დაკარი 2016: ლოებს საინსი მიჰყვა

AutoSharing Option
2016 წლის "დაკარის" მონაწილეებს მორიგი რთული ეტაპი ელოდათ. ფიამბალას უდაბნოს ქვიშები ხშირად შეაქვთ ლეგენდარული ავტომარათონის მარშრუტში და თითქმის ყოველთვის, აქაური ეტაპი გადამწყვეტი ხდება ხოლმე. გამონაკლისი არ ყოფილა მეათე ეტაპი, რომელმაც სერიოზულად იმოქმედა გენერალურ კლასიფიკაციაში არსებულ სიტუაციაზე.

ავტომობილების კლასში მთავარი მოვლენა გახდა "პეჟოს" პილოტის კარლოს საინსის გამოვარდნა. მის მანქანას წინა ღერძი გაუტყდა და ასეთ პირობებში ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. ლეგენდარულმა ესპანელმა ზედიზედ მეოთხე წელია ვერ შეძლო "დაკარის" დასრულება.

მეორე სენსაცია იყო მოქმედი ჩემპიონის ნასერ ალ-ატიიას ამოტრიალება. ყატარელმა შეძლო თავისი MINI-ს ტრასაზე
დაბრუნება, მაგრამ ფინიშზე გამარჯვებულთან 52 წუთი წააგო. ეტაპი კი "დაკარის" 11-გზის ჩემპიონმა სტეფან პეტერანსელმა მოიგო. ლეგენდარული ფრანგი დამაჯერებლად მიიწევს მე-12 გამარჯვებამდე.

მან ეტაპზე თითქმის ექვსი წუთი მოუგო "პეჟოში" თავის თანაგუნდელს სირილ დეპრეს, ხოლო საერთო ჩათვლაში თითქმის ერთ საათს უგებს ალ-ატიიას. გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა ჟინიელ დე ვილიერსმა, მეოთხე კი კვლავაც მიკო ჰირვონენია.

* * *
მოტოციკლების კლასში ყველაზე აქტიური იყო KTM-ის წევრი სტეფან შვიტკო. მეოთხე ეტაპზე განცდილი კრახის შემდეგ, სლოვაკი თანდათან იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს. მან მეათე ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა და საერთო ჩათვლის ლიდერს, KTM-ის კიდევ ერთ წევრს ტობი პრაისს თითქმის ექვსი წუთი მოუგო.

თუმცა გენერალურ კლასიფიკაციაში პრაისი მაინც პირველზეა. შვიტკომ მასთან 23 წუთამდე შეამცირა ჩამორჩენა, მესამე ადგილს კი Husqvarna-ს პილოტი პაბლო კვინტანილია ინარჩუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული