ორი სენსაცია

AutoSharing Option
ბრაზილიაში ქალებს შორის ხელბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და მაყურებელმა ორი სენსაცია იხილა.

თავდაპირველად ტურნირს გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი - რუსეთის ნაკრები, რომელიც ამ ეტაპამდე დაუმარცხებლად მივიდა.

რუსების მეტოქე საფრანგეთი იყო, რომელიც პირველად წინ მე-12 წუთზე გავიდა, როცა სირაბა დემბელემ ზუსტი დარტყმით დაასრულა შეტევა. რუსეთის ნაკრების მეკარის, ანა სედიოკინას კარგი თამაში საფრანგეთს კომფორტული უპირატესობით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მეორე ტაიმის მეშვიდე წუთზე კამილ აილონმა პირველად მატჩში დააფიქსირა სამბურთიანი უპირატესობა, ხოლო სედიოკინამ ფანტასტიკური სეივების მიუხედავად, მატჩის დამთავრებამდე
15 წუთით ადრე ანგარიში გახადა 20:16 საფრანგეთის სასარგებლოდ.

ანგარიშში სხვაობა სწორედ სამ-ოთხ ბურთს შორის მერყეობდა, სანამ 56-ე წუთზე რუსმა ემილია ტურეიმ პენალტი არ გაიტანა და ანგარიში 22:24 არ გახადა. მსოფლიოს ჩემპიონებმა ფრანგების საპასუხო შეტევა მოიგერიეს და იქვე პოლინა კუზნეცოვამ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა - 24:23 საფრანგეთის სასარგებლოდ.

ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დაიბნა და გადამწყვეტი იერიში გოლით დაასრულა - თავი გამოიჩინა კლოდინ მენდიმ, რომელმაც საბოლოო წერტილი დაუსვა ამ მეოთხედფინალს - 25:23 საფრანგეთის სასარგებლოდ.

ნახევარფინალში ფრანგები დანიას შეხვდებიან, რომელმაც ანგოლას ნაკრებს სძლია.

აღსანიშნავია, რომ 2001 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს ჩემპიონი მუდმივად რუსეთი ხდებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ 2003 წელი, როცა ჩემპიონობა სწორედ საფრანგეთმა მოიპოვა. ახლა, ამ გუნდს 8 წლის წინანდელი შედეგის გამეორების კარგი შანსი აქვს.

* * *
მეორე მოულოდნელი შედეგი იყო ესპანეთის ნაკრების მოგება ტურნირის მასპინძლის - ბრაზილიის წინააღმდეგ. რუსების მსგავსად, ბრაზილიის ნაკრებიც ექვსიდან ექვსი მოგებით შეხვდა ამ მატჩს. ტურნირის წინ ეს გუნდები ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ გამარჯვება ბრაზილიას დარჩა.

შეხვედრის დებიუტიდანაც ცხადად ჩანდა, რომ მატჩი ძალიან დაძაბული იქნებოდა. მეექვსე წუთზე ესპანელმა ელიზაბეტ პინედომ დაასრულა თავისი გუნდის გაქცევა და ევროპელები 6:1 დაწინაურდნენ.

მაგრამ მასპინძლებმა იქვე საპასუხო სპურტი მოაწყვეს - ბრაზილიას სულ რაღაც ხუთი წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა - დეონისე კავალიერომ ზუსტი დარტყმით დაასრულა თავისიანების იერიში და მე-11 წუთისთვის ანგარიში თანაბარი იყო - 7:7.

მაგრამ მაინც, შესვენებაზე ლიდერის რანგში ესპანეთი გავიდა. სტუმრების გუნდი არ გატყდა ბრაზილიის ამ გაქცევის შემდეგ, მცირე ინიციატივა მოიპოვა და კარმენ მარტინმა ზუსტი გასროლით დააფიქსირა პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში - 19:17 ესპანეთის სასარგებლოდ.

თუმცა ეს არ იყო ის უპირატესობა, რომელიც ესპანეთის ნაკრებს დამშვიდების საშუალებას მისცემდა. ეს დადასტურდა კიდეც 38-ე წუთზე, როცა დანიელა პიედადემ 38 წუთზე წინ გაიყვანა ბრაზილია.

ამის შემდეგ თამაში ქულა ქულაში მიდიოდა. 56-ე წუთისთვის დეონისე კავალიერომ თანაფარდობა აღადგინა - 25:25.

ამის შემდეგ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და მატჩმა კულმინაციას ბოლო წუთზე მიაღწია - ესპანელმა პინედომ საფინალო სასტვენამდე 15 წამით ადრე გაიტანა გოლი, რომელმაც გამარჯვება მოუტანა სტუმრებს - 27:26.

დარჩენილ დროში სილვია პინეირომ სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ ჯარიმა ვერ გაიტანა და ესპანეთი ნახევარფინალში გავიდა, სადაც 16 დეკემბერს ნორვეგიის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც ხორვატია გამოთიშა ბრძოლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული