საქართველოს 18 წლამდე ხელბურთელთა ნაკრები ევროპის პირველობის საკვალიფიკაციოზე გამოვა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ხორვატიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ უმაგში თანატოლთა ევროპის პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე (VI ჯგუფი) მოსინჯავს ძალებს.

ფინალურ ეტაპზე (პოლონეთი, 14-24 აგვისტო) 16 გუნდს შორის მოსახვედრად ჩვენები მასპინძლებს, ჰოლანდიელებსა და მაკედონიელებს დაუპირისპირდებიან.

ამ შეჯიბრებისთვის ქართველი ხელბურთელები სერიოზულად მოემზადნენ: ზაფხულში გუნდი ბელორუსში იყო საწვრთნელ შეკრებაზე და საკონტროლო პაექრობებიც გამართა, ნოემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრის თასზე გამართულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა ერევანში, სადაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუსეთის ნაკრებს აჯობა - 33:28.

დეკემბრის მიწურულიდან 8 იანვრამდე ნაკრების წევრები დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ვარჯიშობდნენ, სპარინგ-მატჩებიც ითამაშეს
სომეხ თანატოლებთან. ნაკრების მწვრთნელმა ტიტე კალანდაძემ სწორედ ამის შემდეგ შეარჩია ის 14 ხელბურთელი (მეკარეები - ზურაბ ცინცაძე (პეგასი, დაიბადა 03.10.1996, სიმაღლე 178 სმ), დემეტრე ნარსია (პეგასი, 22.10.1997, 188), ხაზის მოთამაშეები - ჯაბა ხაჟომია (სამტრედია, 03.08.1996, 182), გიგა კოხრეიძე (პეგასი, 16.12.1996, 187), გაგა დემეტრაშვილი (პეგასი, 31.05.1996, 187), გამთამაშებლები - ამირან აბჟანდაძე (პეგასი, 06.01.1996, 185), ვლადიმერ ბაძაღუა (პეგასი, 30.12.1996, 173), შუამარბები - თემურ ორჯონიკიძე (სტუ, 07.02.1996, 195), ალექსანდრე ცხვარაშვილი (პეგასი, 06.11.1996, 180), გივი გიორგაძე (იმედი, 21.01.1996, 190), მიხეილ ნაზღაიძე (პეგასი, 03.01.1998, 182), გარემარბები - ირაკლი გოგოლაძე (სტუ, 05.11.1996, 177), გიორგი დოლმაზაშვილი (ყვარელი, 22.02.1998, 179), გიორგი დიხამინჯია (პეგასი, 21.06.1997, 178), დელეგაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ბერიაშვილი), რომლებიც ხორვატიაში წაიყვანა.

ყველა მათგანი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს. ნაკრების ლიდერია შუამარბი თემურ ორჯონიკიძე, ვინც სომხეთში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და უკვე ქვეყნის ნაკრებშიც მოსინჯა ძალები.

პირველი თამაში ჩვენებს დღეს, 10 იანვარს, აქვთ ჰოლანდიასთან. ტიტე კალანდაძის თქმით, ამ ქვეყანაში ხელბურთი ბოლო დროს საგრძნობლად დაწინაურდა, თუმცა ფინალში გასასვლელად, მწვრთნელის აზრით, მთავარი კონკურენტი მაინც მაკედონია იქნება, სადაც კალანდაძემ რამდენიმე წელი ითამაშა და იქაურ ხელბურთს კარგად იცნობს.

VI შესარჩევი ჯგუფის კალენდარი
10 იანვარი
19:00 საქართველო - ჰოლანდია, 21:00 ხორვატია - მაკედონია

11 იანვარი
19:00 საქართველო - ხორვატია, 21:00 მაკედონია - ჰოლანდია

12 იანვარი
16:00 ხორვატია - ჰოლანდია, 18:00 საქართველო - მაკედონია

ფინალურ ეტაპზე 2 გუნდი გადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული