მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრძოლა დაიძაბა, ჩემპიონი ჩამორჩა

AutoSharing Option
ამერიკის ინდიანაპოლისის ტრასამ მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ ეტაპს უმასპინძლა.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათს კვალიფიკაცია "ჰონდათი" მოასპარეზე ესპანელმა დანი პედროსამ მოიგო, სტარტი ყველაზე უკეთ მასპინძელ ბენ სპისს გამოუვიდა: ამერიკელმა მეოთხე პოზიციიდან დაიწყო რბოლა, მაგრამ რამდენიმე მოსახვევის შემდეგ პელოტონის სათავეში მოექცა. შემდეგ მოდიოდნენ - დანი პედროსა, ანდრეა დოვიციოზო და ხორხე ლორენსო.

მეორე წრეზე საერთო ჩათვლის ლიდერმა ლორენსომ დოვიციოზოს წაართვა მესამე ადგილი, პედროსამ კი სპისთან ბრძოლა დაიწყო ლიდერობისთვის.

ესპანელს მეხუთე წრის დასაწყისში გამოუვიდა წარმატებული შეტევა და ამერიკელს ადგილი გაუცვალა. მე-7 წრეზე კი სპისის
მოტოციკლს ბოლი აუვიდა და მასპინძელს ტრასის დატოვება მოუხდა.

აქტიურობდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კეისი სტოუნერი, რომელმაც კვალიფიკაციაში ავარია განიცადა, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებით მაინც შეძლო ტრასაზე გასვლა - ავსტრალიელმა ძალიან სწრაფად გაუსწრო ალვარო ბაუტისტასა და შტეფან ბრადლს და დოვიციოზოს შეუტია.

სტოუნერმა ერთხელ შეძლო იტალიელის გასწრება, მაგრამ დოვიციოზომ დაიბრუნა დაკარგული პოზიცია და საბოლოოდ ისინი მესამე-მეოთხე ადგილებზე მივიდნენ ფინიშთან.

რაც შეეხება პირველი ადგილისთვის ბრძოლას, რბოლის შუაში პედროსამ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა ლორენსოზე და მშვიდად მიიყვანა ეტაპი გამარჯვებამდე.

ამით გენერალურ კლასიფიკაციაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა - ლორენსო მხოლოდ 18 ქულას უგებს პედროსას. ტიტულს, სავარაუდოდ, ეს ორი პილოტი გაითამაშებს, რადგან სტოუნერი უკვე 39 ქულით ჩამორჩა ლიდერს.

აშშ-ის გრანპრი
1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 28 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +10,823; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +17,310; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - +19,803; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +22,556; 6. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +30,072; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +57,614; 8. კარელ აბრაჰამი (ჩეხ, "დუკატი") - +1.08,442; 9. იონი ერნანდესი (კოლ, BQR) - +1.11,106; 10. ალეის ესპარგარო (ესპ, ART) - +1.14,079...

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 225 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 207; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 186; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 137; 5. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 106; 6. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 94; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 92; 8. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 91; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 84; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 66...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული