დანი პედროსამ ინტრიგა გააჩინა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ეტაპის გარდა, გასულ უქმეებზე ავტო-მოტოსამყაროში ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მოტოგრანპრიში იაპონიის გრანპრი. 14 ოქტომბრის რბოლის შემდეგ გაგრძელდა გენერალურ კლასიფიკაციაში ხორხე ლორენსოსა და  პედროსას შორის დაპირისპირება.

პოულის მფლობელი ლორენსო იყო, რომელმაც მოახერხა სტარტზე პედროსას შეტევების მოგერიება. კელ კრატჩლოუმ ბენ სპისს გაუსწრო, ტრავმის შემდეგ ჩემპიონატში დაბრუნებული კეისი სტოუნერი კი მეშვიდედან მეხუთე პოზიციაზე გადავიდა. პირველი წრე მრბოლელებმა ასეთი თანმიმდევრობით დაასრულეს: ლორენსო, პედროსა, სპისი, კრატჩლოუ, სტოუნერი, ბაუტისტა, დოვიციოზო, ბრადლი და როსი.

მეორე წრის დასაწყისში სპისმა შეცდომა დაუშვა და ტრასიდან გადავარდა, შტეფან ბრადლმა
კი ანდრეა დოვიციოზოს გაუსწრო და მეექვსე ადგილზე გადავიდა. ერთი წრის შემდეგ ალვარო ბაუტისტამ წარმატებით განახორციელა კონტრშეტევა სტოუნერის წინააღმდეგ. ამასობაში კრატჩლოუ დანებებას არ აპირებდა და სწორედ ის ჩაუდგა სათავეში ლორენსოსა და პედროსას დევნას. თუმცა ეს დუეტი უკვე საკმაოდ შორს იყო წასული და საერთოდაც, იმ დღეს ყველაზე მაღალ ტემპი ჰქონდა.

მალე ლიდერებს შორის ბრძოლაში პოზიციების ცვლილება მოხდა: პედროსამ მოხერხებული მომენტი შეარჩია, ლორენსოს მცირე შეცდომას დაელოდა და პელოტონს ჩაუდგა სათავეში. ამის შემდეგ დანი მშვიდად დაშორდა კონკურენტს და გამარჯვება გაინაღდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი ბაუტისტამ მოიგო, რომელმაც ფინიშამდე ხუთი წრით ადრე გაუსწრო კრატჩლოუს.

უფრო მეტიც, კრატჩლოუმ ბოლო წრეზე მკვეთრად უკლო ტემპს და ტრასა მიატოვა... სტოუნერმა ბოლოსკენ ერთი პოზიცია დათმო და მეხუთე ადგილზე დაასრულა იაპონიის გრანპრი.

14 ოქტომბრის ეტაპის შემდეგ სხვაობა ლორენსოსა და პედროსას შორის 28 ქულამდე შემცირდა.

იაპონიის გრანპრი
1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 24 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +4,275; 3. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +6,752; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +16,397; 5. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +20,566; 6. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +24,567; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +26,072; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +36,724; 9. კაცუიუკი ნაკაგუსა (იაპ, "იამაჰა") - +36,794; 10. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +1.10,729...

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 310 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 282; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 197; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 192; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 144; 6. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 137; 7. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 135; 8. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 125; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 101; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 88...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული