დაკარი 2016: 50 წლის ტრიუმფატორი

AutoSharing Option
არგენტინაში დასრულდა 2016 წლის რალი-რეიდი "დაკარი". ბოლო ეტაპს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ძალთა საბოლოო გადანაწილებაზე ოთხივე კატეგორიაში.

ავტომობილების კლასში ისევ დომინირებდნენ კლასიკური რალის წარმომადგენლები. "დაკარზე" მეოთხე ეტაპი მოიგო "პეჟოს" წევრმა, ფრანგმა დებიუტანტმა სებასტიან ლოებმა. სულ რაღაც წუთი წააგო მასთან MINI-ის პილოტმა მიკო ჰირვონენმა, ხოლო მესამეზე გავიდა ასევე MINI-ს წევრი ნასერ ალ-ატიია.

სტეფან პეტერანსელმა არ გარისკა და მხოლოდ მე-13 დრო აჩვენა - გამარჯვებულთან შვიდნახევარი წუთი დათმო. ფრანგს სოლიდური მარაგი ჰქონდა, კერძოდ, 40 წუთზე მეტი, ასე რომ, დამაჯერებლად გაიმარჯვა წლევანდელ "დაკარზე". ეს
მე-12 ტრიუმფია ლეგენდარული ფრანგისთვის ამ ავტომარათონზე, აქედან ნახევარი ავტომობილების კლასზე მოდის.

50 წლის ფრანგმა ახალი რეკორდი დაამყარა "დაკარზე" გამარჯვებების რაოდენობით. საინტერესოა, რომ პირველად მან ამ ავტომარათონზე ზუსტად 25 წლის წინათ, 1991 წელს გაიმარჯვა.

გენერალურ კლასიფიკაციაში მეორეზე გავიდა შარშანდელი ჩემპიონი ალ-ატიია. მან პეტერანსელთან 35 წუთი წააგო. მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა "დაკარის" კიდევ ერთი ყოფილი ტრიუმფატორი (2009) ჟინიელ დე ვილიერსი, რომელიც "ტოიოტათი" გამოდიოდა. მეოთხე ადგილი დაიკავა "დაკარის" დებიუტანტმა მიკო ჰირვონენმა.

* * *
მოტოციკლების კლასში ბოლო ეტაპი მოიგო ჩილელმა პაბლო კვინტანილიამ Husqvarna-ს მოტოციკლით. დღის მეორე დრო აჩვენა "ჰონდას" პილოტმა კევინ ბენავიდესმა, მესამე - ელდერ როდრიგესმა "იამაჰათი". KTM-ის ლიდერებმა - ტობი პრაისმა და სტეფან შვიტკომ ეტაპი მხოლოდ მეოთხე და მეხუთე დროით დაასრულეს. მიუხედავად ამისა, სწორედ ისინი აღმოჩნდნენ გენერალური კლასიფიკაციის სათავეში.

ავსტრალიელმა ტობი პრაისმა კარიერაში პირველად მოიგო "დაკარი", სამაგიეროდ, KTM-ის საქარხნო გუნდისთვის ეს იყო ზედიზედ მე-15 ტრიუმფი. პრაისის უპირატესობამ შვიტკოზე 39 წუთი და 41 წამი შეადგინა. მესამე ადგილი დაიკავა კვინტანილიამ, რომელმაც მჭიდრო ბრძოლაში აჯობა როდრიგესსა და ბენავიდესს.

* * *
კვადროციკლების კლასში მესამედ მოიგო "დაკარი" მარკოს პატრონელიმ, ხოლო მისი ძმა - ალეხანდრო მეორე იყო ხუთწუთიანი ჩამორჩენით.

რაც შეეხება სატვირთო ავტომობილების კლასს, ძალიან დამაჯერებლად მოიგო საერთო ჩათვლა IVECO-ს წარმომადგენელმა, ჰოლანდიელმა ჟერარ დე როიმ. მისი უპირატესობა მეორე ადგილზე გასულ კამაზ-ის პილოტთან აირატ მარდეევთან საათი და 10 წუთი იყო. მარდეევი შარშანდელი ჩემპიონი გახლდათ, დე როიმ კი მეორედ გაიმარჯვა "დაკარზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული