იტალია-საქართველო 26:19 - სიცილიურმა დაცვამ მასპინძლებს არგო

AutoSharing Option
2 ნოემბერს სიცილიაში ხელბურთელ ვაჟთა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა: იტალიამ სირაკუზაში საქართველოს უმასპინძლა და 26:19 გაიმარჯვა.

არადა, ორთაბრძოლის პირველი ნახევარი სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა. მართალია, თავიდან იტალიელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ მეკარე შოთა თევზაძემ ზედიზედ მოიგერია რამდენიმე ბურთი, ჭანტურიამ და წითელიშვილმა კი წონასწორობა აღადგინეს, მე-15 წუთზე კი ჩიქოვანმა საქართველო წინაც გაიყვანა - 5:4. არსენაშვილისა და ორჯონიკიძის დარტყმების შემდეგ კიდევ ორჯერ დავწინაურდით, თუმცა ტაიმი იტალიამ 11:10 მოიგო.

შესვენების შემდეგ, 35
-ე წუთზე გრიშიკაშვილმა კიდევ ერთხელ დააწინაურა სტუმრები - 13:12.

იტალიის ყველაზე შედეგიანმა მოთამაშე დეან ტურკოვიჩმა (10 გოლი, რვიდან 8 შვიდმეტრიანი) მალე ანგარიში გაათანაბრა. მასპინძელთა მწვრთნელმა რადოიკოვიჩმა პერსონალურად ააყვანინა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ირაკლი ჩიქოვანი. იტალიელთა დაცვის ხაზი უფრო მდგრადი და ჩვენებისთვის ძნელად გასარღვევი გახდა, აპენინელთა თავდამსხმელები კი იოლად აღწევდნენ მიზანს. ამიტომაც 10-წუთიან მონაკვეთში მასპინძლების გატანილ 7 ბურთს ქართველებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.

47-ე წუთზე მეკარე შოთა თევზაძე გრძელი პასის ჩასაჭრელად კარიდან გამოვიდა, მარტინ ზონერერს შეეხო და წესების თანახმად, წითელი ბარათიც მიიღო. ტურკოვიჩს შვიდმეტრიანის რეალიზება არ გასჭირვებია.

საბოლოოდ, იტალიელებმა შვიდი ბურთის სხვაობით გვაჯობეს. 6 ნოემბერს (18 საათზე) თბილისის სპორტის სასახლეში სტუმრებს რვა ბურთის სხვაობით უნდა მოვუგოთ, რომ ჯგუფის მესამე მეტოქე ლუქსემბურგთან მატჩების წინ იტალიაზე უკეთეს მდგომარეობაში ვიყოთ. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის.

ევრო 2020. პირველი შესარჩევი ეტაპი
2 ნოემბერი, სირაკუზა. კონჩეტო ლო ბელო
იტალია-საქართველო 26:19
იტალია: ფოვიო, პოსტონია, ტურკოვიჩი-10 (8 პენ), რადოვჩიჩი-5, ჯანოკარო-4, ზონერერი-2, ვენტური-2, იბალი-1, სპერტი-1, ვოლპი-1, სკატარი, კოლაზუონო, მორეტი, პარიზინი, დარიპანი, როსი, მწვრთნელი რადოიკოვიჩი.
საქართველო: თევზაძე, ცინცაძე, ჭანტურია-6, წითელიშვილი-4, ჩიქოვანი-3, ორჯონიკიძე-3, გრიშიკაშვილი-1, აბრამიშვილი-1, არსენაშვილი-1, სიმონია, რუსტამოვი, დიხამინჯია (დათუკაშვილი), მწვრთნელი ორჯონიკიძე.
მსაჯები: დორუ მანეა, რადუ ილიესკუ (რუმინეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული