ხელბურთი: თბილისი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზად არის

AutoSharing Option
წელს, 8-20 აგვისტოს, საქართველოს დედაქალაქი ჭაბუკ ხელბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. შეჯიბრებაში 24 ქვეყნის 19-წლამდელი სპორტსმენები იასპარეზებენ.

ნაკრები გუნდები წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ:

A ჯგუფი. საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია
B ჯგუფი. გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი
C ჯგუფი. ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა
D ჯგუფი. სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა.

8-14 აგვისტოს ჯგუფური ტურნირის მატჩებია დაგეგმილი; 16-17 აგვისტოს - მერვედფინალები და მეოთხედფინალები, 19 აგვისტოს ნახევარფინალები გაიმართება, 20 აგვისტოს კი მედალოსნები გამოვლინდებიან.

მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით თბილისს
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ, რომლებმაც ბაზები დაათვალიერეს და საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობას გაეცნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე, დანიის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პერ ბერტელსენი და მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური დელეგატები - პოლონელი მარეკ გურალჩიკი და იტალიელი მარკო ტოზი ბრანდი, რომლებმაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილსა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას დიდი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელბურთის ფედერაცია და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი დაკისრებულ ამოცანას უმაღლეს დონეზე გაართმევენ თავს. საქართველომ ბოლო წლებში არაერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა, სტუმრობით ჯერ არავინ დარჩენილა უკმაყოფილო და ამიტომაც მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 23 ქვეყნის წარმომადგენლებისთვის აქ გატარებული დღეები სასიამოვნო იქნება.

შეჯიბრების შემდეგ ბევრს, შესაძლოა, საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი შეკრების მოწყობის სურვილიც გაუჩნდეს. ჩვენ მზად ვართ ყველა საინტერესო ინიციატივის მხარდასაჭერად. გვსურს, რომ საქართველო რეგიონში სპორტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს, მსოფლიოს ჩემპიონატების უმაღლეს დონეზე მიღება კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - დასძინა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

პერ ბერტელსენი:
"მას შემდეგ, რაც საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად დასახელდა, აქ არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა და ყველა მათგანისას იგრძნობოდა საქართველოს მთავრობის დაინტერესება და მხარდაჭერა. 24 გუნდის მიღება ნამდვილად არაა იოლი და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. უნდა ითქვას, რომ მოსამზადებელი პროცესი ჩინებულად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ჩვენ კმაყოფილები ვართ ნანახით და გვჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული".

პრესკონფერენციაზე ისიც ითქვა, რომ 18-20 აგვისტოს თბილისში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაც გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისიც დაწერეთ რას წარმოადგენს დღეს და რა შანსები აქვს ჩვენს ნაკრებს?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული