტერკონტინენტალის თასზე იასპარეზებს.

საგულისხმოა, რომ შინ მსგავსი შეჯიბრება გოგონებს შორის ფინალში წავაგეთ და მეორე ადგილზე გავედით.

- წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი პაექრობა გელით ქალთა ევროთასებზე...
- დიახ, 19-20 ნოემბერს თბილისში ორჯერ შევხვდებით ჩეხეთის "სოკოლ-პორუბას". ვერ გეტყვით, რომ ამ ორთაბრძოლებში ფავორიტები ვიქნებით, რადგან ჩვენი გუნდი - თბილისის "მამული" საქართველოს 18-19-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ნაკრები გუნდების ბაზაზეა დაკომპლექტებული.

ევროთასებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, ამიტომ მეტოქე გუნდის წევრები ჩვენებისაზე ბევრად უფროსები და გამოცდილები არიან. სტუმრებს სწორედ ეს აძლევს უპირატესობას. სამაგიეროდ, ქართველების მხარეზეა ახალგაზრდული ჟინი და აზარტი, მოტივაცია. ამ მატჩების შემდეგ ევროთასების მომავალ ეტაპზე თუ ვერ გავალთ, საერთაშორისო თამაშების გამოცდილებას შევიძენთ, რაც გაისად გამოგვადგება.

2017 წელს ჩვენი გოგონები 19-წლამდელთა მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს. 18-წლამდელი ვაჟები აგვისტოში მსოფლიოს პირველობაზე გამოვლენ, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს. მანამდე კი,  მარტში "გამოწვევის თასზე" იასპარეზებენ. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ეს ტურნირი პრესტიჟული გახადა, რადგან მისი გამარჯვებული ევროპის პირველობის ფინალში ჩაებმება. 2017 წელს "გამოწვევის თასზე" 20 ქვეყნის 18-წლამდელთა გუნდები ითამაშებენ.

ასე რომ, როგორც წლეულს, გაისადაც მნიშვნელოვან შეჯიბრებებში ვიასპარეზებთ შინ თუ გარეთ. ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხელბურთი საქართველოში დავაბრუნოთ და ისეთი პოპულარული გავხადოთ, როგორიც გასული საუკუნის სამოციან წლებში იყო.

- ევროპის ხელბურთის ფედერაციის კონგრესზე რას იტყვით?
- ეს ფორუმი 17-19 ნოემბერს ავსტრიაში გაიმართება და განვლილ ოთხ წელიწადში გაწეული მუშაობა შეჯამდება, ავირჩევთ ფედერაციის ახალ შემადგენლობას, ახალ პრეზიდენტს. კენჭისყრაში მხოლოდ ერთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას - ფედერაციის ამჟამინდელი გერმანელი გენერალური მდივანი მაიკლ ლიბერერი. ახლანდელი პრეზიდენტი 69 წლისაა და არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ჩვენთან ასაკობრივი შეზღუდვაა.

ბატონი ლიბერერი საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ბევრ რამეში აქტიურად დაგვიჭირა მხარი და, იმედია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენი მონაწილეობა ამ კონგრესში აუცილებელია, რადგან დაინტერესებულნი ვართ, ევროპის ფედერაციის მხარდაჭერა უფრო აქტიური გახდეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბატონი თამაზ თევზაძე ევროპის ფედერაციის მოსწავლეთა არასაშეჯიბრო კომისიის წევრობის კანდიდატია, ხოლო ჩვენი გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, შეიძლება, ქალთა კომისიაში აირჩიონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული