ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია!

AutoSharing Option
ესპანეთის ვაჟთა ნაკრებმა თავისი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ტურნირის მასპინძლებმა ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთეს - ფინალში ქვა ქვაზე არ დატოვეს დანიის ნაკრებისგან, რომელსაც მანამდე რვიდან რვა მატჩი ჰქონდა მოგებული და ბუკმეკერების ფავორიტადაც მიიჩნეოდა. თან არც ის უნდა დაგვევიწყებინა, რომ ბოლო სამ დიდ სპორტულ ფორუმზე დანიას ზედიზედ სამჯერ ჰყავდა დამარცხებული ესპანეთი.

როგორც გაირკვა, დანიისთვის გადაულახავი აღმოჩნდა მეტოქის მოედნის ფაქტორი, რასაც ესპანელთა ფანტასტიკური განწყობაც დაემატა. მატჩი სკანდინავიელებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო: ზედიზედ სამი გაშვებული ბურთი. სიტუაცია დროულად აღებულმა ტაიმ-აუტმა შეცვალა,
რის შემდეგაც დანიამ ორი გოლი გაიტანა.

დაიწყო ბურთი ბურთზე თამაში: ევროპის მოქმედი ჩემპიონი ინარჩუნებდა მინიმალურ ჩამორჩენას, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა ანგარიშის გათანაბრებას. ესპანელთა გაქცევა 21-ე წუთიდან დაიწყო, როცა დანიელთა კარში ზედიზედ ოთხი უპასუხო ბურთი გავიდა. 13:8-ზე დანიამ ისევ აიღო ტაიმ-აუტი, მაგრამ ამან უკვე ვეღარ უშველა ფავორიტს. შესვენებისთვის დაფიქსირდა ფინალისთვის არადამახასიათებელი ანგარიში - 18:10.

მეორე ტაიმში დანიამ პირველმა გაიტანა, მაგრამ ამას მოჰყვა მორიგი კოშმარი - 18:11 დახლოებით ათ წუთში 26:11-ად გადაიქცა. 8:0 გაქცევამ გადაწყვიტა ოქროს მედლის ბედი. ტრიბუნებმა ზეიმი მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე დაიწყეს. ესპანელმა ხელბურთელებმაც გულშემატკივრების ბოლომდე გახარება გადაწყვიტეს და სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა, რომელმაც საბოლოოდ 16 ბურთს მიაღწია - 35:19. მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ფინალურ მატჩებში ასეთი სხვაობა არასოდეს დაფიქსირებულა.

სიმბოლური ნაკრები
მეკარე: ნიკლას ლანდინი (დანია)
მარცხენა ფრთა: ტიმურ დიბიროვი (რუსეთი)
მარცხენა ინსაიდი: ალბერტო ენტრერიოსი (ესპანეთი)
გამთამაშებელი: დომაგოი დუვნიაკი (ხორვატია)
ხაზი: იულენ აგინაგალდე (ესპანეთი)
მარჯვენა ინსაიდი: ლასლო ნადი (უნგრეთი)
მარჯვენა კუთხე: ჰანს ლინდბერგი (დანია)
ტურნირის MVP: მიკელ ჰანსენი (დანია)
საუკეთესო ბომბარდირი: ანდერს ეგერტი (დანია) - 55

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემპიონი საფრანგეთი გავარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული