ბრაზილია მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია

AutoSharing Option

იტალიაში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ტურნირის წინ და უშუალოდ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მსვლელობისას ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მამაკაცთა თანამედროვე ფრენბურთის უცვლელმა ლიდერმა ბრაზილიის ნაკრებმა აშკარად უკლო თამაშს: ფრენბურთელებს კრიტიკული ასაკი აქვთ, მოტივაციის ნაკლებობას განიციდიან, ახალგაზრდა გამთამაშებელი ბრუნინიო ისეთი ძლიერი ვერ არის, როგორიც მისი წინამორბედი რიკარდო იყო... მაგრამ პლეი ოფის მატჩების დაწყებისთანავე სკეპტიკოსები დადუმდნენ, რადგან ბრაზილია თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და ფინაlს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა.

გადამწყვეტ მატჩში ლოგიკური წყვილი შედგა - მთავარ ფავორიტს მეტოქედ კუბა ერგო, ერთადერთი გუნდი, რომელმაც

ამ ჩემპიონატზე ბრაზილიას მოუგო (ჯგუფურ ეტაპზე). ასე რომ, ბერნარდინიოს შეგირდებმა გადამწყვეტ მატჩში რევანშის რეალური შანსი მიიღეს.

მატჩის დებიუტში ბრაზილიამ კარგად გამოიყენა თავისი მთავარი იარაღი - უძლიერესი მოწოდება და უკვე პირველი შესვენებისთვის სოლიდური ფორმა მიიღო - 8:3. ბრაზილიელებმა დროის ამ მონაკვეთში საუკეთესო თამაში აჩვენეს. ლუკასი, ამარალი და ბრუნინიო ბლოკზე კუბელთა ყველა სავარაუდო შეტევას ფარავდნენ, ლეანდრო ვისოტო კი ერთი მეორის მიყოლებით ასრულებდა თავისი გუნდის შეტევებს.

მიუხედავად ამისა, კუბელებმა გადალახეს მიღებასთან დაკავშირებული სასტარტო სირთულეები და 17 წლის ვუნდერკინდ ლეონისა და სიმონის მონდომებით ორ ქულამდე შეამცირეს სხვაობა. მაგრამ სეტში ბოლო სიტყვა ისევ ვისოტომ და კომპანიამ თქვეს. ბრაზილიელთა შეტევის ლიდერი სეტის ბომბირდირი გახდა - ექვსი ქულა ჩააგდო.

მეორე პარტიის დასაწყისში კუბელებს ისევ შეექმნათ პრობლემები მეტოქის მოწოდებასა და ბლოკზე, რითაც ბრაზილიამ კარგად ისარგებლა და სწრაფად გაიჭრა წინ - 7:1. კუბელთა იშვიათ წარმატებულ თამაშს შეცდომებით მორიგი კასკადი ცვლიდა და პარტიის ბოლოს ანგარიში გამანადგურებელი გახდა. ბერნარდინიოს გუნდმა პირველივე სეტბოლი გამოიყენა - ისევ ვისოტოს გამოუვიდა კარგი შეტევა.

მესამე პარტიის დასაწყისში მაყურებელს ინტრიგის იმედი გაუჩნდა. კუბელთა ახალგაზრდა გუნდმა თამაში იპოვნა, დაალაგა კავშირი მიღებასა და შეტევას შორის და პირველ ტექნიკურ შესვენებამდე ბრაზილიას თანაბარი თამაში შესთავაზა. თუმცა ამ მომენტისთვისაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაინც წინ იყო - 8:7. კუბელებს ისევ დაბალი ჰქონდათ მოწოდების მიღების ეფექტურობის მაჩვენებელი, მაგრამ ამ ნაკლს ლეონის წარმატებული მოქმედება აბათილებდა. ამ ბიჭმა ბოლო სეტში 9 ქულის დაგროვება შეძლო. პარტიის ბოლოს ბრაზილიურმა ბლოკმა გადამწყვეტ ორქულიან სხვაობას მიაღწია. 24:22-ზე ვისოტომ ეისი ჩააწოდა და თავის გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ტიტული მოაპოვებინა - 3:0 (25:22, 25:14, 25:22). გამოცდილებამ ახალგაზრდობას აჯობა. ბლოკის გარდა, კუბა არც ერთ სხვა კომპონენტში არ ჩამორჩებოდა ტიტულოვან მეტოქეს, თუმცა კუნძულელებმა ორჯერ მეტი უნებლიე შეცდომა დაუშვეს.

"ჩვენი წარმატების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ბრაზილიის ნაკრები მრავალია წელია ერთი ოჯახივითაა, - აღნიშნა ჩემპიონების კაპიტანმა ჟიბამ. - ეს ჩემპიონატი იგივეს ნიშნავს ჩვენთვის, რასაც წინა პირველობები. ახლა უნდა გავაგრძელოთ მონდომებით მუშაობა და მოვემზადოთ მსოფლიოს თასისთვის, რომელიც მომავალ წელს გაიმართება. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ოლიმპიური თამაშები - ეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის მთავარი მოვლენაა".

ინდივიდუალური პრიზები:
MVP - მურილო (ბრაზილია)
ბომბარდირი - იბან პერესი (ესპანეთი)
შეტევა - მაქსიმ მიხაილოვი (რუსეთი)
ბლოკი - რობერტლანდი სიმონი (კუბა)
მოწოდება - კლეიტონ სტენლი (აშშ)
გამთამაშებელი - ნიკოლა გრბიჩი (სერბეთი)
ლიბერო - ფერდინანდ ტილე (გერმანია)

საბოლოო კლასიფიკაცია: 1. ბრაზილია; 2. კუბა; 3. სერბეთი; 4. იტალია; 5. რუსეთი; 6. აშშ; 7. ბულგარეთი; 8. გერმანია; 9. არგენტინა; 10. ჩეხეთი; 11. საფრანგეთი; 12. ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული