გორში ხელბურთი ვითარდება

AutoSharing Option
გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის დარბაზი ამ დღეებში ხელბურთში 2000-2001 წლებში დაბადებულთა ტურნირის სარბიელად იქცა.

შეჯიბრება ვეტერანი ხელბურთელის (თამაშობდა თბილისის "ბურევესტნიკში"), ლევან იაშვილის დაბადების 77-ე წელს მიეძღვნა.

ბატონი ლევანი აქტიური სპორტული კარიერის შემდეგ თითქმის ოთხი ათეული წელია, გორის უნივერსიტეტში მუშაობს.

გორის სასპორტო სკოლის (დირექტორი კონსტანტინე ხუბულური) და სპორტული ცენტრის (დირექტორი ნოდარ მეტრეველი) მიერ ორგანიზებულ ტურნირში გორის, თელავის, რუსთავის, სამტრედიის, ქუთაისის, თბილისის 161-ე და 175-ე სკოლების გუნდებმა იასპარეზეს.

შეჯიბრება წრიული სისტემით ჩატარდა და ვინაიდან გორის და 161-ე სკოლის გუნდ "პეგასს" თანაბარი ქულები
აღმოაჩნდათ, ხოლო შეხვედრაც ფრედ დასრულდა, გამარჯვებულები ბურთების უკეთესი სხვაობით მასპინძლები გახდნენ.

შეჯიბრების დასასრულს ვეტერანმა ხელბურთელებმა, რომელთა შემადგენლობაში თვით 77 წლის ლევან იაშვილი და საპრიზო ადგილზე გასული გუნდების მწვრთნელები თამაშობდნენ, ახალგაზრდა ხელბურთელებს გაეჯიბრნენ და მოუგეს კიდეც.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში, თბილისის გარდა, ასეთი წარმომადგენლობითი ტურნირი არსად ჩატარებულა.

გორელებმა კი თბილისის უკანასკნელი ორი პირველობის გამარჯვებულ გუნდს აჯობეს. გამოჩნდა, რომ გორში ხელბურთი რიგიანად ვითარდება. სამწუხაროდ, დარბაზის სიმცირის გამო გორში უფროს ასაკში მატჩის ჩატარება ვერ ხერხდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული